სულ მალე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ათასობით ახალჩარიცხული სტუდენტი დაიწყებს სწავლას. ჟურნალისტი და ბლოგერი გურამ შეროზია საკუთარ მაგალითს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინდელი დღესავით მახსოვს: იმ ღამეს არ მეძინა, ბედნიერებისგან ცოტა ვიტირე კიდეც, ოღონდ ჩუმად - ბიჭებისთვის ტირილი ჯერ კიდევ არალეგალური იყო იმ დროს...
100% გრანტი არც ისე მარტივი იყო ერთიან ეროვნულებზე და მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ბიზნესის ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტზე ჩავირიცხე თსუ-ში და რაღაც ახალი და ძალიან საინტერესო იწყებოდა!
ლილოში ახალი ჯინსი და პერანგი ვიყიდე, ჩემი ზაფხულში ნამუშევარ-შეკოწიწებული ფულით, 40 ლარამდე დაჯდა. გულის ფანცქალით ველოდი სტუდენტობას.
გმირთა მოედნიდან გადიოდა მარშუტკა, გზად სამჯერ ვიკითხე - მაღლივ კორპუსს ხომ არ გავცდით-მეთქი და როგორც იქნა, მივედი! ცხრილი არეული იყო, ბავშვები დაბნეული და მაინც როგორი ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი.
შესასვლელში ამაყად გავაბოლე ღერებად ნაყიდი mm - ეს ჩემი დამოუკიდებლობის და მაგარი ბიჭობის პირველი ნიშანი იყო, თან შორიდან ვაკვირდებოდი ჯგუფელებს, თან ვუყურებდი უზარმაზარ შენობას და ოცნებებში უდიდეს კარიერულ და ცხოვრებისეულ გეგმებს ვაწყობდი!
გილოცავთ, სტუდენტებო, სწავლის დაწყების მოახლოებას, საოცარი რამეები იწყება და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!" - წერს გურამ შეროზია.
როგორც თავად იხსენებს, ე.წ. "უნარების" გამოცდაში 100-დან 95 ქულა მიიღო და 100-პროცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა.
"ფოთელმა გურამიკო შეროზიამ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნარებში 100-დან 95 ქულა აიღო და 100% გრანტიც მოიპოვა. კი გავიდა მას შემდეგ ლამის ოცი წელი, მაგრამ მაშინ არ იდებოდა მსგავსი ნიუსები და ახლა მაინც დავდოთ. შეგხსენებთ: იმ წელს შემოვიდა უნარები, რეპეტიტორი არ არსებობდა და ჩემით მოვემზადე!" - წერს შეროზია.