რა უნდა იცოდეს მშობელმა კარდიოლოგიურ და რევმატულ პრობლემებზე - სპეციალისტის რეკომენდაციები - მშობლები

რა უნდა იცოდეს მშობელმა კარდიოლოგიურ და რევმატულ პრობლემებზე - სპეციალისტის რეკომენდაციები

2015-04-22 13:13:06+04:00

რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა კარდიორევმატოლოგს? რა არის რევმატიზმი და რა საფრთხეს უქმნის ეს დაავადება ბავშვს, რა იწვევს მას და როგორ შეგვიძლია მისი თავიდან აცილება, რა მეთოდებით ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა - ამ საკითხებზე ექიმი-პედიატრი, ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გვესაუბრება.

- რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა კარდიორევმატოლოგს?

- გადატანილი ინფექციების შემდეგ, თუ ბავშვი მოუსვენარია, გაველურებულია და ჩაცუცქული თამაშობს... საერთოდ, მშობლებს ვურჩევ, წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვი აჩვენონ კარგიო-რევმატოლოგს.

- უფრო დაწვრილებით და ყველასთვის გასაგებად იქნებ აგვიხსნათ, რა დაავადებაა რევმატიზმი, რა პრობლემებს უქმნის ბავშვს და რით არის საშიში. ასევე გვესაუბრეთ ბავშვებში კარდიოლოგიურ პრობლემებზე.

- რევმატიზმი განისაზღვრება, როგორც დაავადება, რომლის გამშვები მექანიზმიც სტრეპტოკოკური ინფექციაა. ამ დაავადებამ შეიძლება, გამოიწვიოს გულის შეუქცევადი დაზიანება. კანზე გამონაყარისა და კვანძების გარდა მისი გამოვლინებებია აგრეთვე გარდამავალი ართრიტი, კარდიტი, ანდა მოტორული დარღვევა, რომელსაც ქორეა ეწოდება.

- რამდენად ხშირია ეს დაავადებები?

- წარსულში, ვიდრე დაიწყებდნენ ანტიბიოტიკების გამოყენებას, რევმატიზმის ეპიდემიებმა და ლოკალურმა აფეთქებებმა საფუძველი შეუქმნეს ვარაუდს, რომ დაავადების გამშვები მექანიზმი იყო ინფექცია. ფარინგიტების სამკურნალოდ და დაავადების ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად პენიცილინის ფართო გამოყენებამ მთელ მსოფლიოში შეამცირა რევმატიზმის შემთხვევების რაოდენობა. ყველაზე ხშირად დაავადება აღინიშნება 5-15 წლის ასაკში, პიკი 8 წლის ასაკში აღინიშნება. განვითარებად ქვეყნებში ეს დაავადება დღესაც პრობლემად რჩება, ვინაიდან ახალგაზრდებში გულის დაავადებით გამოწვეული შრომისუუნარობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს; თანაც, მორეციდივე მიმდინარეობა ახასიათებს, რაც გულის პროგრესირებად დაზიანებას იწვევს.

იმის გამო, რომ სახსრების დაზიანების ნიშნებიც ახასიათებს, ეს დაავადება გაერთიანებულია ბავშვთა და მოზარდთა რევმატიული დაავადებების ჯგუფში.

- რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი?

- როგორც მოგახსენეთ, დაავადება ზედა სასუნთქი გზების სტრეპტოკოკურ ინფექციაზე განვითარებული პათოლოგიური იმუნური პასუხის შედეგია, რომელიც შესაბამისი გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე არსებებში აღინიშნება. ასეთ ადამიანებში იმუნური პასუხი უტევს არა მხოლოდ სტრეპტოკოკს, არამედ, საკუთარი ორგანიზმის ზოგიერთ ქსოვილსაც. მართლაც, რესპირატორული ინფექცია წინ უსწრებს ხოლმე დაავადების დაწყებას. წინამორბედ ინფექციასთან ეს დამახასიათებელი კავშირი გვეხმარება რევმატიზმის მკურნალობისა და პრევენციის დროს. დაავადების ჩამოყალიბების რისკი მეტი აქვთ იმ პაციენტებს, რომელთაც დაავადების დაწყებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ განმეორებითი შეტევა.

