სად უნდა აიღონ ვაჟებმა სამხედრო აღრიცხვის მოწმობა, რომლის წარდგენაც უნივერსიტეტში პირველ კურსზე რეგისტრაციისას დასჭირდებათ - მშობლები

სად უნდა აიღონ ვაჟებმა სამხედრო აღრიცხვის მოწმობა, რომლის წარდგენაც უნივერსიტეტში პირველ კურსზე რეგისტრაციისას დასჭირდებათ

2025-08-26 10:43:55+04:00

პირველ კურსზე რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტები წარსადგენი დოკუმენტების სიას ინდივიდუალურად აქვეყნებენ. როგორც წესი, პირველ კურსზე რეგისტრაციისათვის ვაჟებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, სამხედრო აღრიცხვის მოწმობის წარდგენა სჭირდებათ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ, აღნიშნული მოწმობა ვაჟებმა იმ უბნის გამგეობაში, სამხედრო განყოფილებაში უნდა მიიღონ, სადაც ჩაწერილები არიან.

განცხადების დაწერის შემდეგ, ცნობა უფასოდ გაიცემა. არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თან ხლება აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია, პირადობის მოწმობა გქონდეთ.

როგორც აღვნიშნეთ, დეტალურ ინფორმაციას, თუ კიდევ რა დაგჭირდებათ პირველ კურსზე რეგისტრაციისას, უნივერსიტეტები თავიანთ საიტზე გამოაქვეყნებენ.

თამარ იაკობაშვილი