40 წლის კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ ხელი სთხოვა: თავის Instagram-ზე ჯორჯინამ გამოაქვეყნა ფოტო - არათითზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა. წყვილი 2016 წლიდან ურთიერთობაშია და ერთად ზრდის ორ ქალიშვილს: შვიდი წლის ალანას და ორი წლის ბელას. 31 წლის მოდელი ასევე ფეხბურთელის სამი უფროსი შვილის (მისი 15 წლის ვაჟის, წინა ურთიერთობიდან, ასევე რვა წლის ტყუპების - ევასა და მატეოს, რომლებიც სუროგატი დედისგან გაჩნდნენ) დედობილია. ცოტა ხნის წინ რონალდუმ ჟურნალისტებთან აღიარა, რომ სურს შვილების დედისთვის ხელის თხოვნა, მაგრამ შინაგან „ბიძგს“ ელოდება. როგორც ჩანს, ეს ბიძგიც იყო.
კრიშტიანუმ ჯორჯინა როდრიგესისთვის ნაჩუქარ ნიშნობის ბეჭედში 2.5-დან 5 მილიონ დოლარამდე გადაიხადა. „რონალდუს ბეჭედი არაჩვეულებრივი სამკაულია, რომელიც ოვალური ჭრილის ბრილიანტს ჰგავს, რომლის წონა 15-დან 20 კარატამდეა. ოვალური კვეთა ცნობილია თავისი ბრწყინვალე წახნაგით, რაც აძლიერებს ბზინვარებას და ქვას ყველა კუთხიდან ენერგიულს და ცოცხალს ხდის. ცენტრალურ ქვას დიდი ბრილიანტები აკრავს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას მატებენ და ისედაც შთამბეჭდავ ძირითად ქვას უფრო ადიდებენ. ეს განსაცვიფრებელი ბეჭედია, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, რაც წლების განმავლობაში გვინახავს“, - ციტირებს დასავლური პრესა იუველირის ლორა ტეილორის სიტყვებს.
თუმცა, ინტერნეტსივრცეში არ დააფასეს რონალდუს გემოვნება. კომენტარებში წერენ, რომ სამკაული ვულგარულად გამოიყურება. „ის ნამდვილად ვულგარულად გამოიყურება...“, „გემოვნებას ვერ იყიდი“, „ისე გამოიყურება, თითქოს საშობაო ნამცხვრიდან ამოიღეს“, - წერენ ადამიანები. ფაქტია, წყვილს ეს არ აღელვებს და ჯორჯინაც ძალიან ბედნიერია, რომ საყვარელ მამაკაცს საკურთხეველთან მიიყვანს.
იმოჯენ ტომასი, კარინა ფერო, მერჩე რომერო, სორაია ჩავესი, მია იუდაკენი, გემა ატკინსონი, ლუჩანა აბრეუ, მირელა გრიზალესი, ირინა შეიკი - ჯორჯინა როდრიგესამდე რონალდო ნამდვილ დონ ჟუანად იყო ცნობილი. ბევრი ოცნებობდა ლეგენდარულ ფეხბურთელთან ერთად ქორწინებაზე, მაგრამ მხოლოდ მან, გოგონამ, რომელიც სპორტსმენმა Gucci-ს ბუტიკში გაიცნო, მოახერხა ამის გაკეთება.
შეყვარებულები დიდი ხანია ერთად არიან - მათი ურთიერთობა პირველად 2016 წელს გამჟღავნდა. მას შემდეგ ორივეს ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ჯორჯინა მაღაზიის კონსულტანტიდან ინფლუენსერად და წითელი ხალიჩის ვარსკვლავად გადაიქცა. როდრიგესი არაერთხელ ბრწყინავდა კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე და მოდის კვირეულების გმირი გახდა. გარდა ამისა, მან Netflix-ზე გამოუშვა სერიალი „მე ვარ ჯორჯინა“, ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Gucci, Prada და Chanel, მოგვიანებით კი საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა.
