"აგიხსნით, როგორ შეიძლება, მენსტრუაციის გადავადება" - მანანა მგალობლიშვილი ქალბატონებს საინტერესო რჩევებს აძლევს - მშობლები

"აგიხსნით, როგორ შეიძლება, მენსტრუაციის გადავადება" - მანანა მგალობლიშვილი ქალბატონებს საინტერესო რჩევებს აძლევს

2025-09-01 11:59:04+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი საკუთარ გვერდზე მენსტრუაციის გადავადების შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ მეთოდებს, რომლებიც ქალებს ასეთ შემთხვევაში ეხმარება:

-ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონებს მენსტრუაციის გადავადება სურთ, რადგან ისინი რაიმე სახის, განსაკუთრებულ ღონისძიებას გეგმავენ. მაგალითად, მიდიან ზღვაზე, ან ისეთი მნიშვნელოვანი დღე აქვთ ცხოვრებაში, როგორიცაა ქორწილი და არ სურთ, მენსტრუაცია მაინცდამაინც ამ დღეს დაემთხვეს.

აგიხსნით, როგორ შეიძლება, მენსტრუაციის გადავადება. მაგრამ, აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გსურთ, მენსტრუაცია გადაავადოთ, ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან მიდგომა ყოველთვის ინდივიდუალურია. მენსტრუაციის გადავადების რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  1. პირველი ორალური 2-ფაზიანი კონტრაცეპტივებია. თუ თქვენ მას იღებთ, არ უნდა მიიღოთ პლაცებო და შემდეგი ფირფიტა ინტერვალის გარეშე გადააბათ. ამ შემთხვევაში, მენსტრუაცია არ მოვა და კიდევ ერთი თვით გადავადდება.
  2. მეორე პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატებია, რომლებიც მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე ინიშნება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვჭირდება, რომ მენსტრუაცია გადავადდეს.
  3. მესამე ჰორმონშემცველი სპირალია, რომელიც ლევონორგესტრელს შეიცავს და ჰორმონს მუდმივად გამოჰყოფს. შედეგად, მენსტრუაცია არ მოდის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, მცირე რაოდენობის მოყავისფრო გამონადენი იყოს.

ახასიათებს თუ არა აღნიშნულ მეთოდებს რაიმე სახის უკუჩვენება ან გართულება?

დიახ, ახასიათებს, ისევე, როგორც ნებისმიერმა მედიკამენტმა შეიძლება, გამოიწვიოს რაიმე სახის გართულება, დისკომფორტი ან ჰქონდეს უკუჩვენება.

მეთოდი ქალის მენსტრუალური ციკლის ხასიათის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასევე, მისი სურვილის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, თუ რამდენი ხნით და როდის უნდა მენსტრუაციის გადავადება. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩემ მიერ ჩამოთვლილი მეთოდებიდან შესაძლოა, რომელიმეს უკუჩვენება ჰქონდეს. ამიტომ უნდა შეირჩეს ის მეთოდი, რომელიც ყველაზე შესაფერისი და მისაღებია ამ კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ თუ მენსტრუალური ციკლის გადავადება გსურთ, ექიმ-გინეკოლოგს მიმართოთ. ამასთანავე, რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უკეთესია, რადგან ზოგჯერ შემდეგ მენსტრუაციამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და შეიძლება, მედიკამენტმა მოქმედება ვერ მოასწროს.