"ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს და არც ბახმაროში იწმინდება სისხლის ფორმულა... ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს. სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით..." - მაია ბუწაშვილი - მშობლები

"ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს და არც ბახმაროში იწმინდება სისხლის ფორმულა... ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს. სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით..." - მაია ბუწაშვილი

2025-08-15 10:17:48+04:00

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ხშირად აქვეყნებს პოსტებს სოციალურ ქსელში და ხადახან მისი მცდელობები, მითები დაამსხვრიოს, კრიტიკის ობიექტი ხდება. ამჯერად აჟიოტაჟი ერთ პატარა სტატუსს მოჰყვა:

"ადამიანებისგან რაღაცეები რომ მიკვირს, მერე მახსენდება, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ზოგიერთებს ჯერ კიდევ სჯერათ, ბახმაროში 21 დღეს თუ იქნები, “სისხლის ფორმულა გაიწმინდება”. აი, ამაზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა?"
აჟიოტაჟს ინფექციონისტი უფრო ვრცელი პოსტით გამოეხმაურა:
"მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება (კახი კავსაძის ხმით).
ხან ნაცი მიძახეს, ხან არაპატრიოტი, ბახმაროს როგორ შეეხეო, და რა ვიცი, აშკარად ვიღაცეებს ეროვნული ღირსება შეელახათ..
ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი - ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს. ბაკურიანში ნამყოფებს და არანამყოფებს ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ.
ვისაც წაკითხულის გააზრება გაუჭირდა, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა (O2) სხვადასხვა დასახლებაში სხვადასხვანაირი ვერ იქნება. ჩვეულებრივ სოფლებშიც იგივე ჰაერია.
ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს.
სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით და მთელი წლის ნანატრი შვებულება ჩაუშხამდებათ ხოლმე. ამის მეტს რას ვუყურებ, ჩემი პროფესიაა".
თეკლა ჟვანია