თუმცა, აქტიური სოციალური ცხოვრების მიუხედავად, გოგონამ არაერთხელ აღიარა, რომ მისი სამყაროს ცენტრი მისი ოჯახია და კრიშტიანუ ამაში მხარს უჭერს მას. რონალდომ ინტერვიუებში არაერთხელ თქვა, რომ ჯორჯინა მას მოედნის გარეთ სიმშვიდისა და მოტივაციის შენარჩუნებაში ეხმარება. ფეხბურთელის თქმით, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ მის პირად ცხოვრებაში, არამედ სპორტულ კარიერაშიც.
რაც შეეხება თავად რონალდუს, მისთვის ოჯახთან ერთად პრიორიტეტია კარიერა და ჯანმრთელობის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ამიტომაა, რომ 40 წლის ასაკში კვლავ მოედანზე ბრწყინავს, ახალგაზრდების გვერდით.
ხანდახან სპორტსმენებსაც კი შეუძლიათ კარტოფილი ფრის ყიდვა და ვარჯიშის გამოტოვება, მაგრამ კრიშტიანუს არა. მისი ცხოვრება დიდი მიზნის გამო ერთი დიდი შეზღუდვაა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2026 წლის ივლის-აგვისტოში, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. მონაწილე გუნდებს შორის იქნება პორტუგალიის ნაკრები და კრიშტიანუ რონალდუ კვლავ თამაშს ელის.უფრო მეტიც, ის არ გეგმავს მხოლოდ რამდენიმე მატჩში რამდენიმე წუთით გამოჩენას, არამედ სურს, რომ მთავარ გუნდს შეუერთდეს და გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანოს. იმ დროს პორტუგალიელი უკვე 41 წლის იქნება, ხოლო პროფესიული სპორტის სამყაროსთვის ეს თითქმის რეკორდია. რა თქმა უნდა, მოქმედ ფეხბურთელებს შორის არიან ხანდაზმულებიც: მაგალითად, ურუგვაელი რობერტ კარმონა 63 წლისაა და ის კვლავ თამაშობს, მაგრამ არა ასეთ მაღალ დონეზე. რონალდოსაც აქვს აუხდენელი ამბიციები და სურს თავისი ოცნებების ასრულება და არა მხოლოდ სურს, არამედ შეუძლია კიდეც.
კრიშტიანუ რონალდუმ ბავშვობაშივე გაიგო, რომ სპორტი არც იმდენად ნიჭია, რამდენადაც რკინის დისციპლინა. მან ვარჯიში 8 წლის ასაკში დაიწყო და თითქმის მაშინვე მიიღო მეტსახელი „პატარა ფუტკარი“ მენტორებისგან - სიჩქარისა და წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობის გამო. ის ანდორინიას აკადემიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც მამამისმა იქ ადმინისტრატორად დაიწყო მუშაობა და მას უფროსი ასაკის ბიჭებთან თავის დამტკიცება სჭირდებოდა. 15 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა სპორტინგთან, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა გუნდში - და გოლი გაიტანა. ასე დაიწყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელის კარიერა. და მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ ახლა საუდის არაბეთში, ალ-ნასრში თამაშობს, ეს არ ნიშნავს, რომ ის თავს მოდუნების უფლებას აძლევს. მისი ცხოვრება ყველაზე მკაცრ რეჟიმს ექვემდებარება, მაგრამ საყვარელი თამაშის გამო მზადაა ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს.
ყველა ექიმი ერთხმად ამბობს, რომ ყველაზე სერიოზული დაავადებების პრევენციაც კი გაცილებით ადვილია, ვიდრე მკურნალობა, ამიტომ კრიშტიანუ არ ელოდება, სანამ რამე შეაწუხებს, რეგულარულად სტუმრობს ექიმებს. ყოველთვიურად სისხლს აბარებს მინერალებისა და ვიტამინების დონის გასაკონტროლებლად, ასევე - ლეიკოციტების, რომლებიც ფარული ანთების სიგნალს იძლევა. თუ ორგანიზმში რაიმე დეფიციტია, ფეხბურთელი დაუყოვნებლივ ავსებს მათ, რადგან, მაგალითად, მაგნიუმის ნაკლებობა არის დაღლილობისა და კრუნჩხვების მიზეზი.
