"სააბიტურიენტო ფაციფუცს მე-12 კლასში იწყებენ. წინა წლებში არნასწავლი მასალის ხარისხიანად გავლა ამ დროში წარმოუდგენელია. ბავშვი, რომელსაც უსწავლელობის გამო შესაბამისი გონებრივი შესაძლებლობები არ უვითარდება, ბოლოს სასკოლო პროგრამას ვეღარ ეწევა" - მათემატიკის გამოცდილი პედაგოგი განათლების სირთულეებსა და მთავარ გამოწვევებზე - მშობლები

"მათემატიკას არა თეორიულად, არამედ მექანიკური დამახსოვრებით ვასწავლით, რაც აბსურდი და წარმოუდგენელია... მთავარი შეცდომა არის დუმილი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ხდება"

2025-09-03 20:23:51+04:00

ყოველწლიურად მათემატიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდის დაწერა ბევრ აბიტურიენტს უჭირს. ისინი ხშირად ამბობენ, რომ ტესტი სკოლის პროგრამას არ შეესაბამება და მხოლოდ მათემატიკური სკოლების კურსდამთავრებულების ცოდნაზეა მორგებული. ზოგადადაც, მათემატიკა არის საგანი, რომელიც მოსწავლეებს, როგორც დაწყებით, ასევე შემდგომ საფეხურებზე ყველაზე მეტად უჭირთ.

რომან თეთვაძე მათემატიკოსია. ის 18 წელია, მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ საგნის სწავლებაში არაერთი ხარვეზი, სახელმძღვანელოები, არასწორად შედგენილი სასწავლო გეგმა, ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის მათემატიკის ტესტის შეუსაბამობა და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორი იწვევს იმას, რომ უამრავი აბიტურიენტი ყოველწლიურად იმედგაცრუებული რჩება. ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, რაში ხედავს გამოსავალს:

- მათემატიკის გამოცდის შემდეგ აბიტურიენტების დიდი ნაწილის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვა, ფაქტობრივად, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ისინი ხშირად ამბობენ, რომ მსგავსი რთული ტესტი აქამდე არ დაუწერიათ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

პირველი, ბავშვები საგამოცდო ემოციას მიჩვეულნი არ არიან. ცალკეული სკოლების, ინდივიდუალური არჩევანის გარდა, სხვადასხვა საფეხურზე შიდა გამოცდები აღარ ტარდება. თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ხშირად ეს რეალური სირთულის გამოცდა არ არის. შესაბამისად, მოსწავლეს ეს ემოცია ხელს უშლის და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა უჭირს.

მეორე, სასკოლო სწავლების ხარისხი კატასტროფულია. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვების გონებრივი განვითარება ვერ მიმდინარეობს ისე ჯეროვნად, როგორც უნდა იყოს. კონკრეტულად, მოსწავლემ მე-8, მე-9, მე-10 კლასში რომ გარკვეული საკითხები არ ისწავლა, იმ არსწავლამ მის გონებრივ განვითარებას გარკვეული დაღი დაასვა. ხშირად სააბიტურიენტო ფაციფუცს მე-12 კლასში იწყებენ. მე-12 კლასში იმ წინა წლებში არნასწავლი მასალის ხარისხიანად გავლა წარმოუდგენელია. იმის გამო, რომ ბავშვს თავის დროზე შესაბამისი გონებრივი შესაძლებლობები არ განუვითარდა, სასკოლო პროგრამას ვეღარ ეწევა.

- ყოველწლიურად აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტი რთული იყო. თქვენ როგორ შეაფასებთ ტესტის სირთულეს?

- ტესტი რთული კი არა, შეუსაბამოა. 41 საკითხიდან 37 დახურული შეკითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათემატიკაზე ვსაუბრობთ, სადაც ამოცანის ამოხსნა, ცვლადის შემოტანა, მონაცემთა გამოსახვა, ამოხსნის ეტაპების ჩაწერა მთავარი ხიბლია. დახურულ ტესტებში ეს არ ჩანს. ეს მხოლოდ შეუსაბამო კი არა, მათემატიკის ტესტის "მკვლელობაა". ჩვენ მათემატიკაში გვაქვს საგამოცდო ტესტი, რომელიც ცოდნას რეალურად ვერ ამოწმებს. ადამიანმა, რომელსაც იღბალი, ინტუიცია აქვს და ტესტები სრულიად გაუაზრებლად შემოხაზა, შეიძლება, გამოცდაზე 30 ქულა მიიღოს. 30 ქულა კი მათემატიკაში საგრანტო ქულა... შესაბამისად, ამ ტესტის პრობლემა არა სირთულე, არამედ შეუსაბამობაა. მოსწავლეები რთულად აღიქვამენ იმიტომ, რომ შესაბამისი ხარისხის ცოდნა არ აქვთ მიღებული. შემდეგ, ტესტთან მიმართებით დროის პრობლემაც იკვეთება. ეს ყველაფერი კი ბავშვისთვის სრულიად არასასურველ გარემოს ქმნის.

