"სექტემბერიც ცხელი იქნება... საქართველოში ყოფილა 43 გრადუსიც, მაგრამ მაქსიმუმ, ერთი-ორი დღე. ახლა მაღალი ტემპერატურა კვირა, კვირა-ნახევრიც გრძელდება" - როგორი ამინდები გველოდება უახლოეს მომავალში - მშობლები

"სექტემბერიც ცხელი იქნება... საქართველოში ყოფილა 43 გრადუსიც, მაგრამ მაქსიმუმ, ერთი-ორი დღე. ახლა მაღალი ტემპერატურა კვირა, კვირა-ნახევრიც გრძელდება" - როგორი ამინდები გველოდება უახლოეს მომავალში

2025-08-22 16:15:39+04:00

სამხრეთ ევროპაში კვლავ ძლიერი სიცხეა. ბოლო დღეები იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში კვლავ ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლებია. სპეციალისტები სიცხეს გლობალურ დათბობასა და კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ. მაღალი ტემპერატურით ევროპას არც საქართველო ჩამორჩება. გვესაუბრება გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე:

-ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი სიცხეებისთვისაც ისევე ემზადებიან, როგორც სტიქიისთვის. რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეიძლება?

- პირველი გაფრთხილებაა, რაც ჩვენთანაც დაიწყეს - უნდა მიიღონ ბევრი სითხე, დიდხანს არ იყვნენ მზეზე... ამასთან, ტენიანობაა მომატებული და ეს იწვევს უფრო მაღალი ტემპერატურის აღქმას.

-ტემპერატურის დაწევის ერთ-ერთი წყარო გამწვანებაა, რასაც ჩვენ არ მივხედეთ, მწვანე ნარგავები, ტყეები გავჩეხეთ... რა მნიშვნელობა აქვს მწვანე ნარგავებს ქალაქისთვის?

- ტყე ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ჩვენთან ტემპერატურა არ ადის 50 გრადუსამდე, მაგრამ ძალიან დიდია მდინარეებში წყლის აორთქლება და ესაა განსხვავება.

ექსტრემალური ტემპერატურები 100 წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში, ყოფილა 40 გრადუსიც და 43-იც, მაგრამ ხანგრძლივობა არ იყო დიდი, მაქსიმუმ, ერთი დღე. ახლა მაღალი ტემპერატურა კვირა, კვირა-ნახევრიც გრძელდება. ამასთან, ქალაქებისთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა სითბური ტალღები, იმიტომ, რომ მაღალსართულიანი შენობებია, ქალაქები კარგად ვერ ნიავდება. მწვანე ნარგავებსა და ტყეში ტემპერატურა უფრო დაბალია, სადღაც 5 გრადუსით მაინც, და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაღალ მთაშიც დაბალია, მაგრამ თუ მოშიშვლებულია, თაკარა მზე ადამიანს მაინც ურტყამს. ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი წყალიც და ტყეებიც, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. მაგალითად, დღეს მოსახლეობისთვის უფრო საშველი აღმოჩნდა მწვანე ნარგავები, პარკები, სკვერები.

ინტენსიური მშენებლობების გამო დედაქალაქის განიავების პროცენტი დაკლებულია, ადრე თბილისის მდინარეებიც ღია იყო და ქალაქი ნიავდებოდა - –ჰაერის მასები ზემოდან ჩამოდიოდა და მტკვრიდან ისევ ზევით ადიოდა, ჰაერი მოძრაობდა. დღეს მაღალსართულიანი კორპუსების გამო ქალაქს განიავება უჭირს, რაც ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას და უჰაერობას განაპირობებს. აბსოლუტურად ყველა უბანს უჭირს, სადაც მრავლადაა მაღალსართულიანი შენობები, ამის გამო ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკები მატულობს. თუმცა გარეუბნებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

იხილეთ სრულად