"როდესაც ბავშვს მეტყველების პრობლემას ვამჩნევთ, შესაძლოა, ლოგო-დეფექტოლოგი სჭირდებოდეს... ბევრი მშობელი მწერდა, რომ მათი შვილებისთვის სტიმული ვიყავი..." - ჟურნალისტის საინტერესო გზა წარმატებისკენ და გამოცდილება, რომელსაც სხვებსაც უზიარებს - მშობლები

"როდესაც ბავშვს მეტყველების პრობლემას ვამჩნევთ, შესაძლოა, ლოგო-დეფექტოლოგი სჭირდებოდეს... ბევრი მშობელი მწერდა, რომ მათი შვილებისთვის სტიმული ვიყავი..." - ჟურნალისტის საინტერესო გზა წარმატებისკენ და გამოცდილება, რომელსაც სხვებსაც უზიარებს

2025-09-10 12:10:34+04:00

ჟურნალისტ ზაკ მირიანაშვილს დღეს ბევრი იცნობს. მის მიერ მომზადებული ემოციური სიუჟეტები მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს. ხშირად ისტორიები, რომლებიც სევდას, მონატრებას, ნოსტალგიას, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას აერთიანებს, ბევრი ადამიანისათვის ახლობელია და ამიტომ, სიუჟეტებს სოციალურ ქსელებში ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. ზაკი პროფესიით კინომცოდნეა. მას არაერთი საინტერესო გამოცდილება აქვს, თუმცა საკმაოდ დიდი გამოწვევაც ჰქონდა ცხოვრებაში - მეტყველების ხარვეზის სახით, რომელიც გადალახა და ამის შესახებაც სოციალურ ქსელში გულწრფელად ისაუბრა. დღეს ზაკი ჩვენს მკითხველსაც უამბობს, როგორ მიაღწია წარმატებებს ბევრი დაბრკოლების მიუხედავად და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს მშობლებს, რომლებიც შვილების მეტყველების პრობლემებზე ღელავენ:

- ჩემი რუბრიკა - "მოკლე ინტერვიუ პირად საკითხებზე" განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. უკვე 3 წელზე მეტია, მაყურებელს არაერთ საინტერესო ადამიანსა და ისტორიას ვაცნობთ. რუბრიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც სრულიად უცნობ ხალხს ქუჩაში ვხვდები და ვუსვამ შეკითხვებს იმ ყველაფრის შესახებ, რაც თავად მაინტერესებს. სწორედ გულწრფელმა საუბარმა განაპირობა ის, რომ რუბრიკა პირველივე ეპიზოდიდან ძალიან მოთხოვნადი გახდა. წლების განმავლობაში, ამ ფორმატის სიუჟეტებს სხვადასხვა თემაზე ვამზადებდი. პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ. როდესაც თავდაპირველად რუბრიკის იდეა გავაჟღერე, ნაცნობებმა მითხრეს, რომ გამიჭირდებოდა. ქუჩაში ადამიანების გაჩერება და მათთვის ისეთი შეკითხვების დასმა, რაც პირად, მგრძნობიარე თემებს ეხება, რთულია. ასევე, არ არის მარტივი მათთან ისეთი კომუნიკაციის ჩამოყალიბება, რომ კონკრეტულ თემაზე სიღრმისეულად საუბარი ისურვონ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ქუჩაში მიკროფონიან ჟურნალისტს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ის შეკითხვებს პოლიტიკაზე, საქართველოს ისტორიაზე, მათემატიკასა და ზოგად თემებზე დასვამს და კამერას თავს მაქსიმალურად არიდებენ. მაგრამ, როდესაც ჩემს პროდიუსერებს იდეის შესახებ ვუთხარი, მომცეს შანსი, გვეცადა. ვცადეთ, პირველი სიუჟეტი გადავიღეთ და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

- ვიდრე სიუჟეტების მომზადებას დაიწყებდით, რას საქმიანობდით?

- კინორუბრიკა მქონდა. ქართული ფილმების შექმნის უცნობ ამბებს ვაცოცხლებდით. მთავარ გმირებთან ერთად მივდიოდით იმ ადგილებში, სადაც სხვადასხვა ფილმი გადაიღეს, მაყურებელს გადაღების უცნობ დეტალებს ვუზიარებდით. პროფესიით კინომცოდნე ვარ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კინომცოდნეობის მიმართულებით ვსწავლობდი. ასევე, სხვადასხვა გამოცემისთვის კინოს შესახებ ვწერდი. ტელევიზიაში სტაჟირების პროგრამით მოვხვდი. ციფრული მიმართულების დეპარტამენტში ვიყავი და კადრს მიღმა ვმუშაობდი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე კადრში მოვხვდებოდი. შემდეგ, როგორც აღვნიშნე, ქართული კინოს შესახებ რუბრიკის გაკეთება დავიწყეთ, ამას "მოკლე ინტერვიუ პირად საკითხებზე" მოჰყვა და ახლა სხვადასხვა თემაზე ვამზადებ სიუჟეტებს.

zak-mirianashvili-7-1757493247.jpg

- ამ პერიოდის განმავლობაში, რა სირთულეები შეგხვდათ, რაზე დაგჭირდათ ყველაზე მეტი მუშაობა?

