”ჩვენ მისი, როგორც კანონიერი ქურდის ოჯახი, ასე ვთქვათ, ერთგვარი კასტა გავხდით და...” ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომღერალ ქეთა თოფურიას დიდი ხნის უნახავ დედას წავაწყდი. როგორც გაირკვა, ის თბილისში ხშირად ჩამოდის. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, ნატა თოფურიას ინტერვიუ ვთხოვე. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი მის ვარსკვლავ შვილსა და მათი ოჯახის მოსკოვურ ცხოვრებას შეეხო.
- თბილისი ქეთასთვის ერთადერთი ქალაქია, საქართველოზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ჩემი შვილი ყოფნით არ იღლება. როგორც კი თავისუფალი დღე გამოუჩნდება, სულ იმას ცდილობს, აქეთ გამოიქცეს. 9 წელია, უკვე ასე გრძელდება. მაგრამ აღმაშფოთა ფაქტმა, როდესაც საქართველოში ქეთას მოღალატის იმიჯი შეუქმნეს იმიტომ, რომ პუტინს უმღერა. არადა, ჯგუფი ”A studios” წევრები რუსეთსა და მოსკოვში რიგითი მომღერლები არ არიან და მათ იქაურ შოუბიზნესში ”ა კლასის” მუსიკოსებად მიიჩნევენ, ყველა სამთავრობო კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ.
- მოსკოვში ცხოვრებას დედა-შვილმა ადვილად აუღეთ ალღო?
- ჯერ ერთი, მადლობა პროდიუსერ ნატო დუმბაძეს, რომ ”ა სტუდიოს” დაგვაკავშირა. ეს ქეთასთვის კარიერაში სერიოზული წინსვლა იყო. საქართველო შოუბიზნესისთვის პატარაა. ამიტომ, საკუთარი ძალების მოსინჯვას უცხო ქვეყანაში ბევრი ცდილობს, რადგანაც ქეთას ამისი შანსი მიეცა, ხელიდან არ გაუშვა. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, ეს ყველაფერი გაამართლებდა თუ არა. ჯგუფთან ერთად ქეთა იქაურმა პუბლიკამ თბილად მიიღო, ”ა სტუდიოს” წევრებს შვილივით ჰყავთ; მაგრამ პირველი 2 წელი ქეთას დეპრესია ჰქონდა და დილიდან საღამომდე ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, თბილისში ხან ერთ, ხან მეორე მეგობარს ურეკავდა. მერე იქაურობას ნელ-ნელა მიეჩვია, რადგანაც საქმე არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ქვეყანამაც დაუფასა, სტიმული მიეცა და ინტერესი გაუჩნდა... არც ჩემთვის იყო ადვილი იქაურ ცხოვრებასთან შეგუება, მაგრამ ვცდილობდი, ეს არ გამომეხატა.
- იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ქეთა მოსკოვში მარტო გაგეშვათ?
- ჩემთვის იქ ყოფნა სასურველი იყო, რადგანაც იმ პერიოდში ჩემი მეუღლე აქედან უკვე წასული გახლდათ და მაინც ხშირად მომიწევდა მოსკოვში სიარული.
- მეუღლე ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვესაუბროთ მასზე? როგორც ცნობილია, ის უკვე 2 წელია, რაც აღარ არის.
- რადგან ჩვენ, მისი, როგორც კანონიერი ქურდის ოჯახი, ასე ვთქვათ, ერთგვარი კასტა გავხდით, როგორც კი აქედან წასვლის შანსი გაგვიჩნდა, წავედით. ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდით... სამწუხაროა, რომ ჩემმა მეუღლემ ცხოვრება ცუდად დაამთავრა, რაც უკვე მისი ”პროფესიის” ბრალია.
- მეუღლე კანონიერი ქურდი გყავდათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?
- ადვილი არ იყო, რადგანაც ეს ჩემთვის საპატიო მისია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთს ვიტყვი, კანონიერი ქურდებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, ასეთი ხვედრი ერგოთ და თუ მიჰყვები ცოლად ასეთ ადამიანს, ასე თუ ისე, უნდა იცხოვრო კიდეც მისი ცხოვრებით... გაგრძელება