"მთვრალი ყოფილა და ისე მართავდა მანქანას, ფარებიც კი არ იყო ანთებულიო... მარიამი ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე" - ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა - მშობლები

"მთვრალი ყოფილა და ისე მართავდა მანქანას, ფარებიც კი არ იყო ანთებულიო... მარიამი ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე" - ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

2025-08-23 19:49:02+04:00

საჩხერეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის გოგონას, მარიამ შუბითიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტრაგედია სოფელ კორბოულში მოხდა. დამნაშავე მძღოლი უკვე დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ საჭესთან მთვრალი მძღოლი იჯდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსების გაჩერებასთან შევარდა, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. სამწუხაროდ, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო იქ მყოფმა რამდენიმე ახალგაზრდამ დაზიანება მიიღო. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

"ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, 18 წლის სიცოცხლით სავსე გოგონა, მარიამ შუბითიძეა გარდაცვლილი. სოფლის ახალგაზრდები წუხელ, საღამოს შეიკრიბნენ ე.წ ბირჟაზე, ავტობუსების მოსაცდელში. საღამოს საათებში იქ იყვნენ და საუბრობდნენ, მხიარულობდნენ ერთად. სწორედ ამ დროს შევარდა თურმე მანქანა იქ და დაეჯახა შეკრებილ ახალგაზრდებს. მარი ადგილზეა გარდაცვლილი, როგორც ვიცი 4 ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მძღოლიც ადგილობრივია, სხვა უბანში ცხოვრობს. ამბობენ, რომ გალეშილი მთვარალი ყოფილა და ისე მართავდა მანქანას, ფარებიც კი არ იყო ანთებულიო. პირდაპირ შევარდა იქ, სადაც ბავშვები იყვნენ და დაღუპა ეს ოჯახი. მარიამს თურმე თავის ტრავმა ჰქონდა და ადგილზე დაიღუპა. ამბობენ, სასწრაფო დახმარება ძალიან უცებ მოვიდა, მაგრამ მარიამს ვერავინ უშველა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. მძღოლს მე არ ვიცნობ, როგორც მითხრეს 35 წლის ბიჭია, უცოლშვილო, მარტო მამა ჰყოლია სახლში. ეტყობა დალევა უყვარდა, ამბობენ რამდენიმე მანქანა სხვა დროსაც დაუმტვრევიაო. მაგრამ ამით ჭკუა ვერ ისწავლა და დაღუპა ოჯახები. მარიამი ულამაზესი გოგონა იყო, წელს დაამთავრა სკოლა და სტუდენტი გახდა, ახლა ამით იყო გახარებილი. ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. სამძიმარზე ვიყავი მისული. იქ ისეთი ამბავი ტრიალებს კინაღამ გული წამივიდა. როგორც ვიცი, იმ ტრაგედიის დროს იქ იყო მარიამის შეყვარებული ბიჭიც, ისიც დაშავდა. თქვეს თბილისის კლინიკაში წაიყვანესო. როგორც ვიცი, 3 ახალგაზრდა რჩება კლინიკაში, რამდენიმეს პირველადი დახმარება გაეწიათ და ისინი გაუშვეს. ძალიან განვიცდით ყველანი, ეს არის ჩვენი დიდი გულისტკივილი ახლა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და დაშავებულ ახალგაზრდებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა