როდის გადაეცემათ სკოლების კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და გასცემს თუ არა განათლების სამინისტრო ფულად ჯილდოს - მშობლები

როდის გადაეცემათ სკოლების კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და გასცემს თუ არა განათლების სამინისტრო ფულად ჯილდოს

2025-09-08 11:10:18+04:00

ყოველწლიურად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს მოსწავლეების წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით კეთდება.

ოქროსა და ვერცხლის კუთვნილი მედლები ჯერჯერობით წინა წლის ბევრ კურსდამთავრებულსაც არ მიუღია და არც წლევანდელი კურსდამთავრებულები დაუჯილდოებიათ.

ამიტომ, თარიღებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მივმართეთ.

სამინისტროში განგვიცხადეს, რომ წინა წლის კურსდამთავრებულებისათვის გადასაცემი ოქროსა და ვერცხლის მედლები უკვე რესურსცენტრებს გადაეგზავნათ და ისინი სკოლებსა და მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან. ზოგიერთმა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მედალი უკვე მიიღო. წლევანდელ კურსდამთავრებულებთან დაკავშირებით კი სამინისტროში ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

გარდა ამისა, აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში ფულადი ჯილდოს შესახებაც ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს გასცემს. ფულადი ჯილდო ან სხვა სახის წახალისება შესაძლოა, ინდივიდუალურად კონკრეტული რაიონის გამგეობამ დააწესოს და ამის შესახებ კურსდამთავრებულებს ინფორმაციას თავად მიაწოდებენ.

თამარ იაკობაშვილი