სასწავლო წელთან ერთად ბავშვიან ოჯახებში მეცადინეობის "რიტუალებიც" დაიწყება. ბევრისთვის ეს მტკივნეული პროცესია, რომელშიც მშობელი, როგორც წესი, ჩართულია. ამ დროს ბევრს აწუხებს კითხვა, მისი ჩარევა დახმარებაა თუ დათვური სამსახური.კონკრეტულად რაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი შვილს, რა ითვლება სწორ დახმარებად და რა - ზედმეტ ჩარევად? ამ კითხვას "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა ვენენო მენაბდემ ჩვენი საიტისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
- სწორი დახმარებაა, როდესაც ბიძგს აძლევ და არ კარნახობ. ურჩევ, შეახსენებ, აქებ მის ერთ, წინ გადადგმულ პატარა ნაბიჯსაც კი. არ უბრაზდები, როდესაც ვერ ამოიკითხავს შენთვის ძალიან მარტივი ტექსტიდან სიტყვებს, ან წამში ვერ გიპასუხებს, რამდენია 2+3.ეს ჩვენთვისაა ასე მარტივი, ბავშისთვის რთულია. ან კიდევ მშობელი თავისი შფოთვით, დაღლილი, გაღიზიანებული, მენტორული ტონით- "რამდენჯერ უნდა გაგამეორებინო და ისევ ვერ მპასუხობ" ან მსგავსი დამამცირებელი წინადადებებით ართულებს.თუ ბავშვს, ერთ შეხედვით, მარტივი დავალებები მუდმივად ეძნელება, პროტესტი აქვს საშინაო დავალების მიმართ ან საათობით ზის სამეცადინოდ, აუცილებლად უნდა შეატყობინოს მშობელმა მასწავლებელს, ერთად გამოიკვლიონ მიზეზი, მოძებონ პრობლემა და საკითხის მოგვარებას შეუდგნენ.
- აბსოლუტურად გაუმართლებელია, ბავშვს უთხრა, ლექსი დაიზეპირე ან ტექსტი თხრობით ისწავლეო. ლექსი ისე უნდა გააცოცხლო კლასში, ბავშვს შემოესწავლოს. ლექსიკურ ერთეულებზე ავარჯიშე, ახალი სიტყვების ვიზუალიზაცია გააკეთე, დაახატინე, გამოაძერწინე, აპლიკაცია შექმენით, გაათამშებინე, რითმსა და რიტმზე დააკვირვე...
ზუსტად ასევე შეიძლება მოთხრობების გაცოცხლება და სთხოვე, გითხრას, რა მოეწონა წაკითხულსა თუ მოსმენილში, რა არ მოეწონა, რომელი პერსონაჟი დაამახსოვრდა და რატომ... ამ ტიპის კითხვებით შინაარსს კიდევ უკეთ იაზრებს, ბოლოს სთხოვე, თავისი სიტყვებით გადმოგცეს ამბავი. რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ, ავტორის სიტყვებსაც ჩართავს თხრობისას. მიზანი მიღწეულია: შინაარსიც იცის, ახალი სიტყვებიც შეისწავლა, პერსონაჟიც დაახასიათა, სიუჟეტიც გამოყო. მიზანი ხომ ეს იყო და არა დაზუთხვა?