"დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო:
რეჟიმის ტყვე, ზვიად რატიანი, აგვისტოს ომის მონაწილეა. მაშინ ის "ჯეოსელის" მთავარი ინჟინერი იყო. როცა გორში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მუფტები ფეთქდებოდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთთან კავშირს კარგავდა. მთელი ქართული კავშირგაბმელობიდან 2 კაცი დასთანხმდა ფრონტზე მუშაობას: ზვიადი და კომპანია "ჰოფნეტის" ერთი თანამშრომელი.
მთელი ომის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ სძინებია, რომ ვურეკავდით, აფეთქებების ხმა ისმოდა, ერთხელ, ეტყობა, ბევრი მომივიდა რეკვა და მითხრა, ან სიცოცხლე მაცალე, ან - სიკვდილიო.
მერე რომ ვკითხე, ამდენი როგორ გაქაჩე-მეთქი, რას ამბობ, ასე საჭირო ქვეყნისთვის არასდროს ვყოფილვარო, მიპასუხა.
იმ ავბედით დღეებში ოჯახის წევრებს თუ უკავშირდებოდი, ჯარისკაცების ამბებს თუ იგებდი, ტელევიზორს თუ უყურებდი, იცოდე, ზვიად რატიანის დამსახურებით იყო.
ის ამაზე არასდროს არ ლაპარაკობს (ყოველ შემთხვევაში, არ ლაპარაკობდა, სანამ ერთად ვიყავით ).
ერთადერთხელ იტირა მთვრალმა, ქართველ ცხედრებზე გადმოვდიოდი და იმის საშუალება არ მქონდა, ერთი ცხედარი ჭირისუფლისთვის წამომეღოო!
მაშინ საერთაშორისო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი, ტყვიების ქვეშ აღდგენდა კავშირს. ერთი ავსტრიელი მილიონერი დაგვიკავშირდა (ის ქალი ყოველ წელს 2 მილიონ ევროს ლიტერატურულ ფესტივალში დებს ), ჩამოდით, სახლს, კარს, სამსახურებს, ყველაფერს უზრუნველვყოფო.
რა თქმა უნდა, არ წავედით".