ზესტაფონელი აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო - რას ყვებიან ნესტორზე მისი გამზრდელი ბებო და საყვარელი მასწავლებლები - მშობლები

ზესტაფონელი აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო - რას ყვებიან ნესტორზე მისი გამზრდელი ბებო და საყვარელი მასწავლებლები

2025-09-08 10:48:36+04:00

ზესტაფონის მე-3 სკოლის მოსწავლემ, ნესტორ მელიქიძემ, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ყველა საგანში, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მისი წარმატების შესახებ სკოლის მასწავლებლები და ბებია გადაცემაში "შუადღე" საუბრობენ. ასევე, ნესტორი იხსენებს იმ გზას, რაც წარმატებამდე გაიარა:

ლელა გაჩეჩილაძე, ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი: - ძალიან მეამაყება, რომ ნესტორისნაირი მოსწავლე მყავს და მე მისი გამზრდელი მასწავლებელი ვარ. პირველივე კლასიდან საოცრად გონიერი და მოწესრიგებული ბავშვი იყო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მასთან მუშაობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. პროგრამული მასალა უბრალოდ არ მოსწონდა... ეს მის ძალიან დიდ გონებრივ შესაძლებლობებს არ აკმაყოფილებდა. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის განსაკუთრებული ბარათები გამეკეთებინა, რომლებზეც სხვადასხვა ამოცანას, სპეციალურ მასალას დავიტანდი, რაც მის გონებრივ შესაძლებლობებზე იყო გათვლილი. ეს პედაგოგის მხრიდან დამატებით მუშაობასა და დიდ დატვირთვას მოითხოვდა, თუმცა ეს ძალიან სასიამოვნო იყო.

ნესტორ მელიქიძე: - სკოლიდან რომ მივდიოდი, სახლში ვისვენებდი და შემდეგ ისევ ლელა მასწავლებელთან ვბრუნდებოდი. ქართულსა და მათემატიკაში მამზადებდა. მთელი დღე სულ ერთად ვიყავით. ოჯახივით ვიყავით. მასთან ერთად დროის გატარება ძალიან მიყვარდა და მომწონდა. ახლაც ძალიან სასიამოვნოა...

ლელა გაჩეჩილაძე: - ნესტორის წარმატებებზე ემოციების გარეშე საუბარი არ შემიძლია იმიტომ, რომ ის იგივე ჩემი შვილია. მე მწამს, რომ ნესტორი თავის ღირსეულ სათქმელს ყოველთვის იტყვის და მისით ბევრჯერ ვიამაყებთ.

ნინო ჭუმბურიძე, ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი : - მეხუთე კლასში რომ შემოვედი, 34 მოსწავლე დამხვდა. უცებ უკან დავიხიე. ხელმარცხნივ, მეორე მერხიდან მესმის ხმა: "მე ვარ ნესტორი." პატარა, ხუჭუჭა ბიჭი იყო. რა თქმა უნდა, ნესტორს მივესალმე, შემდეგ ყველა ბავშვი გავიცანი და ამის შემდეგ სასიტყვეთში ჩვენი მოგზაურობა დაიწყო. ერთხელ მითხრა, ყველაზე მეტად ქართულის მეშინიაო. ვკითხე, ასე რატომ ფიქრობ-თქო და მიპასუხა, საზღვრები არ გააჩნიაო... მართლაც, ლიტერატურას საზღვრები არ გააჩნია. ნესტორის თვალსაწიერი და ხედვაც ფართოა. მე მას ვუსურვებ, რომ თავისი სახელი მსოფლიოს გააგონოს და ჩვენი სახელიც ფართო ასპარეზზე გაიტანოს. ნესტორს დიდი მადლობა, რომ მე მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მქვია.

ეთერ მუშკუდიანი, ნესტორის ბებია: - ორი საგანი ერთად დაიდო. როდესაც ნახა, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60, ინგლისურში კი 70 აიღო, ბებიისა და შვილიშვილის ყვირილი, ალბათ, მთელმა ზესტაფონმა გაიგო. მისით ძალიან ვამაყობ. 4 წლის სრულდებოდა, როდესაც მამა ძალიან მძიმედ გახდა ავად, ანევრიზმით. გავხდი იძულებული, რომ ბავშვი წამომეყვანა. თავადვე დამირეკა და მითხრა, ბებო შენთან უნდა წამოვიდე, სანამ მამა საავადმყოფოდან გამოვაო. წამოვიყვანე. არც ერთი დღე არ დაუწუწუნია. არც უტირია... მაგრამ, მამის სურათი საწოლთან დაიდო და მითხრა: "ბებო, ეს აქ იდოს, მინდა, მამის სახე არ დამავიწყდესო." რაც არ უნდა დამჭირვებოდა, სულ მეხმარებოდა. თუ დამინახავდა, რომ ხელში თოხი მეჭირა, მაშინვე გამომეკიდებოდა და მეტყოდა, ბებია, თავი დაანებეო. მაშინვე ჩამენაცვლებოდა ხოლმე. მაგრამ, პატარა იყო. ძალიან მეხმარებოდა... რამდენჯერ იატაკიც მოუწმენდია, გამოუხვეტავს კიდეც.