- მემკვიდრეობით თუ გადადის?

- რევმატიზმი არ არის მემკვიდრეობითი დაავადება, რადგან იგი პირდაპირ არ გადაეცემა მშობლიდან შვილს, თუმცა გენეტიკურმა ფაქტორებმა შეიძლება, განაპირობონ მიმღებლობა ამ დაავადების მიმართ.

- შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება?

- გარემო და სტრეპტოკოკი რევმატიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ პრაქტიკულად ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ ვინ დაავადდება. ეს დაავადება გამოწვეულია პათოლოგიური რეაქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნური პასუხი, მიმართული სტრეპტოკოკური კომპონენტების წინააღმდეგ, შეიძლება ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებზეც გავრცელდეს. ზოგიერთი ტიპის სტრეპტოკოკი უფრო მიდრეკილია რევმატიზმის გამოწვევისკენ. დაავადების რისკი უფრო მაღალია, თუ ასეთი მიკრობი მომატებული მგრძნობელობის ადამიანს დააინფიცირებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ხელს უწყობს სტრეპტოკოკური ინფექციის გადაცემას და, ამდენად, მნიშვნელოვანი გარემო ფაქტორია.

- გადამდებია თუ არა რევმატიზმი?

- რევმატიზმი თავისთავად გადამდები არ არის. სტრეპტოკოკური ფარინგიტი კი გადამდებია. სტრეპტოკოკები ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა; ამ თვალსაზრისით საგულისხმოა სახლში, სკოლაში ან სამხედრო დაწესებულებებში ადამიანების თავშეყრა.

- როგორია ძირითადი სიმპტომები?

- რევმატიზმი, ჩვეულებრივ, გამოვლინდება სიმპტომთა კომბინაციით, რომელიც ინდივიდუალურია თითოეულ ცალკეულ პაციენტში. მას წინ უსწრებს არანამკურნალევი, ან არასწორად ნამკურნალევი სტრეპტოკოკური ფარინგიტი, ან ტონზილიტი. ფარინგიტის ან ტონზილიტის ნიშნებია ცხელება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სასისა და ტონზილების სიწითლე ჩირქოვანი გამონადენის არსებობით, გადიდებული და მტკივნეული კისრის ლიმფური კვანძები. თუმცა, სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ეს სიმპტომები შეიძლება ძალზე მსუბუქი იყოს, ან საერთოდ არ აღინიშნებოდეს.

ასიმპტომური პერიოდის შემდეგ ბავშვს გამოეხატება ცხელება და რევმატიზმის ძირითადი ნიშნები, როგორიცაა:

"ართრიტმა", რომელიც მეტწილად "მფრინავია", შეიძლება, ბევრი სახსარი დააზიანოს (მუხლები, იდაყვები, კოჭები, ან მხრები). ანთება გადადის ერთი სახსრიდან მეორეზე; ნაკლებად ხშირია მტევნებისა და ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანება. სახსრის ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი, თუმცა შეშუპება მკვეთრი არ არის. უნდა ითქვას, რომ ტკივილი ჩვეულებრივ, სწრაფად ცხრება ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღების შემდეგ.

"კარდიტი" - ნიშნავს გულის ანთებას და ეს ყველაზე სერიოზული გამოვლინებაა. გულისცემის აჩქარებამ მოსვენებულ მდგომარეობაში ან ძილის დროს შეიძლება ეჭვი რევმატიზმზე მიგვატანინოს და აუცილებლად უნდა ჩატარდეს გულის გამოკვლევა. მიოკარდიტის გამოცნობა შეიძლება ხველებით, ტკივილით მკერდის არეში, გულისცემის აჩქარებითა და ქოშინით. ნაჩვენებია კარდიოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.

"ქორეა" - ეს სახელწოდება წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან, რომელიც ცეკვას ნიშნავს. ეს არის დარღვევა, რომელსაც იწვევს თავის ტვინის მოძრაობების მაკოორდინირებელი ნაწილების დაზიანება. ეს პათოლოგია პაციენტთა დაახლოებით 10-30%-ს აღენიშნება. ართრიტისა და კარდიტისაგან განსხვავებით, ქორეა რევმატიზმის მოგვიანებითი გამოვლინებაა, ძირითადად ყელის ინფექციიდან 1-6 თვის შემდეგ. ადრეული ნიშნებია წერის გაძნელება, ჩაცმასა და თვითმომსახურებასთან, ასევე სიარულთან და ჭამასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც იქმნება უმიზნო უნებლიე მოძრაობების გამო. მცირე დროის განმავლობაში პაციენტს შეუძლია ამ მოძრაობების ნებით დათრგუნვა, ისინი ქრება ძილის დროს და აქტიურდება სტრესის, ან დაღლილობის დროს. სკოლის მოსწავლეებში დაავადება მოქმედებს აკადემიურ მოსწრებაზე, კონცენტრაციის მოშლისა და მოუსვენრობის გამო. თუ სიმპტომები მკვეთრად არ არის გამოხატული, ეს შეიძლება შეცდომით ქცევით დარღვევად ჩაითვალოს. 2-6 თვეში ქორეა თავისთავად იწყებს უკუგანვითარებას და მოითხოვს დამხმარე მკურნალობასა და დაკვირვებას.

რევმატიზმის ნაკლებად ხშირი გამოვლინებებია კანის სიმპტომები.

არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომლებსაც პირველად მშობელი ამჩნევს. ესენია: ცხელება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, სიფერმკრთალე, მუცლის ტკივილი და სისხლდენა ცხვირიდან, რასაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს დაავადების ადრეულ სტადიაზე.

- დაავადება ყველა ბავშვში ერთნაირად მიმდინარეობს?

- ყველაზე ხშირი დასაწყისია უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ართრიტთან და ცხელებასთან ერთად შუილის გამოვლინება. უფრო მცირე ასაკის პაციენტები მიდრეკილნი არიან კარდიტისაკენ და მათში სახსრების მხრივ ჩივილები ნაკლებად არის გამოხატული. "ქორეა" გამოვლინდება იზოლირებულად, ან კარდიტთან კომბინაციაში, თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა დაკვირვება კარდიტის გამორიცხვის მიზნით.

რევმატიზმი ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებისა და 25 წლამდე ახალგაზრდების დაავადებაა. იგი იშვიათია 3 წლამდე ასაკში და პაციენტთა 80% 5-19 წლისაა. თუმცა, შეტევები შეიძლება აღინიშნოს მოგვიანებითაც, თუ არ არის უზრუნველყოფილი მუდმივი დაცვა ანტიბიოტიკით.

- იკურნება თუ არა კარდიტი?

ეს დაავადება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, თუმცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობა მისი დიაგნოსტირებისთანავე თავიდან აგვაცილებს რევმატიზმს. მიმდინარეობს კვლევა ვაქცინის შექმნის მიზნით, რომელიც დაიცავს სტრეპტოკოკისაგან, თანაც ისე, რომ არ გამოიწვევს პათოლოგიურ რეაქციას, რომელსაც ადგილი აქვს რევმატიზმის შემთხვევაში; ეს მიდგომა მომავალში შეიძლება პრევენციის მეთოდად იქცეს.

- შესაძლებელია თუ არა სრული გამოჯანმრთელება?

- სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია, თუ კარდიტმა გულის სარქვლების მძიმე დაზიანება არ გამოიწვია.

სალომე გორგოშიძე