ზრდასრული ქალის ნაამბობი იმაზე, თუ როგორია ჰომოსექსუალურ ოჯახში აღზრდა 2000-იან წლებში ბევრი რეპორტაჟი მზადდებოდა ბავშვებზე ჰომოსექსუალური ოჯახებიდან და ყველას ძირითადად ოპტიმისტური ხასიათი ჰქონდა. ახლა კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: უკვე ისინი საუბრობენ, ვინც გაიზარდა ასეთ ოჯახებში და არც ისეთი აღტაცებულნი არიან ამით. სხვათა შორის, ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ დოლჩე და გაბანამაც გამოაცხადეს, რომლებიც ასევე ჰომოსექსუალურ წყვილს წარმოადგენენ და აღნიშნეს, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებმა არ უნდა აღზარდონ ბავშვები ერთსქესიან ოჯახში.
"The Daily Mail"- ში კი ცოტა ხნის წინ სტატია გამოქვეყნდა ჰეტი ბეინს რასელის შესახებ. მოთხრობილია ამბავი ქალისა, რომელიც ყვება, თუ რა რთული იყო ჰომოსექსუალურ ოჯახში ცხოვრება.
იგი ორი ქალის გარემოცვაში გაიზარდა. არა ჩვენს დროში, არამედ პურიტანულ 1950-იანებში. "ახლაც კი, როდესაც დედაჩემს ვახასიათებ როგორც ბისექსუალს - უდიდეს დისკომფორტს ვგრძნობ", - ამბობს ჰეტი.
როდესაც დედ-მამა ერთმანეთს დაშორდნენ , გოგონა 9 წლის იყო. ჰეტის დედამ ახალი სიყვარული იპოვა - ქალი, სახელად მერი. "დესტრუქციულ სამკუთხედში ვიყავი, გავხდი მოწმე იმისა, თუ როგორ შეავიწროვეს მამაჩემი და გააძევეს ჩვენი ცხოვრებიდან".
ბავშვის გადმოსახედიდან
რასელი ყვება, რომ კარგა ხანს ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, რატომ შეიცვალა "მამა" "მერი ნათლიათი" (ასე უწოდებდა იგი თავის თავს). "მათ ეჭირათ ერთმანეთის ხელი, კოცნიდნენ ერთმანეთს და ისე იქცეოდნენ, როგორც ცოლ-ქმარი. ერთხელ ვკითხე: დედა, საიდან გავჩნდი მე?" - "ღმერთმა და დედამ შეგქმნესო", - ასე მიპასუხა.
ჰეტის ძალიან ენატრებოდა მამა, მაგრამ მაინც უნდოდა, რომ მერი უფრო ქალური ყოფილიყო. "ერთხელ მერის ვკითხე, თუ რა უნდოდა საახალწლო საჩუქრად. მან მიპასუხა: "ჩაქუჩი და ხერხიო". მე სურნელოვანი საპონი ვუყიდე".
განდეგილობა
რაც უფრო იზრდებოდა რასელი, მით უფრო არაკომფორტულად გრძნობდა თავს დედასთან და მის მეგობართან. მაგრამ რომ წამოიზარდა, მიხვდა, რომ უბედური იყო.
15 წლის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი - დეპრესია და ანორექსია. გოგონამ ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული. ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული სეანსის დროს გაახსენდა ის, რაც დიდი ხანია დაევიწყებინა - როგორ შეუსწრო ჯერ კიდევ ბავშვმა საძინებელში დედას და მერის უხერხულ სიტუაციაში და როგორ არწმუნებდნენ ისინი, რომ რაც დაინახა, არავისთვის არ უნდა მოეყოლა...
გასაკვირი არ არის, რომ 20 წლის ასაკში ჰეტი სასოწარკვეთილი ცდილობდა, გაქცეოდა ბავშვობის სტერეოტიპებს და ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალი ქერა ქალის სახე შეექმნა, ამის წყალობით, კაცებს ხელთათმანებივით იცვლიდა. კიდევ კარგი, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი არც თუ ისე ცუდად დამთავრდა: ჰეტი გათხოვდა, გააჩინა ბიჭი და კომედიური მსახიობის წარმატებული კარიერა გაიკეთა.
"საწყალი გოგო"
რასელის ცხოვრება განხილვის საგნად იქცა სოციალურ ქსელებში. მის საგაზეთო პუბლიკაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ზოგი უთანაგრძნობდა მას, ბევრი კი ნეგატიურად აფასებდა ყოველივეს. ვინც ჰეტის უთანაგრძნობდა, ერთხმად გამოდიოდა ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აღზრდის წინააღმდეგ. "ამ ამბავში ვუთანაგრძნობ მამას და მის ქალიშვილს", - წერდნენ ზოგიერთები.
თუმცა ბევრი არც ეთანხმებოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ჰეტი ერთ-ერთი შემთხვევაა და ასეთი შემთხვევები ორივე ტიპის ოჯახში შეიძლება, იყოს.
რაც შეეხება ჰეტის დედასა და მის პარტნიორს, ისინი ღრმა სიბერემდე ერთად იყვნენ.