ალა პუგაჩოვამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის განაცხადა და პირადი დაცვა გააძლიერა - რას უფრთხის პრიმადონა - მშობლები

ალა პუგაჩოვამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის განაცხადა და პირადი დაცვა გააძლიერა - რას უფრთხის პრიმადონა

2025-08-15 14:17:20+04:00

76 წლის ალა პუგაჩოვამ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც ბევრმა რუსეთთან საბოლოო კავშირის გაწყვეტა უწოდა. როგორც გაირკვა, პრიმადონამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის სათქმელად განცხადება უკვე შეიტანა. პროცედურა ისრაელში, რუსეთის საელჩოში, დახურულ რეჟიმში ჩატარდა — სპეციალური შესასვლელით, უცხო თვალის გარეშე.

საელჩოს წყაროების ცნობით, ფორმალურად პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს, თუმცა სურვილის შემთხვევაში მისი დაჩქარებაც შესაძლებელია. მიზეზად სახელდება არა მხოლოდ უცხოეთში გადაბარგება, არამედ შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნა სამშობლოში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში პუგაჩოვამ ისრაელის მოქალაქეობა მიიღო, ახლა კი, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაწყვიტა რუსეთის პასპორტზე უარი თქვას.

საზაფხულო დღეები პუგაჩოვამ ტრადიციულად იურმალაში გაატარა, სადაც წლებია, ყოველ ივლისში ჩადის. ზღვისპირეთის რბილი კლიმატი მისთვის განსაკუთრებით კომფორტულია — გულისა და წნევის პრობლემების გამო ის ყოველთვის თავს არიდებს ცხელ ამინდებს.

ადგილობრივი ბლოგერებისა და ჟურნალისტების ცნობით, ამჯერად იურმალაში მისი ყოფნა არამხოლოდ დასვენებით, არამედ შემოსავალითაც იყო გამორჩეული — პუგაჩოვამ ერთ კერძო წვეულებაზე იმღერა, რისთვისაც 150 ათასი ევრო მიიღო. ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მისი ბოლო წლების სტანდარტული ჰონორარი (350 ათასი ევრო), თუმცა ფასდაკლება იმით აიხსნა, რომ ღონისძიება სწორედ იქ ჩატარდა, სადაც ის ისვენებდა და არ მოუწია შორ მანძილზე ფრენა.

მალე პუგაჩოვა იურმალას დატოვებს და ოჯახთან ერთად კვიპროსზე გაემგზავრება, სადაც მათ სახლი აქვთ. ბოლო წლებში მისი ცხოვრება მოგზაურობითაა სავსე — იგი მუდმივად რამდენიმე ქვეყანას შორის გადაადგილდება.

წელს იურმალაში პუგაჩოვას უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა — თუ ადრე მას მხოლოდ ერთი დაცვის წევრი ახლდა, ახლა მუდმივად ორი ახლავს. პროდიუსერი პაველ რუდჩენკო ამბობს, რომ მომღერალი შეშფოთებულია უსაფრთხოების გამო.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუგაჩოვა საჯაროდ დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის იმიჯს ინარჩუნებს, კარგად აცნობიერებს, რომ ბოლო წლებში მისი განცხადებები სხვაგვარ ინტერპრეტაციას იღებს. ბალტიის ქვეყნებში ანტირუსული განწყობა იზრდება, ხოლო მის პერსონას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა — მათ შორის, აგრესიულად განწყობილი ადამიანების მხრიდან. ამიტომ პრიმადონა ცდილობს მაქსიმალური სიფრთხილით იმოქმედოს.

ქონება და შემოსავალი

სანამ პრიმადონა საზღვარგარეთ ცხოვრებას აწყობს, საზოგადოებას კვლავ აინტერესებს მისი ცნობილი სასახლის ბედი. ახლახან გაირკვა, რომ მისი გაყიდვა მაინც ვერ მოხერხდა. ბიზნესმენი ანდრეი მატუსი, რომელიც ოჯახის ანტიკვარიატის საზღვარგარეთ გადატანას უზრუნველყოფდა, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შენობა ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ დაცულია. მისი თქმით, სახლზე მაქსიმ გალკინის თანაშემწე ზრუნავს, ხოლო უსაფრთხოება მაღალ დონეზეა ორგანიზებული: შესასვლელთან მუშებს ტელეფონებს ართმევდნენ, ხოლო ვიზიტამდე ყველა თანამშრომელმა უნდა გაგზავნოს პასპორტის ფოტოსურათი.

შენობის შიდა სივრცეებში უცხო ადამიანების შესვლა მკაცრად აკრძალულია. თავად სასახლე კი მოძველებულია და მუდმივ მოვლას საჭიროებს. მატუსმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის შენობების შენარჩუნება რეგულარული მოვლის გარეშე შეუძლებელია.

საინტერესოა, რომ ლონდონსა და ავსტრიაში აუქციონებზე შეძენილი ანტიკვარიატის კოლექციის ტრანსპორტირების ხარჯები თავად პუგაჩოვამ დაფარა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ეს ნივთები გალკინს ეკუთვნის.საზღვარგარეთ პუგაჩოვა შემოსავალს არა მხოლოდ კერძო კონცერტებით, არამედ მუსიკალური სტრიმინგებითაც იღებს. ის გამოსცემს კომპოზიციებს ახალ და ძველ ჰიტებს ხელახლა უშვებს, თუმცა დამკვეთები ყველაზე ხშირად საბჭოთა კლასიკას ითხოვენ მისი შესრულებით. ამასთან, მომღერალი მკაცრ პირობებს აყენებს: კონცერტებზე ფოტო და ვიდეო გადაღება დაშვებულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების გარეშე. აქტიურობის მიუხედავად, ადგილობრივ სტრიმინგ-ჩარტების ტოპ-100-ში არც მისი ახალი და არც ძველი სიმღერები არ ხვდება — მუსიკალური ინტერესის დონე მინიმალურია.