- ზოგადად, სკოლის წლებში, მათემატიკის სწავლის სირთულეებზე ერთი მხრივ მოსწავლეები, მეორე მხრივ კი მშობლები და მასწავლებლები ხშირად საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი შეცდომა, რასაც მოსწავლეები, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად უშვებენ და არასასურველ შედეგს იღებენ?

- პირველ რიგში, ყველაზე მთავარი შეცდომა არის დუმილი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ხდება. ამ მოვლენებზე დუმილი ნიშნავს იმას, რომ მომავალი თაობების ინტელექტუალური გენოციდის თანამონაწილე ხდები. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ტექნოლოგიური სასწაულების ერაა. დილით რომ გავიღვიძებთ, წინა საღამოს მიღებული ინფორმაცია შესაძლოა, მოძველებული იყოს, რადგან სხვამ სწორედ იმ საათებში ბევრად ახალი და განსხვავებული აღმოჩენა გააკეთა. ამ დონის სისტემაში ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა "სულს ღაფავს" და ამაზე ყველა დუმს... ამაზე დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა.

ძალიან საღად მოაზროვნე მოსწავლეები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მათ კონკრეტული საგნობრივი ცოდნის პრობლემა ჰქონდეთ, სწორად და მაღალ დონეზე ინფორმირებული თაობაა. საღად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან და მათ სკოლაში შესაბამისი გარემო სჭირდებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარება შეძლონ.

ცხოვრებაში არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც არასდროს ვაპირებ. მაგრამ, მივალ ნებისმიერთან, ვინც განათლების საკითხებზე საუბარს დაიწყებს და საკუთარ იდეებს გავაცნობ. ჩემს გვერდზეც ხშირად ვწერ იმაზე, რაც ხდება.

გარდა ამისა, სკოლებში ურთიერთობის პრობლემაა. ბავშვს გულწრფელად უნდა ავუხსნათ ის, თუ რატომ სწავლობს. ხშირად მასწავლებელსა და მოსწავლეს ამ თემაზე კომუნიკაცია საერთოდ არ აქვს და არა მხოლოდ მათემატიკა, არამედ სხვა საგნებიც, დაზეპირებით ისწავლება.

ამიტომ, ცალმხრივად, მშობელს, მასწავლებელს ან მოსწავლეს ვერ დავადანაშაულებთ. ამ სიტუაციაში ყველას გარკვეული ბრალეულობა აქვს და მთავარი, ყველაზე დიდი დანაშაული, როგორც აღვნიშნე, დუმილია. არ შეიძლება, ჩვენი მომავალი თაობის ბედზე ვდუმდეთ.

- რა შეგიძლიათ, სახელმძღვანელოებზე გვითხრათ - რამდენად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს?

- ეროვნული სასწავლო გეგმა თავიდანაა დასაწერი... სახელმძღვანელოები კატასტროფულ ენაზეა შედგენილი. დედა მათემატიკოსი მყავს. ბავშვობიდან მიმაჩვია, რომ ყველა წესი, თეორია, ჩემი ხელით დამეწერა და მათემატიკა ასე მესწავლა. მათემატიკური თეორიის წიგნი გავაკეთე, რომელიც ძალიან პოპულარულია, რადგან აქამდე ასეთი წიგნი არ არსებობდა. მათემატიკას თეორიულად არ ვასწავლით. მათემატიკას მექანიკური დამახსოვრებით ვასწავლით, რაც აბსურდი და წარმოუდგენელია.

საათობრივი და პროგრამული განაწილებაც არასწორი და არაჯანსაღია. მაგალითად, ყველა სიახლე, სირთულე მე-9 კლასის სახელმძღვანელოშია თავმოყრილი. შესაბამისად, მე-9 კლასი ხდება ხოლმე ის ეტაპი, როდესაც მოსწავლეების დიდი ნაწილი მათემატიკის სწავლას თავს საერთოდ ანებებს...

- მათემატიკა დაწყებითი კლასებიდანვე ბევრი ბავშვისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორ ფიქრობთ, ამ საფეხურზე მაინც რატომ უჭირთ სხვადასხვა საკითხის გაგება?

- ზოგიერთი ბავშვი უცხოურ ენას უფრო მარტივად სწავლობს, ზოგი კი - შედარებით რთულად. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობის სპეციფიკურობა არსებობს. მათემატიკა მარტივად სასწავლი საგანი არ რის. მას ბევრი და სისტემატური შრომა სჭირდება, რომ მოსწავლემ წარმატების მიღწევა შეძლოს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა ყველას შეუძლია, თუკი მოსწავლე მინიმალურად მაინც მოინდომებს.

