როდის უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა უნივერსიტეტებში, როდიდან აიღებთ სტუდენტური ბარათებს და რა საბუთები დაგჭირდებათ პირველ კურსზე რეგისტრაციისათვის - პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე - მშობლები

როდის უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა უნივერსიტეტებში, როდიდან აიღებთ სტუდენტურ ბარათებს და რა საბუთები დაგჭირდებათ პირველ კურსზე რეგისტრაციისათვის - პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

2025-08-27 12:29:17+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. სხვადასხვა უნივერსიტეტში რეგისტრაციის თარიღებსა და პროცედურებს კი შეგიძლიათ, მათ საიტზე გაეცნოთ.

მომავალ სტუდენტებს ბევრი შეკითხვა აქვთ. ამ სტატიაში შევეცდებით, რამდენიმე შეკითხვას ვუპასუხოთ:

რა საბუთები დაგჭირდებათ პირველ კურსზე რეგისტრაციისათვის?

ერთი კონკრეტული წესი, რაც ყველა პირველკურსელზე გავრცელდება, არ არსებობს. თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად აქვეყნებს იმ საბუთების სიას, რომლებიც პირველკურსელებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარადგინონ.

  • თუმცა, როგორც წესი, პირველკურსელებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებათ. ზოგიერთი უნივერსიტეტი ნოტარიულად დამოწმებულ ასლს ითხოვს, ზოგი კი დედანსა და ასლს.
  • ასევე, პირადობის მოწმობის დედანისა და ასლის წარდგენაა საჭირო.
  • პირველკურსელებს სჭირდებათ ფოტოსურთი 3X4 და ასევე, ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე.
  • ბიჭების შემთხვევაში, სამხედრო აღრიცხვის მოწმობის წარდგენაა საჭირო.
  • ზოგიერთი უნივერსიტეტი სწავლის გადასახადის ნახევრის ან გარკვეული ნაწილის გადახდის ქვითრის წარდგენასაც ითხოვს.
  • ასევე, შესაძლოა, უნივერსიტეტებმა მოითხოვონ დაფინანსების მიღებისათვის სხვადასხვა დოკუმენტის ასლი. მაგალითად, სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლები, ოქროსმედლის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასე შემდეგ.

როგორ ხდება სწავლის თანხის გადახდა?

ამ შემთხვევაშიც, უნივერსიტეტებში სხვადასხვა მიდგომაა. ზოგიერთი უნივერსიტეტი რეგისტრაციისას პირველი სემესტრის გადასახადს სრულად ითხოვს. ზოგი უნივერსიტეტი კი სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, განცხადების დაწერის საფუძველზე, თანხა რამდენიმე თვეზე გადაანაწილოს და ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ამიტომ, ეს საკითხით იმ უნივერსიტეტში უნდა დააზუსტოთ, სადაც ჩაირიცხეთ.

ატესტატის ასლის ნოტარიულად დამოწმება აუცილებელია?

როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი უნივერსიტეტი ატესტატის დედანს ითხოვს, ზოგიერთი კი - ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.

სად უნდა აიღონ ვაჟებმა სამხედრო აღრიცხვის მოწმობა?

აღნიშნული მოწმობა ვაჟებმა იმ უბნის გამგეობაში, სამხედრო განყოფილებაში უნდა მიიღონ, სადაც ჩაწერილები არიან.

განცხადების დაწერის შემდეგ, ცნობა უფასოდ გაიცემა. არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თან ხლება აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია, პირადობის მოწმობა გქონდეთ.

როდის იწყება უნივერსიტეტებში სწავლა?

უნივერსიტეტებში სწავლა სხვადასხვა დროს იწყება. დეტალურად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

როდიდან შეძლებთ სტუდენტური ბარათის აღებას?

როგორც საქართველოს ბანკში განგვიცხადეს, სტუდენტური ბარათი, რომელიც სხვა შეღავათებთან ერთად, ტრანსპორტში სპეციალურ ტარიფს ითვალისწინებს, ჯერჯერობით არ გაიცემა. მათი თქმით, ჯერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სტუდენტთა სია არ მიუღიათ, რის საფუძველზეც ბარათების დამზადებას შეძლებენ.

თამარ იაკობაშვილი