"არც ერთი სხვა მედიკამენტი ასეთ მყისიერ რეაქციას არ იძლევა" - რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ანაფილაქსიის დროს, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს - მშობლები

"არც ერთი სხვა მედიკამენტი ასეთ მყისიერ რეაქციას არ იძლევა" - რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ანაფილაქსიის დროს, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს

2025-08-28 11:32:11+04:00

"ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის" კლინიკური დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში "შენი დილა" საუბრობს, რა იწვევს ანაფილაქსიას, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება და რომელი მედიკამენტები გამოიყენება მკურნალობის ეტაპზე:

- ანაფილაქსია მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაავადებაა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ბევრ სიმპტომოკომპლექსს აერთიანებს. საშუალოდ, დათვლილია, რომ მას 40-მდე სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებდეს. ხშირად, ამ დაავადების პირველადად ამოცნობა მარტივი არ არის. შეიძლება, ადამიანი მოვიდეს, სიმპტომებს ჰყვებოდეს, რომ ანაფილაქსია გადაიტანა და ექიმს შესაძლოა, გაუჩნდეს ეჭვი, რომ სხვა დაავადებასთან იყოს საქმე. რთული პროცესია, თუმცა მარტივად შეგვიძლია, დავიმახსოვროთ, რა არის ქვაკუთხედი.

ანაფილაქსიის განვითარების დროს 2 ორგანოთა სისტემა მაინც უნდა მონაწილეობდეს. ერთის იზოლირებული მონაწილეობა არ ამბობს, რომ ანაფილაქსიასთან გვაქვს საქმე. თუ ადამიანმა რაღაც ინექცია გამოიყენა, კონკრეტული მედიკამენტი დალია, ან საეჭვო საკვები მიირთვა, მწერმა, განსაკუთრებით, ფუტკარმა, კრაზანამ, ბზიკმა უკბინა და კანის ალერგიული რეაქცია უვითარდება, მაგრამ ეს რეაქცია მხოლოდ კანის რეაქციადვე, შეშუპებად დარჩება, თუ ამის იქით სხვა სიმპტომი არ გამოჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ურტიკარია და კვინკეს შეშუპება აქვს.

თუ ამ რეაქციათა კასკადს, რამდენიმე წუთში ან წამში, ხანდახან საათის შემდგომაც, დაერთვება სხვა ორგანოთა სისტემის გამოხატულება, მაგალითად, კანზე გამონაყარის პარალელურად, სუნთქვა უძნელდება, აუტანელი, ძლიერი მუცლის ტკივილი და გულისრევა აქვს, პულსის ძლიერი აჩქარება, წნევის ციფრების ქვემოთ ჩამოსვლა იწყება, ეს ნიშნავს, რომ საქმე ანაფილაქსიასთან გვაქვს. ანაფილაქსიას კანის რეაქცია და ასევე, სხვა ორგანოთა სისტემის ჩართულობა სჭირდება.

ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი ბოლო სტადიაა, როდესაც ადამიანს გონება ეკარგება. კოლაფსირდება, წნევა ვარდება და ეს უკვე სტადიურობის ნაწილია. ცალსახად მოვლენას ანაფილაქსია ჰქვია და მას სხვადასხვა ხარისხი აქვს. რომ შევაჯამოთ, როდესაც ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ორი ორგანოთა სისტემის მონაწილეობა უნდა იყოს. ასევე, ნაცნობ ალერგენთან შეხებისას წნევა უნდა ვაკონტროლოთ. მაგალითად, თუ ადამიანმა იცის, რომ ფუტკარზე აქვს ანაფილაქსია. თუ მას ფუტკარმა განმეორებით უკბინა და წნევას 90/ 70-ზე ატარებს, თუ წნევა 27-30 ერთეულით დაეცემა, ყოველგვარი კანის გამონაყარის გარეშეც შეიძლება, ნაცნობ ალერგენთან შეხვედრისას ვთქვათ, რომ ანაფილაქსია განვითარდა. მარტო წნევის ციფრის შემცირებაც შეიძლება, ანაფილაქსიის დიაგნოზის საფუძველი იყოს.

