სანდო გზამკვლევი ვაჟა-ფშაველას სამყაროში - მშობლები

სანდო გზამკვლევი ვაჟა-ფშაველას სამყაროში

2025-08-22 12:49:46+04:00

1960-იანი წლებიდან თამაზ ჩხენკელი აქვეყნებდა წერილებს ვაჟა-ფშაველას შესახებ, რომლებიც ორნაწილიან კვლევად: „წერილები ვაჟაზე“ და „ტრაგიკული ნიღბები“ გამოიცა კრებულებში – „მშვენიერი მძლევარი“ (1989) და „ტრაგიკული ნიღბები“ (2009).

ამჯერად, გამოკვლევას განახლებული სათაურითა და სტრუქტურით წარმოგიდგენთ გამომცემლობა „ინტელექტი“, სერიით „ინტელექტი სკოლას“.

პოეტის, ესეისტის, მთარგმნელისა და მკვლევრის, თამაზ ჩხენკელის ეს წიგნი, რომელიც გამოსაცემად ნათია ჩხენკელმა მოამზადა, იხსნება წერილით „დროის შურისძიება“, რომელიც მრავალმხრივ საყურადღებო ტექსტია. ეს წერილი პასუხია იმაზე, თუ საიდან მოდიოდა 20-იანი წლების ქართველი ბოლშევიკების გააფთრებული სიძულვილი ვაჟასადმი და შემდეგდროინდელი ქართველი კომუნისტების მიერ ვაჟას შემოქმედების ერთგვარი უგულებელყოფა.

თამაზ ჩხენკელი აღნიშნავს, რომ ამხელა სიძულვილისა და დევნის მიუხედავად, ვაჟამ სძლია დროს! მან გაიმარჯვა იმ ეპოქაზე, რომელსაც რუსული ბოლშევიზმისაგან დანათლული სახელი ერქვა, სახელი იმ „ხვლიკისთავიანი“ კაცისა, ვისაც სახეზე გამუდმებით ეკერა ვაჟას სილაქი.

თამაზ ჩხენკელის წერილებში ასევე ახსნილია ვაჟას ენის საკითხი და მის პოეზიაში ფშაური კილოს „მოხმარების“ მიზეზი. ვაჟა, უნივერსალური გონების კაცი, როგორც ახასიათებს მას მკვლევარი, გამიზნულად იყენებდა ამ გზას, რათა დაჰკავშირებოდა ძველი ქართული ენის სამყაროს და ამით უდიდესი ძალმოსილება მიენიჭებინა თავისი პოეზიისათვის.

თამაზ ჩხენკელს ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმიც „ფშაველა“ სწორედ „ფშაური დიალექტის“, როგორც ქართული ენის საბაზისო დიალექტის, ე.ი. ქართლურის არქაული განატოტის მნიშვნელობისა და სიყვარულის, ვაჟას ლიტერატურულ-ენობრივი პოზიციის აღმნიშვნელად მიაჩნია.

გამოცემაში ასევე წაიკითხავთ წერილებს ვაჟას პირველი ლექსის შესახებ, ვაჟაზე, როგორც მთარგმნელზე და წერილს ალუდა ქეთელაურზე, რომელშიც სწორედ ისე რიტმულად მძაფრი, აჩქარებული და დინამიკური თხრობითაა გადმოცემული ალუდა ქეთელაურის შინაგან ბუნებაში მიმდინარე ფსიქიკური პროცესები, როგორიც თავად ამ პოემის დასაწყისია.

ვაჟას ალუდა ქეთელაური თამაზ ჩხენკელისთვის ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელიც, როცა კი მისწვდება მისთვის მანამდე დაფარულ ჭეშმარიტებას პიროვნული ძლიერებისა, მონოლითური ბუნების გამო, ბოლომდე ჩაჰყვება და გაიცნობიერებს მას, ხოლო შემდეგ შეუდრეკლად მოახდენს მის აქტივაციას. ვაჟამ შექმნა გმირი, რომელმაც სძლია მისთვის და მისი წინაპრებისთვის სისხლხორცეულად გაშინაგნებულ ჩვევებსა და რელიგიურ კანონებს. ასეთივე ფერისცვალების შესახებ გვიამბობს თამაზ ჩხენკელი „ტრაგიკული ნიღბების“ ერთ ქვეთავში „ფერისცვალება“, რომელიც ვაჟას კიდევ ერთ პოემას „გველისმჭამელს“ და მის პროტაგონისტს – მინდიას გარდასახვას ეძღვნება.

„ტრაგიკული ნიღბები“ ეძღვნება პიროვნების გარდაქმნის მითოსურ საფუძველს ვაჟას პოემებში, ხოლო ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი ნაწილის „ალუდა ქეთელაურის ვნებანი“ გარეშე, შეუძლებელია, ამ პოემის სწორად წაკითხვა და გააზრება შევძლოთ.

R