"მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ, არავინ მყავდა, ვინც წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა... დედამ სწორი ღირებულებები ჩამომიყალიბა და ვცდილობ, ჩემს ქალიშვილსაც გადავცე" - ირინა შეიკი - მშობლები

"მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ, არავინ მყავდა, ვინც წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა... დედამ სწორი ღირებულებები ჩამომიყალიბა და ვცდილობ, ჩემს ქალიშვილსაც გადავცე" - ირინა შეიკი

2025-08-08 11:28:33+04:00

39 წლის ირინა შეიკი ჟურნალ Vogue-ის ბრაზილიური ვერსიის ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა. სუპერმოდელი პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, ასევე ფოტოსესიაში Balenciaga-ს, Dolce & Gabbana-ს და Christian Cowan-ის ლუქებით მიიღო მონაწილეობა. ირინა შეიკმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა და გარეგნობის კრიტიკაზე, ეიჯიზმზე და საკუთარ ქალიშვილზე, ლეაზე ისაუბრა.

irina-sheiki-5-1754638629.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ირინა შეიკი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელია, კარიერის დასაწყისში მას არაერთი სირთულე შეხვდა. ირინა სამოდელო ინდუსტრიაში 19 წლის ასაკში მოხვდა, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ითვლებოდა, რომ ეს უკვე დაგვიანებული იყო. მაშინ, სამოდელო კარიერას გოგონები 14-16 წლის ასაკში იწყებდნენ. ირინა შეიკი აგენტმა კოსმეტოლოგთან აღმოაჩინა. მაშინ ის ჩელიაბინსკის რეგიონში ცხოვრობდა.

"გარკვეულწილად ეს უპირატესობა იყო. მე მათზე, ვინც კარიერას მაშინ იწყებდა, უფროსი ვიყავი და ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდი. მდიდარ, ცნობილ ოჯახში არ გავზრდილვარ. ამიტომ, არავინ მყავდა, ვინც წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა." - თქვა ირინა შეიკმა.

irina-sheiki-2-1754638645.jpg

"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მოდის სამყარო ჩემი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან ნაწილად გადაიქცეოდა. გავიზარდე რუსეთის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელში, სახელად ემანჟელინსკი, და იქ მოდის ჟურნალებიც კი არ არსებობდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა სახის სამუშაო იყო ეს. როდესაც შემამჩნიეს, გადაწყვეტილების მისაღებად და პარიზში გადასასვლელად თითქმის ერთი წელი დამჭირდა." - იხსენებს მოდელი.

როდესაც ირინა საფრანგეთში ჩავიდა, მან ინგლისურიც არ იცოდა და ცხოვრობდა იმ ბინაში, რომელიც სამოდელო სააგენტომ მისთვის იქირავა. როგორც მოდელი იხსენებს, თავიდან მას დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ მისი მოხდენილი ფიგურა "ძალიან კომერციულად" ითვლებოდა და რაღაცები უნდა შეეცვალა...

irina-sheiki-3-1754638659.jpg

თუმცა, კრიტიკას ირინა შეიკისათვის ხელი არ შეუშლია. 2007 წელს ის Intimissimi-ის საცვლების ბრენდის სახე გახდა, ოთხი წლის შემდეგ კი პირველი რუსი მოდელი გახდა, რომელმაც Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა. 2013 წელს მან Givenchy-ს მოდის სახლის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის კრეატიული დირექტორი იმ დროს რიკარდო ტიში იყო. რიკარდო ტიში ახლა შეიკის ახლო მეგობარია.

"ძალიან ვნერვიულობდი, რადგან დიდ ჩვენებებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. მაგრამ ასევე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ წარმატებას მივაღწიე." - ამბობს შეიკი.

irina-sheiki-7-1754638695.jpg

ირინა შეიკი ამბობს, რომ შრომისმოყვარეობა და თავდაჯერებულობა დედისა და ბებიისგან ისწავლა და ახლა ამ თვისებების გადაცემას ქალიშვილისთვის, ლეასთვის აპირებს. ირინა შეიკს ბრედლი კუპერისაგან 8 წლის გოგონა ჰყავს.

irina-sheiki-4-1754638679.jpg

"ძლიერი ქალების გარემოცვაში გავიზარდე. ჩემი ბებია, მამის მხრიდან, მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო და ყველაზე კეთილი, ყველაზე პოზიტიური ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. დედაჩემი ყოველთვის თავდაჯერებული და მოღიმარი ქალი იყო, რთულ პერიოდებშიც კი, როდესაც ოჯახის სარჩენად ორ სამსახურში მუშაობა უწევდა. მან სწორი ღირებულებები ჩამომიყალიბა და ვცდილობ, ჩემს ქალიშვილსაც გადავცე." - ამბობს ირინა შეიკი.

irina-sheiki-6-1754638710.jpg

მოდელი აღნიშნავს, რომ ასაკის მატება თავდაჯერებულობას მატებს.

"როდესაც დავიწყე, მოდა ძირითადად ძალიან ახალგაზრდა გოგონებისთვის იყო განკუთვნილი და მკაცრი სტანდარტები არსებობდა. ახლა ის უფრო მეტად ინდივიდუალიზმზეა ორიენტირებული და ნებისმიერი ასაკისა და ფორმის სილამაზეს აღნიშნავს. ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ სიმწიფეს უნიკალური თავდაჯერებულობა მოაქვს. ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერა ახლა იწყება." - აღნიშნავს ირინა შეიკი.

irina-sheiki-10-1754638724.jpg

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან 2019 წლამდე ირინა შეიკი ბრედლი კუპერს ხვდებოდა, ხოლო 2017 წელს პირველად გახდა დედა. დაშორების შემდეგ წყვილმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა და შვილს ერთად ზრდიან. ბრედლი კუპერთან ურთიერთობამდე, ირინა ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა.