გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" სექტემბრის პირველი კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:
-ზაფხული ნამდვილად ცხელი ამინდებით გამოირჩეოდა. საქართველოში სიცხე სექტემბრის დასაწყისშიც მოსალოდნელია. 2 სექტემბრიდან ჩვენი ქვეყნის ჩრდილო რაიონებიდან, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოზე, შედარებით გრილი ჰაერის მასები იმოქმედებს. ამიტომ, შემიძლია, ვთქვა, რომ კვირის განმავლობაში, საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
დედაქალაქი ამ კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის გავლენის ქვეშ იქნება. ამიტომ, მაქსიმალური ტემპერატურა კვირის პირველ ნახევარში +35, +36 გრადუსი შენარჩუნდება. 3 სექტემბრიდან შედარებით გრილი ჰაერის მასების მოქმედებაა მოსალოდნელი, ამიტომ დღის ბოლოს დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომელიც 4 სექტემბერსაც შენარჩუნდება. 5 სექტემბრის ღამის საათებში ქარის ძალა შესუსტდება. ეს ტემპერატურაზე გავლენას არ იქონიებს. 6 სექტემბერს შესაძლებელია, დედაქალაქში გაწვიმდეს, ჰაერის ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს. შაბათ-კვირას უფრო მეტად ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება, ტემპერატურა კი რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები ჩვენი ქვეყნის ჩრდილო რაიონებიდან შემოსვლას შავი ზღვის ტერიტორიაზე დაიწყებს. თუ პირველ სექტემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +37, +38 გრადუსი იყო, 2 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება წვიმას, ზოგან ელჭექს, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას გამოიწვევს, რაც 3-4 სექტემბერსაც შენარჩუნდება. ეს ტემპერატურაზეც იმოქმედებს. 6 სექტემბერს შესაძლებელია, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იყოს ელჭექით და ჰაერის ტემპერატურამ კიდევ დაიკლოს.
აღმოსავლეთ საქართველოშიც გრილი, ნოტიო ჰაერის მასები იმოქმედებს. ამიტომ, კვირის განმავლობაში ზოგან ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ელჭექით. ასევე, ზოგან დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. შიდა ქართლში, კახეთთან შედარებით, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაკლებას უფრო ადრე დაიწყებს. 5 სექტემბრის ჩათვლით კახეთის რაიონში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და +35, +36 გრადუსი იქნება. არ არის გამორიცხული 3-4 სექტემბრის ღამის საათებში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იყოს, ელჭექით. შესაძლებელია სეტყვაც და ცალკეულ რეგიონებში დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. 6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ელჭექით. შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის კიდევ დაკლება. ტემპერატურის კლება 7 სექტემბერსაც შენარჩუნდება.