რომელ სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლა - დეტალები და პროცედურები - მშობლები

რომელ სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლა - დეტალები და პროცედურები

2025-08-06 10:28:17+04:00

2025 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან დასახელმწიფო მათი სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსდასამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდებზე:

გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს შემდეგ კატეგორიაში გაერთიანებულ სტუდენტებს:

  1. მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
  2. სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  3. ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
  4. ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
  5. მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
  6. სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
  7. სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
  8. აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  9. სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  10. სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
  11. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
  12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  13. აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
  14. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.
  15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები.
  16. პირები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული "ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა‘‘ პროგრამის, "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით‘‘ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდები‘‘.

ჯერჯერობით თარიღებისა და წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე წინა წლის მონაცემები იძებნება. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, დეტალური ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220

თბილისის მერიის დაფინანსების პროგრამა

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას 2025-2026 სასწავლო წელსაც გააგრძელებს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000ზე და "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან" ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

დაფინანსების მოცულობა ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს, წლიურად არაუმეტეს 2250 ლარს.

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით, ხოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით, იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს:

  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები.
  • 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არ აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები ან 150 000-ის ტოლი.
  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის.

პირველი სემესტრის სტუდენტები იღებენ სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%-იან დაფინანსებას.

გარდა ამისა, თბილისის მერია აფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახის წევრებსა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, შემოდგომის სემესტრისთვის დაფინანსების მოპოვებაზე რეგისტრაცია სექტემბრის დასაწყისში დაიწყება. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ვადებისა და პროცედურების შესახებ თბილისის მერიის ვებგვერდზე წინასწარ გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი