სწავლის დაწყებისთანავე მშობლების მთავარიო საზრუნავია, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი და რამდენად კარგად ისწავლის ბავშვი. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი თავიდანვე წარმატებულად ჩაერთოს სასწავლო პროცესში? რომ პირველკლასელისთვის გაკვეთილები არ იყოს მოსაბეზრებელი და არ ჩამორჩეს საგაკვეთილო პროგრამას? - ამ კითხვაზე პასუხი ნეიროფსიქოლგმა, თამარ გაგოშიძემ ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში გასცა.
- მშობელი ამ ყველაფერს მარტო ვერ გაართმევს თავს. მან უნდა ითანამშრომლოს მასწავლებელთან. 90 პროცენტით მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერთვება ბავშვი საგაკვეთილო პროცესში, რამდენად ხალისიანი, რამდენად საინტერესო იქნება გაკვეთილი და როგორ მოახერხებს მასწავლებელი ბავშვების დაინტერესებას. ამასთანავე, მშობელი უნდა იყოს საქმის კურსში და არ უნდა სწყინდეს, თუ მასწავლებელი უკუკავშირს აძლევს ბავშვის ქცევაზე, ან სწავლაზე. მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად უნდა მოახერხონ მიჰყვნენ ბავშვს ფეხდაფეხ, რაც სამწუხაროდ, ძნელი მისაღწევია. არადა მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ კლასში იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად მოახერხოს ადაპტაცია სასკოლო გარემოსთან. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს. არც თავის და-ძმას, "შენი და-ძმა კარგად სწავლობდა და შენ რა გემართება", ასეთი შეფასებები ყოვლად დაუშვებელია. როცა ბავშვს უჭირს დასწავლა, ერთი ახსნით ბავშვი ვერ ახერხებს გაგებას, მშობელი მასზე არ უნდა გაღიზიანდეს. მშობელმა უნდა დაუშვას, რომ შეცდომები და დაბრკოლებები არის ლეგიტიმური და ბავშვს აქვს უფლება, რომ შეცდომები დაუშვას, მშობელმა კი ამ დროს მხარი უნდა დაუჭიროს.
- ხშირად, როგორც მშობელი, ასევე მასწავლებელიც აღნიშნავს, რომ თითქოს ერთნაირი უნარების მქონე ბავშვები არიან კლასში, მაგრამ ზოგიერთი ჩამორჩება თანატოლს... რატომ ხდება ეს?
- ეს ხომ ბავშვის შინაგან განწყობაზე და ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. ერთნაირები არავინ არ ვართ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პლუსები და მინუსები და ეს არ ნიშნავს, რომ ერთი უკეთესია და მეორე უარესი. საერთოდ არ ვარ მომხრე ნიჭზე და სიჭკვიანეზე აქცენტის გაკეთების, რაც ქართველებს ძალიან ხშირად გვჩვევია. არ ფასობს ნიჭი, არ ფასობს ჭკუა, ფასობს ძალისხმევა, რასაც ქართველები არ ვაფასებთ. მასწავლებელიც და მშობელიც უნდა აფასებდნენ ბავშვის ძალისხმევას. ყოჩაღ! ძალიან კარგია, ძალიან კარგად გაართვი თავი! - მსგავსი შეფასებები ბავშვის მოტივირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ჭკვიანი ხარ, გენიოსი ხარ და შენ ყველაზე მაგარი ხარ, არ უნდა ვუთხრას ბავშვს არც მასწავლებელმა და არც მშობელმა. სამაგიეროდუნდა წავახალისოთ აუცილებლად. მე მომწონს, შენ როგორ კარგად აკეთებ დავალებას, მე მომწონს, რამდენი დრო დახარჯე დავალების შესასრულებლად და როგორ იბრძოლე იმისთვის, რომ ეს გაგეკეთებინა.