მაგრამ, პირველადად, როდესაც ადამიანს შეხება არ ჰქონია, მაშინ ანაფილაქსია კლასიკურად იწყება.

რა იწვევს ყველაზე ხშირად ანაფილაქსიას და ვინ არიან რისკ ჯგუფებში?

ანაფილაქსიას რაიმე გამოკვეთილი ასაკი არ გააჩნია. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს. ადრეულ ასაკში საკვები და მწერის ნაკბენია წამყვანი. გვიან ასაკში ყველაზე ხშირად ნაკბენითა და მედიკამენტური ალერგიით ვითარდება.

  • მსოფლიოში ანაფილაქსიის პირველი და წამყვანი მიზეზი კვებითი ალერგია გახლავთ. დაწყებული რძით, კვერცხით, ზღვის პროდუქტებით, ხორბლით.
  • მეორე ადგილზე დგას მედიკამენტები.
  • მესამე ადგილზე მწერის ნაკბენი.
  • შემდგომ, პროდუქტი, რომელიც მცენარისგან მიიღება.

თუ პაციენტს მხოლოდ კანის რეაქცია აქვს, არ შეიძლება, ეს ანაფილაქსიად შევაფასოთ. მას რაღაც სხვა სიმპტომი უნდა დაემატოს. ან მუცელი უნდა ასტკივდეს, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება უნდა ჰქონდეს, მსტვინავი ხასიათი სუნთქვა, პულსის აჩქარება, წნევა ან ყველაფერი ერთად. შარდის შეუკავებლობა, უნებლიე დეფეკაციაც ანაფილაქსიას ახასიათებს.

არსებობს ფატალური ანაფილაქსიის შემთხვევები. ფატალური ანაფილაქსიის რისკი აქვს იმ ადამიანს, რომელსაც ბრონქული ასთმა აღენიშნებათ. თუ პაციენტს ბრონქული ასთმა აქვს და რაღაც მედიკამენტზე, საკვებზე ან ნაკბენზე ანაფილაქსია განუვითარდება, სუსტი წერტილი ბრონქია და ეს იმდენად ძლიერ ბრონქოსპაზმს გამოიწვევს, რომ შეიძლება, სიკვდილითაც კი დასრულდეს.

ასევე, ფატალური ანაფილაქსიის რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ანაფილაქსია განუვითარდებათ და თან კორონალური არტერიების დაავადება აქვთ.

ადამიანს რაც უფრო მეტი თანმხლები დაავადება აქვს, რისკი მაღალია.

მაღალი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბეტაბლოკატორებს და წნევის მარეგულირებელ მედიკამენტებს იღებენ.

როგორია მკურნალობის მეთოდი?

არჩევის მედიკამენტი მხოლოდ ეპინეფრინი ანუ ადრენალინია. სხვა წამალი მოქმედებას აგვიანებს.

ხშირად ადამიანები, რომლებსაც ეს რეაქცია ემართებათ, ადეკვატურად აღჭურვილნი არ არიან. როდესაც ადამიანს ანაფილაქსიური რეაქცია დაემართება, ალერგოლოგ-იმუნოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.

გულდაწყვეტით ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში თვითინექტირებადი ადრენალინი არ გვაქვს. ეს არის კალმისტრები, რითაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირველი ეპიზოდის შემდეგ პაციენტები აღჭურვილნი არიან და მათ იციან, რომელი სიმპტომის შემდეგ, როგორ, რა ადგილას გამოიყენონ ადრენალინი.

ანაფილაქსიის დროს არჩევის მედიკამენტი ადრენალინია. სუნთქვის გაძნელების ან წნევის ვარდნის დროს, ადრენალი პრობლემას მომენტალურად აგვარებს. არც ერთი სხვა მედიკამენტი ასეთ მყისიერ რეაქციას არ იძლევა.

ზოგმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ ანაფილაქსია გადაიტანა. თუ კანზე გამოაყარა და ამ დროს გულისრევის შეგრძნება და მუცლის ძლიერი ტკივილი ჰქონდა, შესაძლოა, ახლა პირველად გაიგოს, რომ ანაფილაქსიაა.

