გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მატარებელმა მოზარდს ფეხზე გადაუარა. არასრულწლოვანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. რა თქმა უნდა, მომხდარმა ყველა შეძრა. თუმცა და უამრავ ადამიანს გაუჩნდა შეკითხვა, როგორ მოხვდა ბავშვი ლიანდაგზე და რატომ ვერ მოასწრო მორიდება, როცა მატარებლის ხმა წინასწარ ისმის.
სოციალურ ქსელში ამ ამბავს ის ადამიანებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს ცხოვრობენ. ვფიქრობთ, მათი კომენტარები საინტერესოა მკითხველისთვის.
"ამ დასახლებაში მთავარ გზაზე რომ გადახვიდეთ, აუცილებლად ლიანდაგი უნდა გადაკვეთოთ. თამარის დასახლებას აქვს ადგილი სადაც ბავშვი სკოლაში რომ მივიდეს ან მაღაზიაში წავიდეს პურის საყიდლად, ლიანდაგი უნდა გადაკვეთოს, არც ერთ ამ გადასასვლელზე არ არის არანაირი დამცავი ჯებირები, არანაირი გაფრთხილება. არანაირი "სტოპი"."
"ხშირად მატარებელი თამარის დასახლებაში მოდის ძალიან ჩუმად, ნელა, ისე, რომ ბავშვს კი არა, დიდებს არ ესმით ხმა."
"ამ ლიანდაგის გადაჭრით მიდიან სკოლაში, მარკეტში, ავტობუსის გაჩერებასთან. შარშან 15 წლის მოზარდი დაიღუპა, ძალიან ცუდი ადგილია მინიმუმ, 300 მეტრის სიგრძეზე. მოსახლეობამ რამდენჯერმე მოითხოვა გადასასვლელი ხიდი და ადგილის შეღობვა, მაგრამ არ გააკეთეს. სად გინახავთ ნორმალურ ქვეყანაში მჭიდრო დასახლებაში მატარებელი შუაზე კვეთდეს სკოლის მიმდებარედ და იქ არ იყოს დამცავი კედელი, ხიდი და ა.შ. ასეთივე სახიფათო ადგილია ბარცხანაშიც."
"აქ შლაგბაუმი და მორიგე უნდა იდგეს, როგორც ადრე. იმ დროში მაინც, როცა მატარებელი მოძრაობს. რამდენიმე თვის უკან იყო შემთხვევა, მაშინაც ბავშვი მოჰყვა."
"მაგ რკინიგზის გაყოლებაზე ორი 9-სართულიანი და ორი 5-სართულიანი კორპუსია, იქვეა მოწყობილი საბავშვო პარკი. რკინიგზა სრულიად შიშველია, სულ მცირე, ღობეა მოსაწყობი, რომ ბავშვებს მარტივი წვდომა არ ჰქონდეს ლიანდაგთან!"
"მე შევესწარი ამ ყველაფერს. კი ეგრე მოხდა სამწუხაროდ. მაგ ტერიტორიაზე მატარებელი ყოველთვის ნელა მოძრაობს, მაგრამ შლამბაუმი არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. აუცილებელია რომ იყოს."
შემთხვევა ბათუმში 17 აგვისტოს მოხდა.