რა შემთხვევაში უნდა დაითხოვოთ ძიძა - ფსიქოლოგის რჩევები - მშობლები

რა შემთხვევაში უნდა დაითხოვოთ ძიძა - ფსიქოლოგის რჩევები

2015-04-21 18:19:06+04:00

როგორი უნდა იყოს ძიძა და რა არ უნდა გააკეთოთ ძიძის შინიდან გასვლის შემდეგ დაახლოებით 15-20 წლის წინ, ოჯახში ბავშვის აღზრდის პრეროგატივას ხშირ შემთხვევაში ბებია/პაპა კისრულობდა, მშობლებს კი დეკრეტული შვებულების გამოყენება 3 წლის განმავლობაში შეეძლოთ (სწორედ ამ პერიოდშია დედასთან მიჯაჭვულობის მაქსიმუმი), შესაბამისად, გაცილებით ნაკლები იყო ოჯახში ძიძის საჭიროება. რა თქმა უნდა, დედასთან ურთიერთობა ბავშვისთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, მაგრამ ცხოვრების ტემპი დაჩქარდა, მშობლებიც სხვადასხვა პრობლების გამო ვეღარ ინებივრებენ თავს ბავშვთან ყოფნის სიამოვნებით, ამიტომაც აქტუალური გახდა თემა: ვის ვანდოთ ბავშვი გასაზრდელად, უფრო სწორად კი - აღსაზრდელად. დამეთანხმებით, გაზრდა და აღზრდა ერთი და იგივე ფენომენი არ არის.

რას ვუთანხმებთ ძიძას?

ძიძა ოჯახის ახალი წევრია, რომელსაც მთლიანმა ოჯახმა პატივი უნდა სცეს, მას უნდა ანდოთ ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქცია - ბავშვის აღზრდა. საჭიროა თავიდანვე იყოს შეთანხმებული აღზრდის სტილი, წახალისების და დასჯის მეთოდები. ამ ურთიერთობისას მშობელს აქვს პრიორიტეტი, თავად აირჩიოს გარკვეულო ტიპის მეთოდოლოგია, რის შესრულებასაც მოსთხოვს ძიძას.

მნიშვნელოვანია ძიძამ იცოდეს ბავშვის განვითარების სტადიები, უზრუნველყოს ძილის და კვების რეჟიმის დაცვა, თამაშის მეშვეობით მოხდეს მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარება და ა.შ.

მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, არის ბავშვის სიყვარული და ფსიქიკური მდგრადობა, რათა გამოვრიცხოთ ქცევითი და ემოციური დისბალანსი ბავშვთან ურთიერთობისას. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადი წესის სახით შეიძლება ვთქვათ, მაგრამ აუცილებელია, თითოეული პუნქტი საკმაოდ ღრმად გაიშალოს. მაგალითად, რას გულისხმობს მოტორიკა (წვრილი და მსხვილი) და როგორ შეიძლება მისი განითარება ისეთი ელემენტარული ქცევით, როგორიცაა მაგალითად ღილების შეკვრა. რა ფსიქოლოგიური პროცესები მიმდინარეობს (გაუცნობიერებლად) სათამაშო ლაბირინთებში გზის პოვნის დროს და რამდენად მნიშვნელოვანია ასკთან შესაბამისი აქტივობებით დატვირთული დღის რეჟიმის ქონა პატარასთვის. ამ ყველაფრის ცოდნა და შესაბამისად პრაქტიკული გამოყენება, სასურველია როგორც ბიოლოგიური დედისთვის, ასევე ძიძისთვის.

როგორ ვპოულობთ ძიძას

კანდიდატურის შერჩევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერც სააგენტო მოგვცემს უტყუარ გარანტიას და ვერც რეკომენდებული ადამიანი იქნება ჩვენი მოლოდინების იდენტური.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ძიძის შერჩევისას მშობელი იყოს ძალიან ყურადღებით. დააკვირდეს ბავშვისა და პოტენციური ძიძის ურთიერთობას. აუცილებელია თავად დარწმუნდეთ პიროვნების სანდოობასა და კომპეტენტურობაში. მაგალითად, იცის თუ არა, რომ 2.5-3 წლის ასაკში ხდება დამოუკიდებლობის განცდის ჩამოყალიბება და აუცილებელია პატარ-პატარა ინიციატივების წახალისება, რომ აკრძალვა არ უნდა იყოს შიშის მომგვრელი და ა.შ.

ბავშვის დატოვებამდე, აუცილებელია პოტენციურ აღმზრდელთან უშუალო კონტაქტი და პიროვნული გაცნობა. ეს ბავშვისთვისაც სასარგებლო იქნება (დედის თანდასწრებით შეეგუება უცხო ადამიანს) და მშობლისთვისაც (უშუალოდ ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს ძიძისა და ბავშვის ურთიერთობას). ამის შემდეგ კი ძიძის სანდოობის ინდიკატორად გვევლინება თავად ბავშვის ქცევა - ხომ არ არის ზედმეტად გაღიზიანებული, ხომ არ დაერღვა ძილის რეჟიმი, ხომ არ მოემატა შფოთვა. თუ მსგავსი სიმპტომები იჩენს თავს, საჭიროა ძიძის შეცლა.

ხშირია მშობლების მხრიდან დაშვებული შეცდომები ძიძის სამუშაო საათების დასრულების შემდგომ. თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობენ, რომ ბავშვს მთელი დღე უცხო ადამიანთან უწევს კონტაქტი და "დანაშაულის" გამოსყიდვას მაქსიმალური ლოიალურობითა და განებივრებით ცდილობენ, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად მოქმედებს ბავშვზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, მთავარი არ არის ბავშვთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, მთავარია ერთად გატარებული დროის ხარისხი, ამასთან მნიშვნელოვანია მშობელმა ყურადღება ადევნოს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, განვითარებას (შეესაბამისება თუ არა ბავშვის განვითარება ასაკს) - ამისთვის საჭიროა აღზრდაზე პასუხისმგებლობა არ გადავაბაროთ მთლიანად ძიძას.

კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ასევე იხილეთ:

mshoblebi

როგორ უნდა აირჩიოთ ძიძა და რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად