"ანაფილაქსიის მკურნალობაში არ არსებობს მისი შემცვლელი მედიკამენტი" - ცნობილი ექიმის რჩევები მწერის ნაკბენსა და მის გართულებებზე - მშობლები

"ანაფილაქსიის მკურნალობაში არ არსებობს მისი შემცვლელი მედიკამენტი" -რომელ პრეპარატს ასახელებს ცნობილი ექიმი მწერის ნაკბენსა და მისი გართულებების შემთხვევაში მკურნალობის გზად

2025-09-03 11:44:23+04:00
ექიმი არჩილ მარშანია მწერის ნაკბენის შედეგად წარმოქმნილ გართულებებზე წერს და მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ამ შემთხვევაში საუბარია ფუტკრის და კრაზანას ნაკბენზე.
ექიმის თქმით, ყველაზე ხშირად, ნაკბენის შემდეგ, გაურთულებელი ლოკალური რეაქციები ვითარდება. ადგილობრივად აღინიშნება სიწითლე და მტკივნეული შეშუპება (1–5 სმ დიამეტრით), რომელიც ვითარდება რამდენიმე წუთში და ქრება რამდენიმე საათში. ზოგჯერ შეშუპება გრძელდება 1–2 დღე.
იშვიათად - ნაკბენების დაახლოებით 10%-ში - ვითარდება მკვეთრი სიწითლე და შეშუპება, რომელიც ნელ-ნელა იზრდება 1–2 დღის განმავლობაში.
ზრდა პიკს აღწევს 24–48 საათში და 5–10 დღეში ქრება.
არჩილ მარშანია "პირველადი დახმარების ცენტრის" გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნაკბენის მძიმე გართულებასა და ანაფილაქსიაზეც საუბრობს:
ანაფილაქსიის დროს ჩნდება სხვადასხვა სიმპტომები:
▪️ კანი - გენერალიზებული ურტიკარია, სიწითლე, შეშუპება.
▪️ სასუნთქი სისტემა - ხმის ჩახლეჩა ან ზედა სასუნთქი გზების დახშობა, ქოშინი, ხიხინი ბრონქოსპაზმის შედეგად.
▪️ გულსისხლძარღვთა სისტემა - თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა, შოკი.
სტატისტიკა:
▪️ ანაფილაქსია აღირიცხება ნაკბენების 0.3–3% შემთხვევებში.
▪️ ალერგია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა მოზრდილებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ფატალური შემთხვევების უმეტესობა სწორედ მათში ფიქსირდება.
ანაფილაქსიის მკურნალობა:
  • პირველი არჩევის პრეპარატი არის ეპინეფრინის კუნთშიდა ინექცია ბარძაყზე.
  • მას არ აქვს ალტერნატივა და ანაფილაქსიის მკურნალობაში არ არსებობს მისი შემცვლელი მედიკამენტი.
  • დექსამეტაზონი არ არის ეფექტური ანაფილაქსიის მკურნალობაში, ბევრი მიზეზის გამო და შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი რეკომენდაცია თუ სამედიცინო ლიტერატურა, სადაც ანაფილაქსიის მკურნალობაში დექსამეტაზონია შეტანილი, მითუმეტეს ამპულის გატეხვით და მისი დალევით.
  • სისტემურ რეაქციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, სიმძიმის მიუხედავად (არ აქვს მნიშვნელობა, მსუბუქია ეს სისტემური რეაქცია თუ მძიმე), პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს კლინიკაში და გაიაროს კონსულტაცია ალერგოლოგთან/იმუნოლოგთან.
  • საქართველოში ანაფილაქსიური რეაქციები იშვიათია: წლიურად შეიძლება დაფიქსირდეს დაახლოებით 70 შემთხვევა (სხვადასხვა მიზეზით, არა მხოლოდ მწერის ნაკბენით). მათი უმრავლესობა სიკვდილის გარეშე სრულდება (99%), ხოლო წლიური სიკვდილიანობა საშუალოდ 1 შემთხვევას შეადგენს.
იხილეთ პოსტი სრულად