სიყვარულს რომ ასაკი არ აქვს, ამაში ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად გვარწმუნებენ. ბევრი მათგანი დაოჯახებას, ახალი ურთიერთობის დაწყებას სწორედ დიდ ასაკში გადაწყვეტს და გულშემატკივრებს საკუთარ ბედნიერებას უზიარებს. ასევე, ასაკობრივი სხვაობაც ხშირია, რაც წყვილებისთვის დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენს.
მაგალითად, აარონ ტეილორ-ჯონსონი თავის მეუღლეზე, სემზე, 23 წლით უმცროსია. როდესაც მას სემი შეუყვარდა, მხოლოდ 17 წლის იყო. წყვილი 10 წელზე მეტია, დაქორწინებულია. ლეონარდო დიკაპრიოს, პირიქით, ახალგაზრდა გოგონები მოსწონს და ხშირად მისი მეგობარი ქალები მასზე ორჯერ ნაკლები ასაკის არიან. ახლა მსახიობი ახალგაზრდა სუპერმოდელს, ვიტორია ჩერეტის, ხვდება. მსგავსი უამრავი მაგალითია. ახლახან კი 70 წლის კევინ კოსტნერი 46 წლის მეგობარ ქალთან ერთად დააფიქსირეს.
ჟურნალისტებმა კოსტნერი ახალი სიყვარულის შესახებ ინფორმაციის მოძიება სწრაფადვე შეძლეს. აღმოჩნდა, რომ მსახიობი კელი ნუნან-გორსზეა შეყვარებული. ქალი რეჟისორი და სცენარისტია. ცნობილია, რომ კელი, დაახლოებით, 2 წლის წინ განქორწინდა. იქამდე კი 8 წლის განმავლობაში მილიონერ მწერალზე, ალეკ გორსზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ. კოსტნერმა და ნუნან-გორსმა ერთმანეთი პროფესიულ წრეში გაიცნეს. მაშინ კევინს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მსახიობი 2023 წელს მეორე ცოლს, კრისტინ ბაუმგარტნერს დიდი სკანდალით დაშორდა.
კევინ კოსტნერი და კრისტინ ბაუმგარტნერი 2000-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ. მოგვიანებით, მსახიობმა აღიარა, რომ სწორედ მაშინ, მის ცხოვრებაში არსებული ყველა პროფესიული და პირადი სირთულის შემდეგ, კრისტინის სახით ნათელი წერტილი გაჩნდა. ისინი 2004 წელს დაქორწინდნენ. კევინსა და კრისტინს 3 საერთო შვილი ჰყავთ.
2023 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ლამაზი წყვილი დაშორდა. განქორწინების ინიციატორი კრისტინ ბაუმგარტნერი იყო. მაშინ დაშორების ზუსტი მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ქალმა თქვა, რომ ქმარს „შეურიგებელი უთანხმოებების“ გამო შორდებოდა. თავიდან, თითქოს, წყვილმა შვილებზე მეურვეობის საკითხიც მარტივად მოაგვარა, თუმცა მალევე დიდი დაპირისპირება დაიწყო.
ბაუმგარტნერმა სასამართლო ხარჯების კომპენსაციის სახით კოსტნერისგან 400 000 აშშ დოლარი მიიღო. ქალმა ასევე ყოველთვიურად 160 000 აშშ დოლარის ალიმენტი მოითხოვა. მსახიობმა ეს თანხა გაასაჩივრა და ახლა 63 000 აშშ დოლარს იხდის. კრისტინ ბაუმგარტნერმა პირადი ცხოვრება საკმაოდ სწრაფად აღადგინა. განქორწინებიდან წელიწადნახევარში ფინანსისტ ჯოშ კონორზე დაქორწინდა.
კევინ კოსტნერს განქორწინების შემდეგ რამდენიმე ქალთან ურთიერთობას მიაწერდნენ, თუმცა როგორც ანონიმური წყაროები საუბრობენ, ახლა მსახიობს კელი ნუნან-გორსთან სერიოზული რომანი აქვს და იმაზე ბედნიერად გამოიყურება, ვიდრე როდისმე. წყვილი ცოტა ხნის წინ ასპენის მახლობლად მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო, თუმცა ცდილობდნენ, რომ ყურადღება არ მიეპყროთ.
მათ სურთ, თავიანთი ურთიერთობა ზედმეტი საჯაროობისგან დაიცვან, ამიტომ ინტერვიუებში ერთმანეთის შესახებ არაფერს ამბობენ. თუმცა, როგორც ინსაიდერები აღნიშნავენ, ახლა კევინ კოსტნერი საბოლოოდ მზადაა, რომ ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყოს. როგორც ცნობილია, საერთო ინტერესებმა მსახიობი და რეჟისორი დააახლოვა და თავს ერთად ბედნიერად გრძნობენ.
მათ ერთად დასვენება, სერფინგი, ძაღლებთან ერთად გასეირნება უყვართ. სხვათა შორის, ბევრი აღნიშნავს, რომ კელი ნუნან-გორსი კევინ კოსტნერის ყოფილ ცოლს ჰგავს... კევინ კოსტნერის ბევრი გულშემატკივარი მსახიობის ახალი ურთიერთობის განვითარებას დიდი ინტერესით ელოდება.