ბევრ ადამიანს კბილის დაკარგვა მხოლოდ ვიზუალური დეფექტი ჰგონია. რეალურად კი უკბილობა ბევრად უფრო მნიშვნელოვან გართულებებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეს უბრალოდ ვიზუალია. ყბის ძვალზე გაჩენილი სივრცეები არღვევენ კბილთა წყობას, დროთა განმავლობაში ჯანმრთელი კბილები იცვლიან ადგილს, ყალიბდება მეორადი დეფორმაცია. ამასთან, იწყება ძვლის განლევის პროცესი. უფრო მეტიც, ირღვევა ღეჭვის პროცესი და შეიძლება საბოლოოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებამდეც კი მივიდეთ. სწორედ ამიტომ დაკარგული კბილის დენტალური იმპლანტით აღდგენა უმნიშვნელოვანესია. თუმცა დენტალური იმპლანტაციაც არაერთი გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ ის კლინიკა თუ სპეციალისტი, ვისაც იმპლანტის გაკეთებს ანდობთ. ხოლო თუ გართულებები მაინც განვითარდა, დროულად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს, რათა თავიდან აირიდოთ არა მხოლოდ იმპლანტის, არამედ ყბის ძვლის გარკვეული ზონის დაკარგვა.
თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები დენატალური იმპლანტის გაკეთებას აპირებთ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ყბა-სახის ქირურგის გიორგი ბანცაძის ინტერვიუს დენტალური იმპლანტების გართულებების და მოგვარების გზების შესახებ.
- რამდენად ხშირია „ნიუ ჰოსპიტალსში“ დენტალური იმპლანტების გართულების გამო მომართვიანობა?
- უკანასკნელ წლებში დენტალური იმპლანტებით გამოწვეული გართულებების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ეს მაჩვენებელი პროპორციულად მიჰყვება საქართველოში იმ კლინიკებისა და სპეციალისტების რაოდენობის ზრდას, რომლებიც დენტალურ იმპლანტებზე მუშაობენ. უკანასკნელ წლებში პირადად ჩემს პრაქტიკაში 10-15%-ით მოიმატა იმპლანტებით გამოწვეულმა გართულებებმა. ესენია მწვავე ანთებითი პროცესები, როგორიცაა: ჩირქგროვები ანუ ე.წ. აბსცესები, ფლეგმონები, ოსტეოაფსცესები. მერე მხრივ, გვხვდება უკვე ქრონიკულ ფორმაში გადასული პროცესები, მაგალითად, ყბის ძვლის ოსტეომიელიტი. გართულებული პროცესის გამო არის შემთხვევები, როდესაც იმპლანტთან ერთად ძვლის გარკვეული სეგმენტის ამოღებაც გვიწევს. ეს კი უკვე დეფორმაციასა და შეზღუდვებთანაა დაკავშირებული, რადგან ძვლის მთლიანობა ირღვევა.
- რა არის აღნიშნული გართულებების მთავარი გამომწვევი მიზეზები?
- გართულების თავიდან ასაცილებლად ტექნიკურად იმპლანტის კარგად ჩასმა არ არის საკმარისი. გართულებების ყველაზე ხშირი მიზეზი გახლავთ ის, რომ სპეციალისტის მიერ არ ხდება პაციენტის სრულყოფილი გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება და გამოკვლევა.
დენტალური იმპლანტით გამოწვეულ პრობლემებს უმეტესად პაციენტის სხვადასხვა ქრონიკული დაავადება განაპირობებს, რომელთა შესახებაც წინასწარი გამოკვლევა არ ხდება. ეს შეიძლება იყოს ენდოკრინოლოგიური პრობლემები ან შაქრიანი დიაბეტი, რაც პირდაპირ კავშირშია იმპლანტის კარგ ინტეგრაციასთან, კარგ გაძვალებასთან. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს შეხორცება და ახალი ძვლების წარმოქმნა დაქვეითებულია, რაც ცუდ ოსტეოინტეგრაციას იწვევს. ამასთან, გვხვდება ხოლმე ვირუსული ჰეპატიტები, როგორც C, ისე B, რაც ასევე პირდაპირპროპორციულია გაძვალებასთან. საბოლოოდ, იმპლანტი ან ცუდად ხორცდება ან საერთოდ არ ხორცდება.
- გართულებულ შემთხვევებში იმპლანტის შენარჩუნება შესაძლებელია?
- გააჩნია გართულების ხარისხს. გვხვდება მარტივი გართულებებიც, რომელიც ძირითადად არასათანადო ჰიგიენით ან უყურადღებობითაა გამოწვეული. ამ დროს პრობლემა მარტივად გვარდება და პაციენტს იმპლანტიც უნარჩუნდება. თუმცა გართულებულ შემთხვევებში იმპლანტის შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელია. მეტიც, ამ დროს მხოლოდ იმპლანტის დაკარგვა კარგიც კია, რადგან ხშირად ძვლის გარკვეული უბნის ამოკვეთაც გვიწევს. კიდევ უფრო შორს წასული შემთხვევებიც მქონია, როდესაც პროცესი ფსკერის აბსცესამდე მიდის და მა დროს საქმე იმპლანტაციას სცდება, ქირურგიული განაკვეთი გარედან კეთდება და პაციენტს ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაც კი შეიძლება დასჭირდეს.
- როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ იმპლანტაცია წარმატებული არ არის და საჭიროა ექიმს მიმართოს?
- თავად იმპლანტაცია არ არის ხანგრძლივი პროცედურა. ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი იმპლანტის გაკეთებას საშუალოდ 25 წთ სჭირდება. შემდეგ პაციენტი მიდის სახლში და 1 კვირის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს ტკივილი და შეშუპება ნორმის ფარგლებში. თუმცა თუ ჩივილები 10 დღეზე მეტი გრძელდება, ხდება უფრო ინტენსიური, თან ერთვის ტემპერატურის მატება, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
- რა კვლევები უტარდება პაციენტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ დენტალური იმპლანტის გაკეთებამდე გართულებების თავიდან ასაცილებლად?
- ამ დროს აუცილებლად კეთდება რადიოლოგიური კვლევა, მაგრამ მხოლოდ ის საკმარისი არაა. აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზი, კუაგულოგრამა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები და ვირუსული ჰეპატიტები. ამ ოთხი კვლევის შედეგზეა დიდწილად დამოკიდებული წარმატებული დენტალური იმპლანტაცია.
სპეციალისტების დიდი ნაწილი ამ კვლევების ჩატარებას პაციენტების დაზოგვით მიზნით ერიდება. ეს კი ნამდვილად არასწორი მიდგომაა, რადგან საბოლოოდ ისევ პაციენტის კეთილდღეობისთვის კეთდება ის.
- რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა დენტალური იმპლანტის გაკეთებამდე?
- ამ დროს მხოლოდ ფინანსური გათვლებით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. იმპლანტი ორგანიზმის ნაწილი ხდება და მასზე ეკონომიის გაკეთება არაგონივრულია. პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს: კლინიკის სტანდარტი, სპეციალისტის კვალიფიკაცია, თავად იმპლანტის ბრენდი, წარმომავლობა და სერტიფიკატები.
- იმპლანტის დაკარგვის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა რეიმპლანტაცია?
- დიახ, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე 6-12 თვეში შესაძლებელია განმეორებითი იმპლანტაციის გაკეთება.
R