გარდა ამისა, მშობლების ჩართულობა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. არიან მშობლები, რომლებიც ბავშვებს ამეცადინებენ, ხელს უწყობენ, მოტივაციის პოვნაში ეხმარებიან. სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, შვილების სასწავლო პროცესში სრულად ჩაერთონ და ბავშვს მეცადინეობისას დაეხმარონ. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები გვაქვს. ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ მშობლები ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ შვილებს ელემენტარული პირობები შეუქმნან. ამიტომ, რთულია, ვინმეს ვუსაყვედუროთ, თუ რატომ არ ერთვებიან ბავშვების მეცადინეობის პროცესში. ადამიანები ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წასულები...

მაგრამ, მშობელს თუ უნდა, რომ შვილს დაეხმაროს, პირველ რიგში, მან ხარისხიანი განათლება უნდა მოითხოვოს. სიჩუმე დანაშაულში თანამონაწილეობაა. შვილზე ძვირფასი, მის განათლებაზე მნიშვნელოვანი ადამიანს რა შეიძლება, გააჩნდეს?! როცა ვხედავთ, რომ სკოლა მისი განათლებისთვის ვერაფერს აკეთებს, ამაზე სიჩუმე წარმოუდგენელია...

- მათემატიკა ბევრ ბავშვს არ უყვარს. როგორ ფიქრობთ, რა ხერხით შეიძლება, მასწავლებელმა მოსწავლე დააინტერესოს?

- ცუდად ასწავლიან და ცუდად სწავლობენ. შესაბამისად, რაც გიჭირს, ის გაღიზიანებს და არ გიყვარს... პირველ რიგში, ბავშვებთან სწორი ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ადამიანის წარმატების ხარისხს ცალკე აღებული არც ერთი საგანი არ განაპირობებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი შეაყვაროს. მათი მთავარი ამოცანაა, ბავშვებს შემდეგი ჩვევების ჩამოყალიბებაში შეუწყონ ხელი:

შრომისმოყვარეობა - საქმეს, რასაც ვაკეთებთ, უნდა გვიყვარდეს და სიამოვნებას ვიღებდეთ.

პასუხისმგებლობა - ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები: "ჩემთან დავალების გარეშე მოსვლის რომ შეგრცხვებათ, ასევე შეგრცხვებათ სამსახურში შეუსრულებელი საქმით მისვლა. შეგრცხვებათ ოჯახის, სხვადასხვა საქმის მიმართ უპასუხისმგებლოდ მოქცევა" და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება წარმატების გარანტიაა.

გონებრივი განვითარების ეტაპობრივი მსვლელობა - მასწავლებელი მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, ეტაპობრივად დაძლიოს ის პროგრამა, რომელიც შემდგომი საკითხების შესასწავლად მნიშვნელოვანია.

ვინმეს მათემატიკა, ქიმია ან სხვა რომელიმე საგანი ეყვარება, ეცოდინება თუ არა, ეს ნაკლები პრობლემაა. მთავარია, მათ ჰქონდეთ ის თვისებები, რაც სასურველ შედეგებამდე მიიყვანს და საკუთარ გზას აპოვნინებს. არსებობენ ძალიან წარმატებული ადამიანები, რომლებმაც მათემატიკა საფუძვლიანად საერთოდ არ იციან.პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა და სწორი გონებრივი განვითარება წარმატებას განაპირობებს.

- დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ხშირად მასწავლებლები ბევრ დავალებას აძლევენ და ფიქრობენ, რომ, პირობითად, 50 მაგალითის ამოხსნა მათ ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარებათ. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად ეფექტურია?

- ბავშვს უნდა მივცეთ იმ რაოდენობის დავალება, რომ მას ყველა საგანში მეცადინეობისა და დასვენებისთვის დრო დარჩეს. ბავშვი ამ ასაკში თამაშისა და გართობის გარეშე, გადაიღლება და შესაძლოა, სწავლის ხალისი საერთოდ გაუქრეს. გულწრფელად გეტყვით, მსგავსი მიდგომის შესახებ არ გამიგია. თუმცა, თუ მასწავლებლები ასეთ მეთოდს ირჩევენ, ვფიქრობ, მიუღებელია.

- ხშირად აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ თუ 2 წელი ან ბოლო წელი მოემზადებიან, მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე კარგ შედეგს მიაღწევენ. როგორც ფიქრობთ, ეს რამდენად სწორი მიდგომაა?

- პირველ რიგში, განვსაზღვროთ, ვისთვის რა არის კარგი შედეგი. მყავდა მოსწავლეები, რომლებმაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქულები მიიღეს. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და ასევე, კონკრეტული მოსწავლისთვის, ის დაბალი შეფასებაც მიღწევა იყო ( ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე) და მაღალი ქულაც. ამიტომ, კარგი შედეგი თითოეული აბიტურიენტისათვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

რაც შეეხება პროგრამის დაძლევას, გააჩნია, ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებსა და ასევე მოლოდინებს. თუ მოსწავლე იქამდე სკოლაში არაფერს სწავლობდა, თუ ნულოვანი დონე აქვს, 2-წლიანი მეცადინეობით მაღალი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გააჩნია, ვისთვის რა ითვლება წარმატებულ შედეგად.

- მათემატიკაში, ვისაც გამოხატული ნიჭი არ აქვს, კარგი მეცადინეობის პირობებში დადებითი შედეგის მიღწევას შეძლებს?

- გარანტირებულად შეძლებს. ადამიანს სულ რომ მათემატიკური ნიჭი არ ჰქონდეს, თუკი ის მოინდომებს და იშრომებს, ის ბარიერის გადალახვასა და დადებითი შედეგის მიღწევას გარანტირებულად მოახერხებს.

- ბავშვებს, რომლებიც ახლა ემზადებიან აბიტურიენტობისთვის, რა შეგიძლიათ, საკუთარი გამოცდილებით ურჩიოთ, როგორ უნდა დაგეგმონ ეს პერიოდი, რომ წლის ბოლოს სასურველი შედეგი მიიღონ?

- ამ თემაზე ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები. რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბებ:

  • გააცნობიერონ, რომ ისინი საკუთარ მომავალს აშენებენ. სწავლობენ არა მასწავლებლისა და მშობლისთვის, არამედ საკუთარი ბედნიერი მომავლისთვის. მარტივი შედარება რომ გამოვიყენოთ - შენობას რომ ვაშენებთ, თუ საძირკველს მყარს გავუკეთებთ, ზედნაშენიც მყარი იქნება.
  • უნდა გააცნობიერონ, რომ სწავლა არა თვითმიზანი ან იდეაფიქსია, რომ აუცილებლად ჰქონდეთ დიპლომი, არამედ სწავლა არის საშუალება, სამომავლო წარმატების მიღწევისათვის. ახლა, ამ პერიოდში რომ იზარმაცონ და გართობას გადაყვნენ, ამით მომავალში, ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრებას გაირთულებენ. აქედან გამომდინარე, ამისთვის მზად უნდა იყვნენ.
  • სწორად იშრომონ. შესაძლოა, ადამიანი შრომობდეს, მაგრამ არასწორი მიმართულებით. "რას ვაკეთებთ?" "რისთვის ვაკეთებთ?" - თუ საკუთარ თავთან დიალოგის დროს ამ შეკითხვებზე პასუხებს იპოვიან, მაშინ ისინი წარმატებული მომავლის აშენებას შეძლებენ.

ერთი გამზადებული ფორმულა, რომელიც აბიტურიენტებს ეტყვის, თუ რა გააკეთონ წარმატებისთვის, არ არსებობს. გარკვეული პერიოდი სახლს ვაშენებთ, ვალამაზებთ, შემდეგ კი ბევრი წელი ამ სახლში ცხოვრებით ვტკბებით... სწავლის პროცესიც ასეა. სასკოლო, საუნივერსიტეტო გარემოში ვსწავლობთ, კონკრეტულ სპეციალობას, ცოდნას, უნარებს ვიძენთ და შემდეგ ჩვენი ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეალიზებით ვცხოვრობთ.

მნიშვნელოვანია, ყველამ გავაანალიზოთ, რომ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური სასწაულების ერაში, კარგი განათლების გარეშე ადამიანის ცხოვრება რთულია. მარტივი შედარება: ჩვენთან სოფლის მეურნეობა, როგორც წესი, თოხისა და ბარის დონეზეა დარჩენილი. ამიტომ, გლეხს ძირითადად თავის სამყოფი მოჰყავს. მეზობელ თურქეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაცილებით ბევრი და იაფია. ისინი, ჩვენგან განსხვავებით, თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს, ცოდნასა და მიღწევებს ამ სფეროში აქტიურად იყენებენ.

ფინეთის მაგალითიც კმარა - უკანასკნელი 35-40 წლის განმავლობაში ფინეთის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუმჯობესდა. ეს საგანმანათლებლო სისტემის სიღრსმირეულმა რეორგანიზაციამ განაპირობა. დღეს ფინური საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი სანაქებოა.

ყველაფრის თავი განათლების სისტემაა. ყველა პრობლემა აქიდან მომდინარეობს. სანამ ამას არ გავაცნობიერებთ და ცვლილებებზე არ ვიფიქრებთ, ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.

თამარ იაკობაშვილი