15 წლის იტალიელი ბიჭი წმინდანად შერაცხეს - ვინ იყო კარლო აკუტისი, რომლის ცხედართანაც მილიონობით მომლოცველი იკრიბება - მშობლები

15 წლის იტალიელი ბიჭი წმინდანად შერაცხეს - ვინ იყო კარლო აკუტისი, რომლის ცხედართანაც მილიონობით მომლოცველი იკრიბება

2025-09-08 10:41:47+04:00

მოზარდი, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, სიცოცხლეში ღრმად რელიგიური იყო, ეხმარებოდა ღარიბებს, იცავდა დაჩაგრულებს და ქმნიდა ვებსაიტებს რელიგიური სასწაულების შესახებ. მისი ისტორია კათოლიკური ეკლესიის ახალგაზრდებთან ახალი კავშირის სიმბოლოდ იქცა...

15 წლის კარლო აკუტისის ისტორია, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, კათოლიკურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. კარლო ლონდონში დაიბადა იტალიელების, ანდრეა და ანტონია აკუტისების ოჯახში. მამამისი იმ დროს ერთ-ერთ უძველეს საინვესტიციო ბანკში მუშაობდა, დედა კი ინგლისურს ასწავლიდა. ოჯახი მოგვიანებით მილანში დაბრუნდა, სადაც ბიჭი გაიზარდა. კარლო ადრეული ასაკიდანვე უჩვეულოდ იყო მიჯაჭვული ეკლესიაზე. დედამისი აღიარებს, რომ ის და მისი ქმარი ნაკლებად ეკლესიურები იყვნენ, მაგრამ მათი ვაჟი მათ პირდაპირ ექაჩებოდა ეკლესიისკენ. შვიდი წლის ასაკში ის ზიარებას იღებდა და მოგვიანებით ყოველდღე ესწრებოდა წირვას.

გარდა ამისა, მოზარდი საქველმოქმედო საქმიანობაში იყო ჩართული: თავშესაფრებში საკვებს არიგებდა, ეხმარებოდა უსახლკაროებს და მხარს უჭერდა ემიგრანტ ბავშვებს, რომლებსაც ხშირად დასცინოდნენ ან ამცირებდნენ თანატოლები. სკოლაში ყოველთვის სუსტებს იცავდა, კატეგორიულად უარს ამბობდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე და პატიოსნებისა და სიკეთის მაგალითს იძლეოდა.

2300x1659-0x8ejhaeqb-6769619777359076553-1757314047.jpg

რელიგიურობის მიუხედავად, კარლო თანამედროვე მოზარდი იყო. უყვარდა ფეხბურთი, მეგობრებთან ურთიერთობა და კომპიუტერული თამაშები. თუმცა, ინტერნეტი მისთვის გართობა კი არა, რწმენის ინსტრუმენტი გახდა. მოზარდმა შექმნა ვებსაიტი, რომელიც სასწაულებისადმი იყო მიძღვნილი და დაიწყო მათი ფართო აუდიტორიისთვის დოკუმენტირება. მის პროექტს უწოდებენ ერთ-ერთ პირველ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩადგეს ციფრული ტექნოლოგიები ეკლესიის სამსახურში.

სწორედ ამიტომ, დღეს კარლო აკუტისს „კიბერსივრცის წმინდანს“ და „ინტერნეტის მფარველ წმინდანს“ უწოდებენ...

მოზარდობის ასაკში კარლოს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება სწრაფად პროგრესირებდა, მაგრამ ახალგაზრდამ ბოლომდე შეინარჩუნა სიმტკიცე და საოცარი გონების სიცხადე. როდესაც ექიმმა ერთხელ ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს, კარლომ უპასუხა: „მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე ბევრად მეტად იტანჯებიან“. 2006 წელს, 15 წლის ასაკში, კარლო გარდაიცვალა.

5000x3333-0xeccbgsbg-3027935557327674961-1757314047.jpg

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მოვლენები, რომლებსაც მორწმუნეები სასწაულებად მიიჩნევენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. მძიმედ დაავადებული ბიჭი კარლოს რელიქვიებით სავსე სიწმინდეს შეეხო, ილოცა და მალევე გამოჯანმრთელდა. ექიმებს ეს ფაქტი სამედიცინო თვალსაზრისით ვერ აეხსნათ. სწორედ ეს სასწაული გახდა კარლო აკუტისის სიწმინდის აღიარების გასაღები.

სულ ახლახან კი ვატიკანმა ოფიციალურად წმინდანად შერაცხა კარლო. ის გახდა მილენიალების თაობის პირველი წმინდანი, რომელსაც ასევე „კათოლიციზმის როკ ვარსკვლავს“ უწოდებენ.

უმბრიის სოფელი ასიზი, წმინდა ფრანცისკის სამშობლო, ათასობით კათოლიკეს მომლოცველობის ადგილად იქცა. საუკუნეების განმავლობაში ის ლეგენდარულ მქადაგებელთან ასოცირდებოდა, რომელმაც ღმერთის სამსახურში თავისი სიმდიდრე დათმო. თუმცა, დღეს კარლო მორწმუნეების მთავარ მაგნიტად იქცა. ასიზის მთავარეპისკოპოსმა დომენიკო სორენტინომ DailyMail-თან ინტერვიუში აღიარა:

„როდესაც აქ ჩამოვედი, ამ მოედანზე ყოველწლიურად შესაძლოა ერთი ან ორი ათასი ადამიანი მოდიოდა. იცით, გასულ წელს რამდენი იყო? მილიონი ან მეტი. წარსულში ყველანაირი ადამიანი მოდიოდა ფრანცისკესთან, მაგრამ ახლა ახალგაზრდები კარლოსთან მოდიან. ჩვენს დროში, როდესაც საზოგადოებას ამდენი პრობლემა აქვს, ის მათთვის მეგზურია“.

კარლოს არა მხოლოდ მილენიალების წმინდანს, არამედ ნამდვილ „კათოლიციზმის როკ-ვარსკვლავსაც“ უწოდებენ. მისი მიმზიდველი გარეგნობა, აჩეჩილი თმა, უბრალო ტანსაცმელი და მხიარული ღიმილი მას თანამედროვე მოზარდებისთვის ახლობელს ხდის. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ასიზის სანტა მარია მაიორის ეკლესიაში განისვენებს. უნიკალური შუშის საფლავი ისეა ჩამოკიდებული, თითქოს ჰაერში ლივლივებს. კარლოს ნეშტი, რომელიც 13 წლის შემდეგ ამოთხარეს და ამბობენ, რომ თითქმის სრულიად დაუზიანებელი იყო...

3500x2333-0xftnkujpa-2926134466669219670-1757313963.jpg

ენთუზიაზმით აღსავსე შეფასებების მიუხედავად, კათოლიკურ ეკლესიაში არიან ისეთებიც, რომლებიც კარლოს კანონიზაციას ეწინააღმდეგებიან. ზოგი თვლის, რომ პროცესი ძალიან სწრაფად მოხდა - მხოლოდ ათი წელი ჩვეულებრივი ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების ნაცვლად. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ვატიკანმა განზრახ დააჩქარა კარლოს სიწმინდის აღიარება, რათა ახალგაზრდები მიეზიდა და სკანდალების შემდეგ ნდობა აღედგინა.

ასევე იყო ბრალდებები, რომ მოზარდის მდიდარმა ოჯახმა შესაძლოა ნაწილობრივ დააფინანსა სასამართლო პროცესი, რაც დამატებით კითხვებს ბადებს. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ვატიკანმა კარლო აკუტისი წმინდანად აღიარა. მილიონობით ახალგაზრდა კათოლიკესთვის ის გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რწმენის თანამედროვე ცხოვრებასთან შერწყმა. ბრიტანელმა მომლოცველმა გიდმა გვენ ვაისმენმა თქვა: „კარლომ კათოლიკედ ყოფნა ისევ საინტერესო გახადა!“