- როგორც გითხარით, პროფესიით კინომცოდნე ვარ. ეს მიმართულება განსაკუთრებით მიყვარს და დღეს ჩემი ცხოვრება ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. თუმცა, თავდაპირველად ჟურნალისტის პროფესია იმიტომ არ ავირჩიე, რომ ვფიქრობდი, ჟურნალისტს აუცილებლად გამართული მეტყველება უნდა ჰქონდეს-თქო. მეტყველების ხარვეზი დაბადებიდან მქონდა. ე.წ. სისინა და შიშინა ბგერებს სწორად ვერ გამოვთქვამდი. ამიტომ, მიმაჩნდა, რომ მეტყველების პრობლემის გამო, ამას ვერ შევძლებდი. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მეტყველების ხარვეზზე სულ მცირე ასაკიდან ვმუშაობდი. მახსოვს, მშობლებს ლოგოპედებთან, მეტყველების მასწავლებლებთან დავყავდი. სხვადასხვაგვარი სავარჯიშოს დახმარებით, პრობლემის გამოსწორებას ვცდილობდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეფექტური არ აღმოჩნდა.

როდესაც სტუდენტი ვიყავი, მეტყველების ხარვეზის გამოსწორებას მაშინაც ვცდილობდი. სხვადასხვა პედაგოგთან დავდიოდი და შედეგი არც იმ შემთხვევაში იყო.

აქვე აღვნიშნავ, რომ პროფესიული განვითარების კუთხით, იმის გამო, რომ მეტყველების ხარვეზი მქონდა, დაბრკოლება არასდროს მიგრძნია. თუმცა, თავს თავად ვგრძნობდი არაკომფორტულად. როდესაც სიუჟეტის დროს საუბარი აუცილებელი იყო, ვცდილობდი, არ მესაუბრა. ჩემი უახლოესი მეგობარი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი, სანდრო კახეთელიძე, მეხმარებოდა და სიუჟეტებს ახმოვანებდა. სანდრო ყოველთვის მზად იყო, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამხმარებოდა. მაგრამ, როდესაც იყო შანსი, რომ რესპონდენტისთვის შეკითხვა დამესვა და სიუჟეტში ჟურნალისტის ნაწილი ყოფილიყო, ჩემი პროდიუსერი, ხელმძღვანელი - ყველა მეუბნებოდა, რომ ეს თავად გამეკეთებინა. მოტივაციას მაძლევდნენ, რომ მეაქტიურა და სიუჟეტში ჩემი ხმაც ყოფილიყო. უბრალოდ, როგორც გითხარით, ამის გამო თავად ვგრძნობდი თავს არაკომფორტულად. თინეიჯერობის პერიოდში ჩამოყალიბებული კომპლექსი მაწუხებდა და ვფიქრობდი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ეკრანზე ჩანან, აუცილებლად გამართული მეტყველება უნდა ჰქონდეთ.

იმის მიუხედავად, რომ მეტყველების ხარვეზის გამოსწორება შევძელი, ყოველთვის ვიტყვი - გარეთ 21-ე საუკუნეა და ნამდვილად არ არსებობს რაიმე ისეთი მახასიათებელი, თუნდაც მეტყველებაში, რის გამოც შეიძლება, ერთმა ადამიანმა მეორეს უთხრას, რომ საკმარისი არ არის.

მაგრამ, თუ ადამიანი მსგავსი ხარვეზის გამო, საკუთარ შინაგან სამყაროს ვერ ამთლიანებს, რა თქმა უნდა, გამოსწორების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.

- საბოლოოდ როგორ შეძელით მეტყველების ხარვეზის გამოსწორება?

- როგორც გითხარით, მეტყველების ხარვეზის გამო, შეზღუდვა არასდროს მქონია. პირიქით, ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებასა და საქმიანობაში იყვნენ, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ასეთი მეტყველებით მე არანაირ პრობლემას არ ვქმნიდი. პირიქით, მხარდაჭერასა და მოტივაციის გაზრდას ცდილობდნენ. მათ შორის, ლიკუნა ნოზაძე უნდა გამოვყო, რომელიც ჩემი ხელმძღვანელია. ის სულ მეუბნებოდა, რომ, როგორც ჟურნალისტი, აქტიური ვყოფილიყავი. მაგრამ, პარალელურად, სულ ვცდილობდი, კარგი მეტყველების პედაგოგის შესახებ ინფორმაცია მომეძიებინა. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, არანაირი შედეგი არ იყო.

