ქეით მიდლტონი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, უელსის პრინცესას უკიდურეს სიგამხდრეს განიხილავენ და ექსპერტები და გულშემატკივრები შეშფოთებას გამოხატავენ. ქეითმა 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და რემისიაშია. თუმცა, როგორც ჩანს, 43 წლის მიდლტონი დაავადების სერიოზულ შედეგებს კვლავ ებრძვის.
მიდლტონთან დაახლოებული წყაროები მედიაში საუბრობენ, რომ მისი წონა 91 ფუნტამდე ( დაახლოებით, 41 კგ) დაეცა და უკიდურეს სიგამხდრეს ის სამოსითაც ვეღარ ფარავს.
"ქეითი უკიდურესად გამხდარია და ყველა, ვინც მას ხედავს, შეშფოთებულია. ეს იმის ნიშანია, რომ პრინცესა სიმსივნისგან გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ ცდილობს ან უარესი ხდება და რეციდივის წინაშეა. ამბობენ, რომ ის რთულ პერიოდს გადის, მადა არ აქვს და შედეგად წონაში იკლებს. ქეითს ყოველთვის სპორტული ფიგურა ჰქონდა, მაგრამ ახლა ის ამისგან შორსაა." - განუცხადეს RadarOnline-ს ინსაიდერებმა..
მას შემდეგ, რაც ქეითმა განაცხადა, რომ რემისიაში იმყოფება, სამეფო ვალდებულებებს დაუბრუნდა. სხვადასხვა ღონისძიებასა და შეხვედრაში მონაწილეობდა და გულშემატკივრებს ხვდებოდა. მაგრამ, ის ივნისში ასკოტის რბოლებს უნდა დასწრებოდა. სტუმართა შორის მისი სახელი და გვარიც ეწერა, თუმცა, დაწყებამდე 20 წუთით ადრე სიიდან სახელი გაქრა და არც ქეითი გამოჩენილა.
ივლისის დასაწყისში კოლჩესტერის კიბოს ცენტრში ვიზიტის დროს ქეითმა აღიარა, რომ კიბოსგან გამოჯანმრთელება მისთვის ნამდვილად რთული გამოცდილება იყო. პრინცესამ აღნიშნა, რომ ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება ჯერ კიდევ უჭირს.
"მკურნალობის დროს თავს იმხნევებ, სიმამაცეს გამოხატავ, ფიქრობ, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდები, მაგრამ სინამდვილეში შედეგები ძალიან რთულია. ეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას ცვლის, პირველი დიაგნოზის დასმის მომენტიდან თუ მკურნალობის შემდეგ, როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. ახალ გარემოსთან შეგუება გიწევს. ყველაფერი ისე შეუფერხებლად აღარ მიდის, როგორც შეიძლება, წარმოიდგინო." - თქვა ქეითმა.
ბუკინგემის სასახლის ინსაიდერები აცხადებენ, რომ ქეითმა საკმაოდ მძიმე დღეები გადაიტანა. მისი სისუსტე მხოლოდ ქიმიოთერაპიებს არ უკავშირდება. ინსაიდერების თქმით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ქეით მიდლტონმა მადა დაკარგა და მუდმივად გულისრევის შეგრძნება აწუხებდა. წყაროების ცნობით, ავადმყოფობის პიკის დროს პრინცესას მყარი საკვების მიღება არ შეეძლო და სითხეებზე იყო დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისში ქეითს მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც ექიმებმა სიმსივნე აღმოაჩინეს. ქეითმა მკურნალობის ხანგრძლივი კურსი გაიარა და საჯაროდ აღარ ჩნდებოდა.
ახლა ქეით მიდლტონი ცდილობს, დაავადება საბოლოოდ დაამარცხოს. ამ პროცესში კი, როგორც ინსაიდერები ამბობენ, მისი მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერი პრინცი უილიამია. წყაროების ცნობით, უილიამი უფრო ყურადღებიანი გახდა, აღარ ეშინია საჯაროდ გრძნობების გამოხატვის და ახლა ოჯახს მონარქიაზე მაღლა აყენებს.