შესაძლებელია თუ არა ფასიანი ფაკულტეტიდან ე.წ. უფასო ფაკულტეტზე გადასვლა - განმარტება განათლების სამინისტროდან - მშობლები

შესაძლებელია თუ არა ფასიანი ფაკულტეტიდან ე.წ. უფასო ფაკულტეტზე გადასვლა - განმარტება განათლების სამინისტროდან

2025-09-01 10:57:44+04:00

იმ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სასურველ პროგრამაზე ვერ მოხვდნენ ან სწავლის პროცესში აღმოაჩინეს, რომ სხვა მიმართულება აინტერესებთ, შიდა ან გარე მობილობის შესაძლებლობა აქვთ. გარე მობილობის დროს ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში გადასვლა, ხოლო შიდა მობილობის დროს, იმავე უნივერსიტეტში, მაგრამ განსხვავებულ პროგრამაზე გადასვლა შეგიძლიათ.

იმ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვეს, ხშირად აქვთ შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა არსებული პროგრამიდან ე.წ. უფასო ფაკულტეტზე გადავიდნენ და სწავლა უფასოდ განაგრძონ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტს კონკრეტულ პროგრამაზე თავისუფალი ადგილები ექნება და მიღებას გამოაცხადებს. გარდა ამისა, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უფასოდ ისწავლით. ზოგიერთ უნივერსიტეტში ფაკულტეტი სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება. როგორც სამინისტროში გვითხრეს, პირველ რიგში, ეს ინფორმაცია კონკრეტულ უნივერსიტეტთან უნდა გადაამოწმოთ, გადასვლის შემთხვევაში მოგიწევთ რაიმეს გადახდა თუ უფასოდ ისწავლით.

ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სურთ სარგებლობა, პროგრამის დაშვების წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდნენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი სავალდებულო საგნები ჰქონდეთ ჩაბარებული.

შიდა მობილობა პირველი სემესტრის, გარემო მობილობა კი ერთი წლის შემდეგაა შესაძლებელი. ვადებსა და დეტალებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად აქვეყნებს.

თამარ იაკობაშვილი