"ბოლო დროს ამ ქალის გარდა არავინ უნდოდა... მამა ჩამოვიდა თბილისში, რომ მოეშორებინა ამ ქალისთვის, თვეები ვცდილობდით, რომ დაგვეშორებინა, ვერ დავაშორეთ, ვერაფერი შევძელით" - მოკლული ბიჭის დეიდა - მშობლები

"ბოლო დროს ამ ქალის გარდა არავინ უნდოდა... მამა ჩამოვიდა თბილისში, რომ მოეშორებინა ამ ქალისთვის, თვეები ვცდილობდით, რომ დაგვეშორებინა, ვერ დავაშორეთ, ვერაფერი შევძელით" - მოკლული ბიჭის დეიდა

2025-08-27 12:11:18+04:00

ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის თეკლა გერსამიას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პატიმრობა უკვე შეუფარდა. უმძიმესი დანაშაული თბილისში, საბურთალოზე, 22 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ცოლმა ქმარი - 22 წლის ლუკა დარასელია, დანით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალს, ტიკ-ტოკერ თეკლა გერსამიას მალე უმძიმესი ბრალი წაუყენეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობილია ის, რომ ბრალდებული ქალი მცირეწლოვან შვილთან და ლუკა დარასელიასთან ერთად საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ასევე ცნობილია, რომ თეკლა გერსამიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს 4 წლის გოგონა. როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, მისი ქმარი დიმა გ., ამჟამად ციხეში იხდის სასჯელს. ერთ-ერთი მისი ნაცნობი იმასაც ამბობს, თეკლა ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე, ხელისუფლებას პატიმრებისთვის ამნისტიის გამოცემას რომ ვთხოვდით, რადგან მისი ქმარიც იხდის სასჯელსო. ისიც ვიცი, რომ ქმარს ციხეში აკითხავდაო.

გამოძიების ინფორმაციით, თეკლამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო ლუკა დარასელია და მას შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობდნენ. თეკლა გერსამიას დედა კი ირწმუნებოდა, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ და რომ ლუკა დარასელიამ თვითმკვლელობის მიზნით მიიყენა თვითდაზიანება, რადგან მისი შვილი უყვარდა.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა მოკლული ბიჭის დეიდას, ირმა ესართიას:

- გაგვამწარა ამ ქალმა და ახლა ცდილობს, ეს დანაშაული აიცილოს. მინდა, მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, ამდენი თვის განმავლობაში ჩვენ რა გამოვიარეთ. ძალიან ძნელია ამ რეალობასთან შეგუება. ლუკა უპატიოსნესი ბიჭი იყო, ქათამსაც რომ არ მოკლავდა, ისეთი. 22 წელი გუშინ შეუსრულდა. თბილისში წავიდა და ეს ქალი რომ გაიცნო, მან პირველივე დღეს წაიყვანა თავის სახლში. უბოროტო, კეთილი ბიჭი იყო ლუკა. არ ვიცით, რა გაუკეთა, სულ სხვანაირი გახდა. არადა სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი იყო....

ბოლო დროს ამ ქალის გარდა არავინ უნდოდა. ეს ქალი გათხოვილი იყო, ჰყავდა შვილი, მისი ქმარი ციხეშია და იქიდან ემუქრებოდა ლუკას მოკვლით. ჩემი და ტიროდა, მოთქვამდა, მეკარგება ჩემი შვილიო. ლუკას მამა მოსკოვში მუშაობდა, იქიდან ჩამოვიდა თბილისში, რომ ეშველა შვილისთვის და მოეშორებინა ამ ქალისთვის, მაგრამ ვერაფერი შევძელით.

განაგრძეთ კითხვა