ტაილანდელების პრინცესა სამი წელია, კომაშია - რას მალავს სამეფო კარი - მშობლები

ტაილანდელების პრინცესა სამი წელია, კომაშია - რას მალავს სამეფო კარი

2025-08-19 10:54:33+04:00

2022 წლის ბოლოს ტაილანდის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა სამწუხარო ცნობები გაავრცელეს: პრინცესა ბაჯრაკიტიაბხი ნარენდირადებიავატი (ქვეყანაში მას ხშირად „პა“ ან „პატი“ ეძახიან), მეფე რამა X-ის ქალიშვილი, კომაში ჩავარდა. მაშინ პრინცესას 44 წელი შეუსრულდა – მოულოდნელი შემთხვევა მისი დაბადების დღიდან სულ რაღაც ერთ კვირაში მოხდა. დილის ძაღლთან ერთად გასეირნებისას გონება დაკარგა, მოგვიანებით კი ექიმებმა დაადგინეს, რომ გულის შეტევა ჰქონდა გადატანილი.

განათლება და კარიერული გზა

ბაჯრაკიტიაბხი 1978 წლის 7 დეკემბერს ბანგკოკში, დუსიტის სასახლეში დაიბადა. დაწყებით განათლებას რაჯინის გოგონათა სკოლაში იღებდა, შემდეგ კი, ტაილანდის სამეფო ოჯახის ტრადიციისამებრ, ბრიტანეთში სწავლა განაგრძო.

უმაღლესი განათლება პრინცესამ სამშობლოში მიიღო. ის არის იურისპრუდენციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. მოგვიანებით სწავლა აშშ-ში გააგრძელა და „აივი ლიგის“ კორნელის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაიცვა. ასევე მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისგან.

tailandis-princesa-1755586603.jpg

პრინცესა კარიერა ნიუ-იორკში, გაეროს ოფისში დაიწყო, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა ქალთა საპატიმროებში პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა. გარდა ამისა, აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და მართავდა დედის მიერ დაარსებულ ფონდს, რომელიც კატაკლიზმების რისკის ზონაში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. გარკვეული დროით ავსტრიაში ელჩის პოსტსაც იკავებდა, მოგვიანებით კი ტაილანდის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა და გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

2022 წლის დეკემბერში, გულის შეტევის შემდეგ, პრინცესა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაუკავშირეს სასიცოცხლო ფუნქციების მხარდამჭერ აპარატებს. ექიმებმა დაადგინეს, რომ გულის მუშაობის დარღვევა და არითმია ინფექციამ გამოიწვია, თუმცა მკურნალობის ეფექტური მეთოდი დღემდე ვერ მოიძებნა. თითქმის სამი წელია, რაც პატი კომაშია. მას მუდმივად აწვდიან ანტიბიოტიკებსა და წამლებს წნევის სტაბილიზაციისთვის, თუმცა შედეგი ამ ეტაპზე არ ჩანს.

princesa-komashi1-1755586661.jpg

საზოგადოების დამოკიდებულება

პრინცესა ბაჯრაკიტიაბხი ტაილანდელთა გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი ყოველთვის ცდილობდა ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვას. საზოგადოებამ მისი პირადი არჩევანიც მშვიდად მიიღო — მიუხედავად ტრადიციული ღირებულებების პატივისცემისა, პატიმ არასდროს ისურვა ოჯახისა და შვილების შექმნა, რადგან თავისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იურისპრუდენცია იყო.

სკანდალები და კრიტიკა

მეფე რამა X რეგულარულად აკითხავს მძიმედ ავადმყოფ ქალიშვილს, თუმცა ერთ-ერთი ვიზიტი სკანდალთანაც ასოცირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მონარქი იმ დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა და რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან პრინცესა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პიროვნებად ითვლება.

princesa-komashi2-1755586733.jpg

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექცია კიდევ უფრო გაძლიერდა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, თითქოს პრინცესას უკვე ტვინის ფუნქცია დაკარგული აქვს, თუმცა სამეფო ოჯახი ამ ცნობას არ ადასტურებს. არსებობს მოსაზრება, რომ მეფე, რომლის რეპუტაციაც აზარტულ თამაშებსა და სკანდალურ სასიყვარულო ისტორიებს უკავშირდება, შესაძლოა საკუთარი პოპულარობის შესანარჩუნებლად ცდილობდეს საზოგადოების თანაგრძნობის მოპოვებას.