"ბრძოლაში სიკვდილი ჰქონდა გადაწყვეტილი... შვიდიდან თერთმეტ აგვისტომდე იარაღი ხელიდან არ გაუგდია, ვეფხვივით იბრძოლა ჩემმა ბიჭმა" - ინტერვიუ შინდისის გმირის მამასთან - მშობლები

"ბრძოლაში სიკვდილი ჰქონდა გადაწყვეტილი... შვიდიდან თერთმეტ აგვისტომდე იარაღი ხელიდან არ გაუგდია, ვეფხვივით იბრძოლა ჩემმა ბიჭმა" - ინტერვიუ შინდისის გმირის მამასთან

2025-08-08 13:57:13+04:00

ბრძოლის ველი - ჩვიდმეტამდე მძიმედ დაჭრილი და დახოცილი ქართველი ჯარისკაცი, მათ შორის ერთადერთ საღ-სალამათი მებრძოლს მუხლებზე ჰყავს დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლი, მის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და რეკავს - "მიპასუხე, მამაო, მიპასუხე, არ გადის ეს ოხერი..." - ამბობს, მობილურს ჰაერში ისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, "ლიმონკა" მაქვს, თავს ავიფეთქებთ, ეს თვითმკვლელობა არ იქნება! დაჭრილი მებრძოლი მეგობარს სთხოვს, ეს გააკეთოს, რადგან ჯერ კიდევ შეუძლია თავის დაღწევა. წადი, მე მაინც არაფერი მეშველება, შენ უნდა გადარჩე - ამბობს მისუსტებული ხმით, მეგობრის ხელებში მოქცეული ჯარისკაცი. პასუხად მეგობარი მას გულში მაგრად იკრავს და „მამაო ჩვენოს“ კითხულობს... ლოცვის დასრულებას მცირე პაუზა და აფეთქების ხმა მოჰყვა.

  • ეს ფილმის სცენარი არ არის, ეს ამბავი 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან მოხდა - სენაკის მეორე ბრიგადის ჯარისკაცმა, ალეკო ონიანმა, რომელსაც გულში მძიმედ დაჭრილი თანამებრძოლი და ნათლული ჰყავდა ჩახუტებული თავი აიფეთქა.

სწორედ ამ ბიჭების შესახებ უამბო რუსმა ჯარისკაცმა - საშა დროზდოვმა ქართველ ჟურნალისტს ნინო ბურჭულაძეს გამაოგნებელი ამბავი:

"გასასვლელთან მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო, ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულებიც ჰყავდათ და დაჭრილებიც, ესენი ვინ არიანო, ყვიროდა ჩვენი მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ, უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა, თავისი ტექნიკით. მოკლედ, 2 ჯავშანმანქანა, 1 ტანკი გვყავდა და სამოცი ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ 17 ქართველი გვებრძოდა! აღარავინ გადარჩენილა. ერთს ხელში „ლიმონკა“ შერჩენოდა, ეტყობა, სროლა ვერ მოასწრო. ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა მათ ცხედრებთან. აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა მაშინო... მივხვდი, ჩეჩნეთი გაახსენდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია, ისე ჩაჯდა მანქანაში და ცხინვალში დავბრუნდით“.

დღეს ჩვენ ამ ბიჭებს შინდისელი გმირების სახელით ვიცნობთ.

"ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", "ერთი ყუმბარა Გგვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატარებს" - ეს არის ფრაზები ლექსებიდან, რომლის ავტორი მიშა დვალიშვილია - "შინდისელი ბიჭებიდან" ერთ-ერთი. პატარა ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი მისი ლექსები მშობლებმა - დავით და მედიკო დვალიშვილებმა 17 წლის წინ რედაქციაში მომიტანეს... მაშინ 21 წლის იყო მიხეილ დვალიშვილი. როგორც მშობლებმა მითხრეს, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა, ისევე როგორც ალექსანდრე ონიანს, რუსლან წულაძეს, ზვიად კაცაძეს, ილია გაბუნიას, რომან ზოიძეს, კახა კოშაძეს, ემზარ წილოსანს, ილია შეყლაშვილს, თემურ ბერიძეს, ფელიქს კაკაურიძესა და ვეფხვია ჯიშკარიანს. გმირად დაბადებულ ბიჭებს მშობლებიც რომ გმირები ჰყავთ ამაში ბატონ დავით დვალიშვილთან საუბრისას დარწმუნდებით, ჩვენ მას 17 წლის შემდეგ პირველად შევეხმიანეთ და იმ ავბედითი დღის გახსენება ვთხოვეთ.

დავით დვალიშვილი:

- 2008 წლის იმ ავბედითი დღიდან დღემდე 17 წელი გავიდა, მაგრამ ისევ ძველებურ ტკივილს განვიცდი ამ თარიღის მოახლოებისას. რამდენი ვაჟკაცი წაგვართვა მტარვალმა პუტინმა. ახლაც უკრაინაში რამდენი ქართველი იღუპება. ამას ძალიან განვიცდი, ყოველთვის, როდესაც გავიგებ, რომ უკრაინაში კიდე ერთი ქართველი დაეცა, ჩემი მიშიკო მახსენდება. რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი, რისთვის სპობს დამპალი რუსული იმპერია ამდენი ადამიანის სიცოცხლეს, რა არ ჰყოფნის - მიწა თუ ჰაერი? დიდება უფალს, საქართველოს ჰყავდა და ეყოლება ვაჟკაცები... განაგრძეთ კითხვა