მაიკლ ჯექსონის უფროსმა ვაჟმა, პრინს მაიკლ ჯექსონმა, რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულს, მოლის შირმანს, ხელი სთხოვა. მათი ნიშნობის შესახებ პრინსმა თავად განაცხადა სოციალურ ქსელებში, სადაც საერთო ფოტოც გამოაქვეყნა. ერთ-ერთ სურათზე წყვილი პრინსის ბებიასთან, მაიკლ ჯექსონის 95 წლის დედასთან – კეტრინთან ერთად არის გადაღებული.
27 წლის პრინს მაიკლ ჯექსონი მომღერალს მეორე ცოლისგან, ყოფილი მედდის – დები როუდისგან ჰყავს. მაიკლ ჯექსონს პირველი ქორწინებაში ელვის პრესლის ქალიშვილთან, ლიზა მარისთან, შვილი არ ჰყოლის. დები როუდისგან მას ქალიშვილი პერისი ჰყავს, რომელიც ახლა 28 წლისაა.
წყვილი სამწლიანი ქორწინების შემდეგ 1999 წელს განქორწინდა. 2002 წელს კი სუროგატმა დედამ მაიკლ ჯექსონს მეორე ვაჟი გაუჩინა, რომელსაც პრინს მაიკლ II ჰქვია და დღეს 23 წლისაა.
ჯექსონის ვაჟები მშვიდ და არასაჯარო ცხოვრებას ამჯობინებენ, სამაგიეროდ ქალიშვილის, პერისის სახელი ხშირად ჩნდება ტაბლოიდებში. ის მოდელად მუშაობს, ფილმებში იღებენ და მღერის კიდეც. პერისმა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებებთან ბრძოლაზე, ასევე ცნობილი, რომ ცოტა ხნის წინ საქმროსთან დაშორდა.
მაიკლ ჯექსონი, რომელსაც „პოპის მეფეს“ უწოდებენ, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ლეგენდარულ მუსიკოსად რჩება. ის 50 წლის ასაკში ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზის შედეგად გარდაიცვალა. მისი სიკვდილისთვის დამნაშავედ ექიმი მიიჩნიეს, თუმცა დღემდე არსებობს სხვადასხვა კონსპიროლოგიური ვერსიები. სიცოცხლეში მედიის ყურადღებას იპყრობდა არა მხოლოდ მისი შემოქმედება, არამედ მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციები და პირადი ცხოვრება. მომღერალს ხშირად სდებდნენ ბრალს არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო ქცევებში, რაც კვლავაც განხილვის საგანია.