თუ ზოგიერთი სპორტსმენი ხანდახან ატარებს საღამოს ჩიფსების შეკვრასთან ან აღნიშნავს გამარჯვებას შამპანურის ჭიქით, კრიშტიანუ რონალდუ არ აძლევს საკუთარ თავს ასეთი სისუსტეების უფლებას. ის მიირთმევს ექსკლუზიურად ჯანსაღ საკვებს და ჩვენ არ ვსაუბრობთ დიეტებზე. ფეხბურთელის მაგიდაზე კერძები უნდა იყოს დაბალანსებული და ნოყიერი - ხორცი, ქათამი, თევზი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები და ა.შ. ტრანსცხიმები და გადამუშავებული საკვები მკაცრად აკრძალულია.
ფეხბურთელის დღიური რაციონი 3000 კალორიაა, დაყოფილი 6 კვებაზე. კრიშტიანუს ყველა კერძი მზადდება ღუმელში ან ორთქლზე, ასევე ის კრძალავს ყველა სოუსს. ჩვეულებრივ მიირთმევს ბოსტნეულის სმუზის, რომელიც შეიცავს ცილებს. მისი საყვარელი კერძია პორტუგალიური ბაკალაუ. ეს არის ვირთევზა მომზადებული კარტოფილით, კვერცხით, დიდი რაოდენობით ხახვითა და ზეთისხილით.
ფეხბურთელს ასევე სურს შაქრის სრულად ამოღება რაციონიდან, მაგრამ რადგან ის ბევრ პროდუქტშია, ეს არარეალურია. თუმცა, კრიშტიანუმ მრავალი წლის წინ უარი თქვა ტკბილ სასმელებზე და ძირითადად წყალს სვამს - დღეში 3-4 ლიტრს, რადგან ვარჯიშის დროს ბევრ სითხეს კარგავს.
კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრება მკაცრი ყოველდღიური რუტინაა. შაბათ-კვირას და შვებულებაშიც კი, ერთსა და იმავე დროს დგება და იძინებს და ყოველთვის გრილ ოთახში სძინავს. პროფესიონალთა გუნდი აკონტროლებს მის ვარჯიშის რეჟიმს, თავად ფეხბურთელი კი დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. ყოველდღე მედიტირებს სტრესის შესამცირებლად და ემოციების კონტროლისთვის. ყველა პროფესიონალი სპორტსმენი მნიშვნელოვანი მატჩების წინ უნდა გაუმკლავდეს შფოთვას.
ასევე რეგულარულად დადის მასაჟზე, საუნასა და საცურაო აუზზე. მისი სხეულის ცხიმი მხოლოდ 7%-ია, ხოლო კუნთოვანი მასა - 50%. ყველა პარამეტრით, ფეხბურთელს 23 წლის ახალგაზრდის სხეული აქვს და ის თითქმის ორჯერ უფროსია! ფეხბურთელის კიდევ ერთი საიდუმლო პირადი კრიოკამერაა, რომელიც მან 50 ათას ევროდ შეიძინა. ის შექმნილია უკიდურესად დაბალი ტემპერატურისთვის, -50-დან, და ხელს უწყობს უფრო სწრაფად აღდგენას.
კრიშტიანუ რონალდუ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ დოლარს ხარჯავს საკუთარი ჯანმრთელობისთვის, რაც მისთვის დიდი თანხა არ არის, რადგან უმდიდრესი სპორტსმენია. ამ თანხის უმეტესი ნაწილი ექიმებისა და მწვრთნელების გუნდის ხელფასებზე მიდის - ექიმები, ნუტრიციოლოგები, მასაჟისტები...