5 მეცნიერული არგუმენტი, რომ ბებია-პაპები ბავშვების აღზრდის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ - მშობლები

5 მეცნიერული არგუმენტი, რომ ბებია-პაპები ბავშვების აღზრდის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ

2025-08-27 10:07:25+04:00

ბავშვებისა და ბებია-პაპების ურთიერთობის დადებითი მხარეები არა მხოლოდ თბილი მოგონებების წყაროა, არამედ სერიოზულ მეცნიერულ არგუმენტებსაც ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ რთული ურთიერთობა საკუთარ დედ-მამასთან, ეს არ უნდა აისახოს შვილიშვილების და ბებია-პაპების ურთიერთობაზე. კვლევები აჩვენებს, რომ თაობებს შორის კავშირი ბავშვისთვის სერიოზული მხარდაჭერის და სითბოს წყაროა.

თაობათა კავშირი უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა შედეგებით დადასტურდა, რომ შვილიშვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ბებია-პაპა მათ ემოციურ და ქცევით კეთილდღეობას აძლიერებს. ასეთი ბავშვები უკეთესად უმკლავდებიან რთულ სიტუაციებს – მშობლების განშორებას, სკოლაში ბულინგს და სხვა სტრესს. ბებია-პაპა მათ აძლევს დაცვის შეგრძნებას, რომელიც რთულ მომენტებში ძლიერ საყრდენად იქცევა.

ასევე, მათ მიერ მოყოლილი ბავშვობის ისტორიები შვილიშვილებს აგრძნობინებს, რომ თავადაც ოჯახის ისტორიის ნაწილი არიან. ეს ზრდის მათ თვითშეფასებას და სტრესთან გამკლავებას ამარტივებს.

ოჯახის ისტორიის ცოდნა ბავშვებს უფრო ემპათიურს ხდის

ბებია-ბაბუის მოგონებები და ოჯახური სირთულეების გადალახვის ამბები ბავშვებში თანაგრძნობის უნარს ავითარებს. ეს ურთიერთობა მათ უფრო კეთილ ადამიანებად ზრდის.

ურთიერთობა ეხმარება ასაკობრივი დისკრიმინაციის დაძლევაში

სხვისი დაბერების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება – ეიჯიზმი – თანამედროვე საზოგადოებაში ხშირია. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც ახლოს არიან ბებია-ბაბუასთან, გაცილებით იშვიათად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას ხანდაზმული ადამიანების მიმართ. პირიქით, მათში ჩნდება სითბო და პატივისცემა უფროსი თაობისადმი.

სულიერი სიახლოვე იცავს დეპრესიისგან

ბებია-პაპებისა და უკვე ზრდასრული შვილიშვილების ურთიერთობა ორივე მხარეს დეპრესიისგან იცავს. ამერიკული კვლევის მიხედვით, ეს ურთიერთობა ხანდაზმულებს ემოციურ მხარდაჭერას აძლევს, ახალგაზრდებს კი – რჩევებს, გამოცდილებას და სიყვარულს.

შვილიშვილების აღზრდა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

კვლევებმა აჩვენა, რომ ბებია-ბაბუა, რომლებიც რეგულარულად ზრუნავენ შვილიშვილებზე, უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცოცხლობენ. ბავშვებთან ურთიერთობა მათ უფრო აქტიურს ხდის, ინტელექტს ავარჯიშებს და სტრესის მიმართ მედეგობას მატებს. საშუალოდ, ასეთი ზრუნვა სიცოცხლეს დაახლოებით ხუთი წლით ახანგრძლივებს.

განსაკუთრებულ კავშირს შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუას შორის ორივე თაობისთვის დიდ სიკეთეს მოაქვს. ეს არა მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს მატებს ოჯახურ გარემოს, არამედ ჯანმრთელობას, ემოციურ სტაბილურობას და ცხოვრების გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს.