თანამედროვე პედიატრების რჩევები, რომლებსაც ბებიები აღშფოთებულნი აპროტესტებენ - მშობლები

თანამედროვე პედიატრების რჩევები, რომლებსაც ბებიები აღშფოთებულნი აპროტესტებენ

2025-08-10 09:46:33+04:00

ბევრს გვახსენდება ბებიების რჩევები, რომლებიც გულმოდგინედ გვასწავლიდნენ, რა უნდა გვეჭამა, რა დროს დაგვეძინა და როგორ უნდა გვემკურნალა სახლის პირობებში. თუმცა, თანამედროვე მედიცინა და უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ამ რჩევებიდან ბევრს მითად და ტრადიციად მიიჩნევს, რომელსაც სამეცნიერო საფუძველი არ აქვს.

გთავაზობთ ექიმ კომაროვსკის მიერ გაქარწყლებულ რამდენიმე მითს.

ბევრ ქვეყანაში წვნიანის ყოველდღიური ჭამა საერთოდ არ არის მიღებული, თუმცა ჩვენს ბებიებს სჯერათ, რომ ცხელი და თხევადი კერძი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. კომაროვსკი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ოჯახური ტრადიციის და კომფორტის საკითხია, ხოლო სამედიცინო თვალსაზრისით წვნიანი სავალდებულო არ არის.

სხვადასხვა სეზონზე ბებიები ბავშვებს ხშირად უსვამენ და ჯიბეში უდებენ ნიორს, რომ ვირუსებისგან დაიცვან, მაგრამ ექიმის თქმით, ეს არაფერს ცვლის — არც ხახვი, არც ნიორი და არც მათი სუნი ვირუსებს გავრცელებას ვერ აჩერებს.

მოგონებად რჩება გაფრთხილებაც, რომ სიბნელეში კითხვა ან ტელევიზორთან ახლოს ჯდომა თვალებს აზიანებს. კომაროვსკი განმარტავს, რომ ასეთ დროს თვალები მხოლოდ უფრო მალე იღლება, მაგრამ მხედველობა არ ფუჭდება.

ჩვილ ბავშვებს ბებიები ტრადიციულად მჭიდროდ ახვევდნენ, რათა მოძრაობა შეეზღუდათ და მშვიდად დაეძინათ. ექიმი აღნიშნავს, რომ ეს ბუნებრივი პროცესი არ არის და თავისუფალი ტანსაცმელი ბევრად უფრო ფიზიოლოგიურია, თუმცა ფინანსური მოსაზრებებით გადახვევა ხშირად უფრო ხელმისაწვდომია.

ერთწლიანი ბავშვის თავის გადაპარსვის ტრადიციას კომაროვსკი სამეცნიერო საფუძველს ვერ უძებნის — თმის სიძლიერე და ზრდა ამას არ უკავშირდება.

ასევე არასწორია შიში, რომ ბავშვს ქოთანზე დიდხანს ჯდომა ზიანს მიაყენებს. თუ პრობლემა არის, ეს უფრო ყაბზობას უკავშირდება და მკურნალობა სჭირდება და არა ქოთნიდან სწრაფად წამოყენება.

ბებიების მუდმივი სურვილი, ბავშვმა ბევრი ჭამოს, ხშირად უარყოფით შედეგებს იწვევს — საჭმლის მონელება ირღვევა და ვითარდება დისკომფორტი.

რაც შეეხება ძილის რეჟიმს, კომაროვსკი ამბობს, რომ მთავარი არა დაძინების საათი არამედ ძილის ხარისხი და ხანგრძლივობაა, რათა ბავშვი დილით დასვენებული და კარგ ხასიათზე იყოს.

ქუდი და შარფი, მისი თქმით, მხოლოდ მაშინ უნდა ატაროს ბავშვმა, როცა მას კომფორტისათვის სჭირდება, და არა უბრალოდ სეზონის გამო. ცივი ჰაერის შესუნთქვის თავიდან ასაცილებლად შარფით ცხვირის დაფარვა კი საჭირო არ არის — თუ ბავშვი ცხვირით სუნთქავს, ის თავად ახერხებს ჰაერის გათბობას.