"ჩემი 12 წლის შვილი ერთი წელია, სიმაღლეში არ გაზრდილა, მეორემ კი მხოლოდ ერთი სანტიმეტრი მოიმატა. რომელ ექიმს უნდა მივმართო?" - როგორ შევამოწმოთ ბავშვის ზრდის ტემპი - მშობლები

"ჩემი 12 წლის შვილი ერთი წელია, სიმაღლეში არ გაზრდილა, მეორემ კი მხოლოდ ერთი სანტიმეტრი მოიმატა. რომელ ექიმს უნდა მივმართო?" - როგორ შევამოწმოთ ბავშვის ზრდის ტემპი

2025-08-13 11:03:18+04:00

„მყავს ორი ვაჟი — 12 და 10 წლის. უმცროსი 140 სმ სიმაღლისაა და წელიწადში მხოლოდ 1 სანტიმეტრით გაიზარდა. უფროსი 146 სმ-ია, კლასში ყველაზე დაბალია და ერთი წელია საერთოდ არ გაზრდილა. ეს ნორმალური მოვლენაა თუ ექიმს მივმართო?“ - ეს შეკითხვა სოციალური ქსელის საშუალებით მოგვწერეს. ვფიქრობთ, მასზე პასუხი ბევრ მშობელს დააინტერესებს.

ბავშვის სიმაღლის შეფასებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რა სიმაღლის არიან მშობლები და რა ტემპით იზრდებოდა ბავშვი წარსულში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სქესობრივი მომწიფების ეტაპი, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს ზრდაზე.

სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე ხშირად აღინიშნება ზრდის შეფერხება, ხოლო პუბერტატის პერიოდში „ზრდის ნახტომი“, ანუ მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ზრდის ტემპზე ასევე შეიძლება იმოქმედოს მძიმე ინფექციებმა, კუჭ-ნაწლავის სერიოზულმა პრობლემებმა და სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობებმა.

დასახელებულ შემთხვევაში, 10 წლის ბავშვისთვის 140 სმ საშუალო ნორმაშია და სავარაუდოდ საქმე გვაქვს პუბერტატამდე ზრდის მცირე შენელებასთან. 12 წლის ბავშვისთვის 146 სმ-იც ნორმის ფარგლებშია, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვედა ზღვარს უახლოვდება. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების სიმაღლე — თუ ისინი მაღალნი არიან, მაგრამ ბავშვის სიმაღლე დაბალია და ზრდის ტემპიც ნელია, ეს შეიძლება დამატებითი გამოკვლევის მიზეზი გახდეს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ბიჭები ხშირად გვიან იწყებენ ზრდას და ზოგი თანატოლებს ჩამორჩება მხოლოდ იმიტომ, რომ სქესობრივი მომწიფება მოგვიანებით დაიწყო.

საერთო ჯამში, ბავშვები შესაძლოა ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ თუ ერთ წელიწადში ზრდა საერთოდ არ ჰქონდათ, სასურველია ორივე ბავშვი ბავშვთა ენდოკრინოლოგს აჩვენოთ. სპეციალისტი სწორად გაზომავს სიმაღლეს, შეაფასებს სხეულის პროპორციებს და სქესობრივი განვითარების ეტაპს, რის შემდეგაც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დამატებითი კვლევა და ჩარევა.

რომელ ასაკამდე გრძელდება სიმაღლეში ზრდა გოგონებსა და ვაჟებში და რა შედეგი აქვს ჭარხლისა თუ სხვა ვიტამინების მიღებას