გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები განცხადებას ავრცელებენ. მიმართვა 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიება მკვლელობის ფაქტის დამალვას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" აქვეყნებს:
"მიმართვა მერიას და საზოგადოებას:
"ჩვენ, რკ. სადგურის მცხოვრებლებს, აღარ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ იმ უსამართლობაზე, რაც ჩვენს ქალაქში ხდება.
"ჩვენს თვალწინ ახალგაზრდა სიცოცხლე გაიმეტეს – ეს იყო მკვლელობა, რომელსაც ახლა ცდილობენ, თვითმკვლელობად გამოაცხადონ. ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არაა – ესაა მთელი ჩვენი უბნისა და ქალაქის ტრაგედია
"დღეს, როცა სიმართლეს მალავენ და სამართალს ფეხქვეშ თელავენ, ქუჩაში შვილების გაშვებაც კი გვეშინია. რა მნიშვნელობა აქვს ხეებსა და სტადიონებს, თუ ქალაქში სიცოცხლე დაუცველია და სიმართლე დამალულია?
ჩვენ ვაცხადებთ:
ვითხოვთ სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას;
ვითხოვთ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ;
ვითხოვთ, რომ საზოგადოებას სიმართლე ეთქვას!
გივიკო სასტიკად არის მოკლული
ბატონო მერო, ნდობა ვერ აიგება მხოლოდ ინფრასტრუქტურით. ნდობა იქმნება მაშინ, როცა სამართალი დაცულია. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ადგილი, სადაც შვილებს მშვიდად ვუშვებთ ეზოში.
ჩვენ გვჭირდება სიმართლე და უსაფრთხოება" – ახლა და არა ხვალ" - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გორში, 15 წლის მოზარდის ცხედარი ქალაქის ცენტრში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ეზოში ნახეს. გამოძიება თავდაპირველად განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, მოზარდმა დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიიღო, რის გამოც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გააგრძელეს. ახლობლების განცხადებით, მოზარდი სიმაღლიდან გადმოაგდეს.