სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს:
- ისევე, როგორც სხვა პროდუქტებს, სუნელებსაც განსაკუთრებული შენახვა სჭირდება, რადგან მისი ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური მაჩვენებელი არ გაუარესდეს. ამიტომ, საჭიროა, ისე შევინახოთ, რომ პროდუქტის დაბინძურება არ გამოვიწვიოთ, არ მოხვდეს შიგნით ნესტი, სხვადასხვა მწერი ან სხვა დამაბინძურებელი. ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:
პირველი, შეგვიძლია, სუნელები შეფუთვებში, კონტეინერებში გადმოვიტანოთ, დავაწეროთ დასახელება, ვადა და დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას შევინახოთ, რომ მზის სხივები არ მოხვდეს და არ გაფუჭდეს და ასევე, პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნი და გემოვნური თვისებები შეინარჩუნოს.
მაგრამ, თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს, ჯობს, თავისივე შეფუთვით შევინახოთ. ამ შემთხვევაში, პროდუქტს თავისი ვადა გააჩნია, რომელიც პროდუქტს ვაკუუმით ინახავს და დიდხანს შეინახება. გარდა ამისა, პროდუქტის ვადის ნახვასა და გაკონტროლებას შევძლებთ. პროდუქტი სხვადასხვა დამაბინძურებლებით არ დაბინძურდება და ასევე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, გემოსა და სუნს დიდხანს შეინარჩუნებს.
თუ პატარა კონტეინერებში ვინახავთ სუნელს და ვნახავთ, რომ ერთმანეთზე შეწებებულია, ან სუნი, გემო აღარ აქვს, ასეთი პროდუქტი აღარ გამოვიყენოთ, რადგან აქ უკვე სინესტე ან სხვა დამაბინძურებელია მოხვედრილი, რამაც პროდუქტის გაფუჭება გამოიწვია.