43 წლის მომღერლის, ბრიტნი სპირსის, ფსიქიკური მდგომარეობის გამო გულშემატკივრები კვლავ შეშფოთებულები არიან. მომღერალმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
გულშემატკივრების ყურადღება არა ბრიტნის ცეკვამ, არამედ სახლში არსებულმა ანტისანიტარიამ გამოიწვია. ბევრმა იატაკზე ჭუჭყიანი ნივთები, მოუწესრიგებელი გარემო და ძაღლის ექსკრემენტები შენიშნა.
ეს ყველაფერი ბრიტნის ფსიქიკური მდგომარეობის განხილვის მიზეზი გახდა. Daily Mail-ის ვებსაიტზე ბევრი კომენტარი დაიწერა. სპირსის გულშემატკივრები წერდნენ:
"ღმერთო ჩემო, ის ნამდვილად ცუდად არის. ბრიტნი, შეწყვიტე ამ საშინელი ვიდეოების გადაღება. მას დახმარება სჭირდება", "მას სასწრაფოდ სჭირდება მეურვეობა ან მედიკამენტები ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის სრულიად გონებადაკარგულია", "მას მეურვე სჭირდება, მაგრამ არა ოჯახის წევრი, არამედ მესამე პირი", "ბრიტნის უბრალოდ სჭირდება ვინმე, ვინც ნამდვილად შეიყვარებს და იზრუნებს მასზე. მას ცხოვრების გავლა მარტო არ შეუძლია. ძალიან მოწყვლადია." - წერდნენ გულშემატკივრები.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გულშემატკივრები ბრიტნი სპირსის მდგომარეობით განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან. ხშირად მომღერალი კამერის წინ ნახევრად შიშველი პოზირებს, ცეკვავს, უცნაურად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ სპირსის არასტაბილური ემოციური მდგომარეობის გამო, მისმა ვაჟებმა დედასთან ურთიერთობაზე უარი თქვეს. ბოლო დროს, მომღერალი ცდილობს, შვილებთან ურთიერთობა აღადგინოს და რამდენჯერმე მათთან ერთად გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა. ბრიტნიმ ყოფილ ქმართან და შვილების მამასთან, კევინ ფედერლაინთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა ვეღარ მოახერხა. როგორც ცნობილია, მამაკაცი მალე მემუარების გამოშვებას გეგმავს, სადაც ბრიტნისთან ქორწინების შესახებ არაერთ უცნობ დეტალს გაასაჯაროებს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალს არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობის გამო, 2008 წელს მეურვედ მამა დაუნიშნეს. როგორც ცნობილია, ბრიტნის მამა მის ცხოვრებას სრულად აკონტროლებდა და ბრიტნის დამოუკიდებლად არაფრის გაკეთების უფლებას აღარ აძლევდა.
მომღერლის გულშემატკივრები ბრიტნის მეურვეობისაგან გათავისუფლებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ. 2021 წელს ის მეურვეობისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ამის შემდეგ, ბრიტნიმ ოჯახის წევრები ბულინგში, ფინანსების მითვისებასა და არასათანადო მოპყრობაში საჯაროდ დაადანაშაულა.