უკრაინელი მოდელი, რომელიც დუბაიში დასახიჩრებული იპოვეს, შესაძლოა, ბრალდებულის სკამზე თავად აღმოჩნდეს - ახალი დეტალები საქმეზე, რომელშიც მსხვერპლი დამნაშავედ გამოჰყავთ - მშობლები

უკრაინელი მოდელი, რომელიც დუბაიში დასახიჩრებული იპოვეს, შესაძლოა, ბრალდებულის სკამზე თავად აღმოჩნდეს - ახალი დეტალები საქმეზე, რომელშიც მსხვერპლი დამნაშავედ გამოჰყავთ

2025-09-03 11:06:21+04:00

დუბაიში დაშავებული უკრაინელი მოდელის, მარია კოვალჩუკის ისტორია საბოლოოდ სასამართლომდე მივიდა. თუმცა, შესაძლოა, თავად მსხვერპლი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს... ოფიციალურად, დუბაის პოლიცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გოგონამ მრავლობითი დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც სამშენებლო მოედანზე მარტო წავიდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.

სანამ გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო, ყველანაირი ჭორი გავრცელდა. მათ შორის, განიხილებოდა ვერსია, რომ მარია შეიხების წვეულებას დაესწრო და იქ ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს ყველაფერი 19 მარტს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მოდელი მრავლობითი დაზიანებებითა და მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა პარალიზებული იყო და ვერ ლაპარაკობდა. ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდნენ, რომ მარია გადაერჩინათ და დღეს ის რეაბილიტაციის კურსს გადის.

maria-kovalchuki-11-1756883496.jpg
მარია კოვალჩუკი

მას შემდეგ, რაც მარია გონს მოვიდა, გავრცელებული ინფორმაცია შეიხების წვეულებასთან დაკავშირებით უარყო და ახალგაზრდების ჯგუფს დასდო ბრალი, რომლებიც, მისი თქმით, იმ სასტუმროში გაიცნო, სადაც ცხოვრობდა.

ახლა ერთ მხარეს არიან მარია კოვალჩუკი და მისი დედა ანა, ხოლო მეორე მხარეს - ახალგაზრდების ჯგუფი. ყველა მათგანი მდიდარი ოჯახიდანაა. ისინი ამბობენ, რომ მარია კოვალჩუკსა და დედამისს ფინანსების გამოძალვა სურთ და სიცრუეს ავრცელებენ. თავის მხრივ, მარია და მისი დედა, ანა, ამბობენ, რომ რაკი ახალგაზრდები მდიდარი ოჯახიდან არიან, ბევრი ნაცნობი ჰყავთ და გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს.

მარიამ რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ ნაცნობებთან ერთად სასტუმროში ერთ დღეზე მეტი გაატარა, რის შემდეგაც არტემ პოპაზოვი კერძო თვითმფრინავით ტაილანდში წაყვანას დაჰპირდა. თუმცა, ალკოჰოლმა ყველა გეგმა ჩაშალა. მარიას თქმით, პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა, შემდეგ კი ბიჭები აგრესიულები გახდნენ და უყვიროდნენ: "შენ ჩვენი ხარ! რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ". გოგონები მარიას არ იცავდნენ, უფრო მეტიც, ტანსაცმელი წაართვეს და საბოლოოდ ის სასტუმროდან მხოლოდ ხალათით გაიქცა. მისი ბოლო მოგონება სწორედ ის მშენებარე შენობას უკავშირდება, რომლის მახლობლადაც უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

maria-kovalchuki-1-1756883521.jpg
მარია კოვალჩუკი

"მშენებარე შენობა იყო. იატაკზე ვიჯექი და ქვემოდან ბიჭების ყვირილის ხმა მესმოდა. შემდეგ მეხსიერება გამიქრა. შეიძლება, თავში რაღაც ჩამარტყეს. რაც მახსოვს არის ის, რომ გამვლელი მანქანა გაჩერდა და ხალხმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა." - იხსენებს ახალგაზრდა მოდელი.

ამბავი ძალიან დამაბნეველი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, მარიას მრავლობითი მოტეხილობები ადასტურებს იმას, რომ გოგონა სასტიკად იყო დაზიანებული. მეორე მხრივ, პოლიციაში სასტუმროდან ამოღებული ჩანაწერებია, სადაც ჩანს, რომ მარიას სასტუმროს გარეთ არავინ მისდევდა.

ის ახალგაზრდები, რომლებსაც მარია კოვალჩუკი დამნაშავეებად ასახელებს, ახლა გოგონას თავად უჩივიან. კოვალჩუკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები სამი ქვეყნის სასამართლოშია. წვეულების მონაწილეებმა სარჩელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (სადაც მოვლენები მოხდა), ნორვეგიაში (სადაც მარია კოვალჩუკმა და მისმა დედამ ანამ ინტერვიუ მისცეს) და უკრაინაში (სადაც დედა-შვილი ტელევიზიით გამოჩნდა) შეიტანეს და გოგონას ცილისწამებისთვის უჩივიან.

milena-dolganova-1756883555.jpg
მილენა დოგანოვა

მილენა დოლგანოვა, რომელსაც მარია კოვალჩუკი დამნაშავედ ასახელებს, ამბობს, რომ თავდაპირველად კოვალჩუკთან მშვიდად დალაპარაკება სცადეს. თუმცა, ცილისწამების ფონზე, ისინი გაჩუმებას აღარ აპირებენ:

"ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვინდა და სხვა არაფერი. სასამართლო კი უკიდურესი საშუალება იყო. ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარება, მორიგება შევთავაზეთ. მათ ეს არ სურდათ... ახლა უზარმაზარი ჯარიმები, კომპენსაცია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო ჩვენს მხარეს იქნება, რადგან კანონი ჩვენს მხარესაა. კანონს არ ვარღვევთ, ჩვენი მოგების ალბათობა ძალიან მაღალია. რომ არა ეს ცილისწამება, ჩვენ არ ჩავერეოდით. ​​მაგრამ იძულებულნი ვართ, ჩვენი და ჩვენი ოჯახების რეპუტაცია დავიცვათ." - ამბობს მილენა დოლგანოვა.

ახალგაზრდები მარია კოვალჩუკისგან ახლა არა მხოლოდ ცილისწამებისთვის, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ითხოვენ პასუხს. თუ დადგინდება, რომ კოვალჩუკი მათ ცილს სწამებს, საკმაოდ დიდი სასჯელი და ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

maria-kovalchuki-2-1756883580.jpg
მარია კოვალჩუკი

კოვალჩუკის თქმით, ის დუბაიში მეგობრების მოსანახულებლად გაფრინდა. დასვენებას, ლამაზი ვიდეოების გადაღებასა და მაღაზიებში სხვადასხვა ნივთის შეძენას გეგმავდა. დაბადების დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნეს და ასევე ნაცნობ ფოტოგრაფთან ფოტოსესიები გამართეს. მას შემდეგ, რაც მისი მეგობრები რუსეთში დაბრუნდნენ, გოგონა მარტო დარჩა. როგორც თავად ამბობს, დუბაიში კიდევ ერთი ბარტერული ფოტოსესია ჰქონდა.

როგორც ახალგაზრდა მოდელი ამბობს, იქიდან ტაილანდში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ფრენამდე ჩაეძინა. როდესაც სასტუმროს ფოიეში ჩემოდნებით ხელში ჩავიდა, შეხვდა ბიჭს, რომელიც წინა დღეს კარაოკე-ბარში გაიცნო. მათ კონტაქტები გაცვალეს და ისაუბრეს.

"ის მეგობრებთან ერთად იყო. ჩემი ამბავი მოვუყევი. ვუთხარი, რომ თვითმფრინავზე დამაგვიანდა და ჩემი ბილეთიც გაუქმდა. მათ დახმარება შემომთავაზეს. მითხრეს, რომ შემეძლო, ოთახში მათთან ერთად წავსულიყავი და ისინი დამეხმარებოდნენ. უფრო სწორად, არტემი დამეხმარებოდა." - იხსენებს მარია.

მისი თქმით, ბიჭმა მამას დაურეკა და კერძო თვითმფრინავით გაფრენას დაჰპირდა. მარია აღნიშნავს, რომ არტემი და მისი მეგობრები ფხიზლები იყვნენ და მათთან ერთად ვერანაირი საფრთხე ვერ იგრძნო. დედასაც კი დაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო.

"საბოლოოდ, ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, მეორე დღეს ბიჭები რაღაცაზე გაბრაზდნენ და ალკოჰოლის საყიდლად წავიდნენ." - ამბობს მარია.

kovalchuki-1756883649.jpg
მარია კოვალჩუკი

მოდელის დედა ამბობს, რომ გავლენიანი ოჯახის შვილები სასჯელის თავიდან არიდებას ცდილობენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

მილენა დოლგანოვა კი ამბობს:

"ვფიქრობ, მთელი ცილისწამება იმ ფაქტს ეფუძნება, რომ დიდი ხნის განმავლობაში მარია კოვალჩუკის ისტორია მის მიმართ უამრავი სიყალბითა და ნეგატივით იყო სავსე. ამიტომ, ის არასდროს აღიარებს, რომ ბრალი მას ეკისრება და ყველაზე მარტივი გამოსავალია, ვინმეს გადააბრალოს." - ამბობს გოგონა.

თავის მხრივ, მარიას დედა, ანა, სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ამბობს:

"მე და მარია ახლა ჩუმად ვართ არა იმიტომ, რომ გვეშინია ამ ადამიანების მუქარის, რომლებიც მუქარას სოციალურ ქსელში ღიად გამოხატავენ. არამედ იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს." - ამბობს ქალი.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში.