"ვეცადე, შემდეგ ეს ყველაფერი შემომეტრიალებინა, მაგრამ ჩემმა ერთმა ნაბიჯმა ბევრი რამ განაპირობა... ეს ყველა მშობლისთვის, ყველა მამისთვის მაგალითი უნდა იყოს" - გოგა პიპინაშვილი - მშობლები

"ვეცადე, შემდეგ ეს ყველაფერი შემომეტრიალებინა, მაგრამ ჩემმა ერთმა ნაბიჯმა ბევრი რამ განაპირობა... ეს ყველა მშობლისთვის, ყველა მამისთვის მაგალითი უნდა იყოს" - გოგა პიპინაშვილი

2025-09-08 10:15:29+04:00

მსახიობი გოგა პიპინაშვილი გადაცემაში "მამების დრო" შვილების ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის როლზე საუბრობს და იხსენებს პირად მაგალითს, როდესაც შვილს მოუცლელობის გამო საყვარელი საქმის გაკეთების მოტივაცია დაუკარგა:

- ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეუღლემ მითხრა: "ანო რომ წერს, იცი?!" ვუთხარი, შემჩნეული მაქვს, რომ ზის და წერს-თქო. უბრალოდ არ წამიკითხავს-მეთქი... მითხრა, შენი ერიდება და არ გაკითხებსო. ძალიან მინდა, რომ წაიკითხოო. ამ დროს კაბინეტში ვიჯექი. არ ვიცი, დედამ შვილს რა უთხრა. ცოტახანში ჩემთან შემოვიდა. რაღაც საქმეს ვაკეთებდი. ძალიან ჩართული ვიყავი, გაჩერება რომ არ შეიძლებოდა, ისე. მოვიდა თავის ნაწერით. მითხრა, მამა ეს დავწერეო. ვუთხარი, აუცილებლად წავიკითხავ-თქო და ჩემი საქმე გავაგრძელე. ეს იყო, ფურცელი გადაფხრიწა და მას შემდეგ ხელი აღარ მოუკიდებია... არც ერთი საქმე არ ღირს იმად, რომ ეს წამი, ეს არანორმალური დამოკიდებულება საკუთარ შვილს შენ მიმართ გაუფუჭო. იქ ბევრი რამ გადაწყდა... ბევრს ვეცადე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი შემომეტრიალებინა, მაგრამ ჩემმა ერთმა ნაბიჯმა ბევრი რამ განაპირობა. ეს ყველა მშობლისთვის, ყველა მამისთვის მაგალითი უნდა იყოს. ხშირად მამები მოუცლელები ვართ და რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ამის დაშვება არაფრით შეიძლება. არაფრით... თუ იმ წუთას აღმოაჩენ, რომ ერთი სული აქვს, ბურთს ფეხი დაარტყას, კარებში უნდა ჩადგე, რომ გესროლოს. სხვანაირად არ შეიძლება. ყველაზე სასურველ ძაფს დაკარგავ. ბევრი ძაფია, მაგრამ ერთი რომ გაწყდება, მერე მეორე მიჰყვება, მერე ძალა დაადგება და ასე შემდეგ.