როგორ უნდა იპოვოთ ბავშვის "უმიზეზო" ჭირვეულობის ნამდვილი მიზეზი - ეს მიდგომა ბავშვის და მშობლის ნერვულ სისტემას დაზოგავს - მშობლები

როგორ უნდა იპოვოთ ბავშვის "უმიზეზო" ჭირვეულობის ნამდვილი მიზეზი - ეს მიდგომა ბავშვის და მშობლის ნერვულ სისტემას დაზოგავს

2025-09-10 10:00:46+04:00

ბავშვის ჭირვეულობას მოთმინებიდან ხშირად გამოვყავართ. თუმცა თუ კარგად გააცნობიერებთ, რა უდევს საფუძვლად მათ ქცევას, ამ მძიმე წუთების უფრო მშვიდად გადატანასაც მოახერხებთ. მაინც რომელია ბავშვთა ჭირვეულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები?

ჭირვეულობა ყურადღების მისაქცევად სჭირდება

18 თვის ასაკიდან ბავშვი ძირითადად ასე ცდილობს უფროსების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. ამ ასაკში საკუთარი პრობლემებისა და გრძნობების გამოხატვის სხვა ხერხს ვერ პოულობს. ასე რომ, ტირილით, ღნავილითა და "უმიზეზო" ჭინჭყლობით აგრძნობინებს პატრონს, რომ რაღაც "სჭირს" - მოშივდა, ძილი დააკლდა, ან სულაც ხასიათზე ვერ არის. რაც მალე დაადგენთ მიზეზს, მით სწრაფად შეწყდება ეს წუწუნი.

დისკომფორტი

გადაიღალა, ახალმა შთაბეჭდილებებმა ზედმეტად აღაგზნო და უხასიათობა გამოიწვია. შეიძლება სულაც ავად ხდება. ამ "კაპრიზებს", როგორც წესი, ეპიზოდური ხასიათი აქვთ და თუ ყურადღებას გამოიჩენთ, მალევე გაუვლის.

ჭირვეულობა - მიზნის მისაღწევი საშუალება

ეს ბავშვთა ჭირვეულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. "ეს არ მინდა, ის მინდა, ეს მიყიდე" - უკვე გამიზნული ქცევის ნაწილია, რომლის შედეგადაც იცის, რომ რაღაცას მიაღწევს.

ბავშვი-მანიპულატორები მშობელთა არასწორი ქცევის პირდაპირი შედეგები არიან. უფროსები სხვადასხვა მიზეზის გამო თავად უბიძგებენ პატარას ასეთი საქციელისკენ. ურჩევნიათ ბავშვის ახირება შეასრულონ, ვიდრე მეტი დრო გამოყონ და ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინონ. საბოლოოდ კი ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ხასიათსა და გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულებაზე.

ბავშვი ეჩვევა რომ ტირილითა და ფეხების ბაკუნით სურვილის ასრულება შესაძლებელია. ეს ჩვევა (რომელიც ასაკის მიხედვით დაიხვეწება) შეიძლება მოზრდილობაშიც გაჰყვეს. აი მაშინ კი მოთხოვნების დაკმაყოფილება უფრო და უფრო გაგიჭირდებათ.

ასე რომ არ მოხდეს, ჭირვეულობა უნდა შეაწყვეტინოთ. თუმცა არა ყვირილით, სასჯელითა და მუქარით. მოთმინებით აღიჭურვეთ და იგნორირება გაუწიეთ მის მორიგ ახირებას. სხვა ოთახში გადით და ცოტა ხნით მარტო დატოვეთ. მისი მცდელობა ხომ "მაყურებელზეა" გათვლილი - თუ ვერავინ ხედავს მის ისტერიკას, მისი მოწყობის სურვილიც იკლებს.

მეორე გამოსავალიც არის - მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანოთ. რაც მთავარია, "კაპრიზის" აღკვეთისადმი ასეთი მკაცრი დამოკიდებულება ოჯახის ყველა წევრმა ერთად უნდა გამოიჩინოს. შედეგი ვერ გექნებათ, თუ დედის "იგნორირების პოლიტიკას" ბებია და ბაბუა ძველებურად "ასრულების პოლიტიკით" ჩაანაცვლებენ.

ჭირვეულობა - ნევროზის ნიშანია

ზოგჯერ ბავშვის უმიზეზო უხასიათობა და "ჭინჭყლობა" ნერვული სისტემის მოშლილობის ბრალია. ამიტომ ბავშვი დაძაბულობის, შიშის და შფოთვის გამო საკუთარ თავსა და ემოციებს ვერ აკონტროლებს.

ამ პრობლემის მქონე ბავშვები სწრაფად აღგზნებადები არიან, ჰიპერაქტიურები, აქვთ ძილის დარღვევა, უარს ამბობენ ჭამაზე, ზოგჯერ თავს იტკივებენ.

თუ შვილს მსგავს სიმპტომებს ამჩნევთ, აუცილებლად მიიყვანეთ ექიმთან. ბავშვის ფსიქიკა ძალიან "მოქნილია" და მკურნალობის თანამედროვე საშუალებებით კორექციას ადვილად ექვემდებარება.

არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ჭირვეულობის წუთები არ ჰქონია. ეს სრულიად ბუნებრივია. ამის მიუხედავად, მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ საყურადღებო სიმპტომი არ გამოეპაროს.