შესაძლოა, თვითინექტირებადი ადრენალინის ტრანსპორტირება, მაგალითად, თურქეთიდან ჩამოტანა, თუმცა ძალიან ძვირია, 50 დოლარიდან 100 დოლარამდეა მისი ერთჯერადი ღირებულება. შპრიცის, რომელიც უნდა გადავაგდოთ.

ამიტომ, კოლეგები ხშირად საუბრობენ, მაგალითად, სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში ამბობენ, რომ ადამიანებს აფთიაქში გასაყიდ ადრენალინს ურჩევენ, რომელიც 1,5-2 ლარი ღირს. ეს აუცილებლად ექიმმა უნდა ასწავლოს, როგორ ამოიღოს ადრენალინი, რამდენ მილიგრამიანი შპრიცი გვქონდეს მზად. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად გააკეთოს. კუნთში კეთდება...

არსებობს თუ არა წინასწარ სადიაგნოსტიკო ტესტი?

მედიცინაში ყოველთვის 2x2 4 არ არის. თავიდანვე იმით დავიწყე საუბარი, რომ შესაძლოა, კონკრეტული სიმპტომებს სხვა დაავადებაც იწვევდეს. ნევროლოგიურმა ფონმა შესაძლოა, ისე წაშალოს ყველაფერი, ადამიანს ემოცია ანაფილაქსიად მოეჩვენოს.

ანაფილაქსიას ერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ტესტი აქვს. ამ ანალიზს შრატის ტრიპტაზა ჰქვია. ეს არის ნივთიერება, რომელიც ანაფილაქსიის დროს ჩვენს ორგანიზმში გადმოიტყორცნება რეაქციის დადგომიდან 30 წუთის განმავლობაში და არა უგვიანეს 3 საათისა. თუ ადამიანები ამ დროს ანალიზს აიღებენ ან სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის ანალიზს ჩაიტარებენ, ეს მონაცემი გამოგვადგება. სადიაგნოსტიკო ტესტს ჩვენი კლინიკა აკეთებს. სიმპტომების დასრულებიდან 24 საათში ანალიზს კიდევ ერთხელ ვიღებთ და ამით თითქმის 100%-ით დგინდება. ეს იურიდიული ძალის მქონე ანალიზია. ტრიპტაზის მომატება ანაფილაქსიას 100%-ით ადასტურებს.

დექსამეტაზონი

ანაფილაქსიის დროს პირველი მედიკამენტი ადრენალინია. დექსამეტაზონი სწრაფი მოქმედების მედიკამენტი არ არის. თუ ადამიანს ჭინჭრის ციება აქვს, მას ადრენალინით არ ვმკურნალობთ. ურტიკარიების დროს შეიძლება, ამ ტიპის მედიკამენტი ვურჩიოთ, მაგრამ არა ანაფილაქსიის დროს.

ანაფილაქსიას იშვიათად, მაგრამ მაინც ორფაზიანი მიმდინარეობა აქვს ხოლმე, როდესაც შეიძლება, ერთი რეაქციის ჩამთავრების შემდეგ, შემდეგი ფაზა მოხდეს. ამიტომ, პაციენტს ადრენალინის მეორედ გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

თუ ადრენალინი სწორად და დროულად იქნება გამოყენებული, ანაფილაქსია ძალიან მალე კუპირდება და სწორი დახმარების შემთხვევაში, პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საერთოდ არ საჭიროებს.

როგორია პირველადი დახმარება?

ოჯახში ყველას ადრენალინი ვერ გვექნება. შესაძლოა, პაციენტს დადასტურებული ანაფილაქსია აქვს და ექიმმა გამოუწერა, სწორად გამოყენება ასწავლა და ასეთ შემთხვევაში, სახლში აქვს. მაგრამ, თუ ხდება ისე, რომ ცხოვრებაში პირველად დაგვემართა, პირველ რიგში, შეიძლება, ანტიჰისტამინური მედიკამენტი, მაგალითად, დექსამეტაზონი მივცეთ. მაგრამ, აუცილებლად 112-ში უნდა დავრეკოთ. ან თუ შესაძლებლობაა, პაციენტი კლინიკაში ძალიან სწრაფად გადავიყვანოთ და ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ.