აბიტურიენტების გარკვეული კატეგორია სპეციალურად ირჩევს ისეთ ფაკულტეტს, რომლიდანაც სასურველ პროგრამაზე შიდა ან გარე მობილობით გადავა. მობილობა ერთ-ერთი საშუალებაა, სასურველ პროგრამაზე მოსახვედრად, თუ ჩარიცხვისას მისთვის ქულები არ გყოფნით.
რა უნდა იცოდეთ უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში ან პროგრამიდან პროგრამაზე გადასვლის შესახებ. არის ეს ისეთი მარტივი, როგორც უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჰგონიათ?
გარე მობილობა - ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობაა, ასევე შიდა მობილობა - უნივერსიტეტის შიგნით, ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლა.
გარე მობილობას ყოველწლიურად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს. სტუდენტმა რეგისტრაციაstudents.emis.ge-ზე უნდა გაიაროს და შესაბამისი განაცხადი გააკეთოს. ამავდროულად, სტუდენტს უფლება აქვს, ჩამონათვალში მაქსიმუმ 5 პროგრამა მიუთითოს. გარე მობილობისთვის გადასახადი თანხა 40 ლარს შეადგენს. სტუდენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარსადგენი დოკუმენტები და ვადები კონკრეტული უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
გაითვალისწინეთ, რომ გარე მობილობას ვერ შეძლებთ, თუ პირველი კურსი დახურული არ გექნებათ. მაგალითად, თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში, განსაზღვრულ პროგრამაზე ჩააბარებთ და რამდენიმე თვეში აღმოაჩენთ, რომ იქ სწავლა აღარ გსურთ, ვიდრე პირველ კურსს არ დახურავთ, გარე მობილობით ვერ ისარგებლებთ.
თუკი სხვა უნივერსიტეტში გადახვალთ, კონკრეტული ფაკულტეტი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, წინა უნივერსიტეტში ჩაბარებული საგნების კრედიტები ჩაგეთვლებათ, თუ სწავლას კვლავ 0 კრედიტით, პირველი კურსიდან გააგრძელებთ.
ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სურთ სარგებლობა, პროგრამის დაშვების წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდნენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი სავალდებულო საგნები ჰქონდეთ ჩაბარებული.
მაგალითად, თუ თქვენ ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობთ და ერთიან ეროვნულ გამოცდებში არჩევითი საგნებიდან მხოლოდ მათემატიკა გაქვთ ჩაბარებული, მედიცინის ფაკულტეტზე ვერ გადახვალთ, რადგან იქ ბიოლოგიის ჩაბარებაა აუცილებელი.
რაც შეეხება გრანტს, გარე მობილობის შემთხვევაში, თუკი თქვენი განაცხადი დაკმაყოფილდება, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული გრანტით სარგებლობა კვლავ შეგეძლებათ.
თუ, მაგალითად, სწავლობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, გრანტი არ გაქვთ და გსურთ ისეთ პროგრამაზე გადასვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული, ანუ უფასო ფაკულტეტების სიაშია, ასეთ შემთხვევაში, უფასოდ სწავლას ვერ შეძლებთ.
თუ ერთი უფასო ფაკულტეტიდან მეორე უფასო ფაკულტეტზე გადასვლა გსურთ, ამ შემთხვევაში, შანსი, რომ კვლავ უფასოდ ისწავლოთ, არის, მაგრამ უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ ადგილებზეა დამოკიდებული. თუ განსაზღვრულ პროგრამაზე დაფინანსებული ადგილების რაოდენობა უკვე შევსებულია, უფასოდ სწავლას ვერ შეძლებთ. ინფორმაცია ინდივიდუალურად თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტთან უნდა გაარკვიოთ.
შიდა მობილობით სარგებლობა, გარე მობილობისაგან განსხვავებით, პირველი სემესტრის შემდეგაც შეგიძლიათ. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ იმ პროგრამაზე, სადაც გადასვლა გსურთ, ვაკანტური ადგილები იყოს. თუ ვაკანტური ადგილები არ არის, გადასვლას ვერ შეძლებთ. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტების ვებგვერდებზე წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე ქვეყნდება და ვადები ინდივიდუალურია.
ამავდროულად, შიდა მობილობით ვერ ისარგებლებთ, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ის საგნები, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ბარდება, არ ჩაგიბარებიათ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ იმ პროგრამაზე, სადაც გადასვლა გსურთ, არჩევითი საგნიდან მათემატიკის ჩაბარება იყო აუცილებელი, თქვენ კი ისტორია გაქვთ ჩაბარებული, გადასვლას ვერ შეძლებთ.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკრეტულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღების განსაზღვრული რაოდენობაა.
პროგრამაზე გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე სხვა სტუდენტებს კონკურენციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით გაუწევთ და არა იმ შეფასებებით, რომლებიც იქამდე არსებულ პროგრამაზე მიიღეთ.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ იმ პროგრამაზე, სადაც გადასვლა გსურთ, მხოლოდ 1 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული, სტუდენტებს კონკურენციას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული სკალირებული ქულით გაუწევთ და არა უნივერსიტეტში დაწერილი შეფასებებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისვებგვერდზე2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე მობილობის შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია. შიდა მობილობის შესახებ კი უნივერსიტეტები ინდივიდუალურად აქვეყნებენ ინფორმაციას.