სრულიად მოულოდნელად, ფეისბუკზე ერთმა ქალბატონმა დამამატა, მას ჩემ მიერ მომზადებული სიუჟეტი ჰქონდა გაზიარებული და წერდა: "ეს ჟურნალისტი ვინმემ მაპოვნინეთ." არ აკონკრეტებდა, რატომ სურდა ჩემთან საუბარი. როდესაც სოციალურ ქსელში ერთმანეთი დავამატეთ, ქალბატონმა ქეთევან კანდელაკმა მომწერა. მითხრა კომპლიმენტი, რომ ჩემი სიუჟეტები ძალიან მოსწონს. ასევე, მითხრა, რომ პროფესიით ლოგო-დეფექტოლოგია და თუ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მეტყველების ხარვეზი გამოგვესწორებინა, სიამოვნებით დამეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. პირველ კონსულტაციაზე რომ მივედი, მას ჩემი პრობლემა ზუსტად ჰქონდა გაანალიზებული, კონკრეტული ბგერები, რომელთა წარმოთქმაც მიჭირდა, დეტალურად ამოწერა. კვირაში 3 დღის განმავლობაში მის გაკვეთილებს ვესწრებოდი. სპეციალური, სხვადასხვა ტიპის ვარჯიშის დახმარებით, მეტყველების ხარვეზის გამოსწორება საბოლოოდ შევძელი. 3 თვის განმავლობაში, არც ერთი შეხვედრა არ გამიცდენია. ძალიან ბევრი ვიშრომე. ყველგან, მათ შორის მეტროში, ვცდილობდი, ის სავარჯიშოები გამემეორებინა, რასაც სპეციალისტთან გავდიოდი და ვფიქრობ, კარგი შედეგი მივიღეთ. აი, ასე მოხდა - ეს ქალბატონი, თითქოს, ბედისწერის ძალით დამიკავშირდა...

- ამ გამოცდილებით, რა შეგიძლიათ, ურჩიოთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც მეტყველების პრობლემა აქვთ?

- როდესაც ბავშვებს მეტყველების პრობლემას ვამჩნევთ, შესაძლოა, მეტყველების პედაგოგთან, ლოგოპედთან მივიყვანოთ. მაგრამ, რეალურად, პირის აპარატის დეფექტის გამო, მას ლოგო-დეფექტოლოგი სჭირდებოდეს. ამიტომ, სპეციალისტის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 25-წლიანი ძებნის ფონზე, ალბათ, ყველა სპეციალისტთან ვიყავი, დეფექტოლოგის გარდა...

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც მეტყველების პედაგოგთან, ლოგოპედთან მუშაობით შედეგი არ აქვთ, ვეტყოდი, რომ აუცილებლად ლოგო-დეფექტოლოგი მოიძიონ, რომელიც კონკრეტული პრობლემისათვის გათვალისწინებული სპეციალური ვარჯიშებით შესანიშნავ შედეგს მიაღწევს.

თავად მე-11 გაკვეთილზე, იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, შედეგს უკვე ვხედავდი. ეს, რა თქმა უნდა, სპეციალისტთან ერთობლივი მუშაობის შედეგია.

- სოციალურ ქსელებში მეტყველებასთან დაკავშირებით ნეგატიურ კომენტარები ხომ არ იყო?

- დიახ, ნეგატიური კომენტარები ყოფილა, რაც, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემზე ნამდვილად მოქმედებდა. მაგალითად, ასეთი კომენტარი წამიკითხავს: "რა კარგი თემაა, რა კარგ ადამიანზე ჰყვებოდა, მაგრამ ისეთი საშინელი მეტყველება აქვს ამ ჟურნალისტს, რომ ვერ ვუსმინე... ასეთ კარგ თემებს მსგავს ჟურნალისტებს რატომ აძლევთ?!" იმ ადამიანმა არ იცოდა, რომ ის თემა ჩემი მომზადებული იყო. თუმცა, ნეგატიური კომენტარების ავტორების მესმის. ისინი გამართული მეტყველების მქონე ჟურნალისტის ნახვასა და მოსმენას არიან მიჩვეულები და რეალურად, ეს ჩამოყალიბებული სტანდარტია. შესაბამისად, როდესაც ადამიანს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებით ესაუბრები, ამბავს უყვები და მას ეს არ მოსწონს, ნამდვილად უნდა მიიღო. მე მათი პოზიციის მესმის.

შემდგომში, როდესაც დეფექტოლოგის დახმარებით პრობლემა მოვაგვარე და პირდაპირ ეთერში გამოსწორებული მეტყველებით წარვდექი, ცვლილება ბევრმა მაყურებელმა დაინახა და აღნიშნა.

გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში, არაერთი მშობლის წერილი მიმიღია. მწერდნენ, რომ მათ შვილებსაც მეტყველების პრობლემები აქვთ, ჩემს სიუჟეტებს აჩვენებდნენ, რომ მეც მსგავსი ხარვეზი მქონდა და ცდილობენ, კომპლექსების დაძლევაში დახმარებოდნენ. ძალიან მიხარია, თუ ვინმესთვის სტიმული აღმოვჩნდი.

იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი პრობლემა არ გვარდება, მინდა ვუთხრა, ფარ-ხმალი არასდროს დაყარონ. ჩემი პრობლემაც თანდაყოლილი იყო და მოგვარდა. სწორი მუშაობით გამოსწორება და მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია. რომც არ გამოსწორდეს მათი მეტყველების პრობლემა, უიმედობის განცდა სამყაროში არაფერმა უნდა მისცეს. თავდაჯერებულები იყავით...

zak-mirianashvili-4-1757492713.jpg

- კინოს შესახებაც რომ ვისაუბროთ. რა ადგილი აქვს კინოს თქვენს საქმიანობაში? როგორც ვიცით, ბოლო ფილმზე ლანა ღოღობერიძის ასისტენტი იყავით...

- როგორც კინომცოდნეს კინოჩვებები მაქვს და ქართული კინოს მეტად პოპულარიზაციას ვცდილობ. ხშირად ვსაუბრობ იმ ფილმებზე, რომლებმაც მკაცრ ცენზურას გაუძლეს. ჩვენი მშობლების თაობას ნაკლებად უყვებოდნენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც საბჭოთა მმართველობის პირობებში, ცენზურა ქმნიდა. როდესაც დღეს, მაგალითად, გიორგი შენგელაიას "ფიროსმანს" ვუყურებთ ან როცა ვუყურებთ ფილმებს: "როცა აყვავდა ნუში", "გიორგობისთვე", შესაძლოა, ვერ წარმოგვიდგენია, თითოეულმა მათგანმა რამხელა სირთულეები გადაიტანა და როგორ მივიდა მაყურებლამდე. ხშირად, კინოჩვენებამდე სხვადასხვა ასაკის მაყურებელს საინტერესო ისტორიებს ვუყვები, ისინი ყოველთვის დაინტერესებულები არიან, რაც ძალიან მახარებს.

ძალიან დიდი ბედნიერება იყო, რომ ქალბატონი ლანა ღოღობერიძის ბოლო დოკუმენტურ ფილმზე - "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ვიმუშავე. ქალბატონი ლანა ღოღობერიძის ასისტენტი ვიყავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. ფილმი, ძირითადად, საარქივო მასალებითაა შექმნილი. ყველაზე საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ როგორ ამონტაჟებს ფილმს 95 წლის რეჟისორი, როგორ ფიქრობს, როგორ წერს სცენარს, როგორ გეკითხება აზრს... ფილმი ქალბატონი ლანას დედის, ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძის შესახებაა. ის პირველი ქალი რეჟისორი გახლდათ, რომელმაც საქართველოში ფილმი გადაიღო. სწორედ მისი ბიოგრაფიის უცნობი ამბები გავაცოცხლეთ. ბედნიერებაა, რომ თითქმის, ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ფილმზე ვმუშაობდით, ყოველდღიური კავშირი გვქონდა. ძალიან მიხარია, რომ ფილმი "ბერლინალეს" ფორუმზე აჩვენეს. ბრწყინვალე გამოხმაურება ჰქონდა. ფაქტობრივად, არ დარჩენილა ევროპული გამოცემა, რომელმაც ეს ფილმი არ აღნიშნა. მას "ჰუმანიზმის ოდა" უწოდეს. ბედნიერი ვარ, რომ ვნახე, როგორ იქმნებოდა ფილმი. ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებად დამრჩება...

ჩემი პროფესია კინოკრიტიკასაც მოიცავს. ამ გამოცდილების შემდეგ ჩემს თავს ვატყობ, რომ რეჟისორების მიმართ უფრო ლმობიერი გავხდი. ვხედავდი, თითოულ კადრს რამხელა შრომა სჭირდება და შთაბეჭდილება კიდევ მეტად შემეცვალა. ვფიქრობ, კინომცოდნეებმა გადასაღებ მოედანზე, ერთ ფილმზე რომ მაინც იმუშაონ, მათ დამოკიდებულებაში ეს ბევრ რამეს შეცვლის.

zak-mirianashvili-9-1757493457.jpg

- კინო ბავშვობიდან გიყვარდათ?

- ბავშობიდან კინო განსაკუთრებით მიყვარდა, ის ერთგვარი თავშესაფარი იყო. 14 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ პროგრამაში ვმონაწილეობდი, სადაც მოზარდებს პროექტის წერას, მიზნების ჩამოყალიბებას და სტრუქტურის აწყობას გვასწავლიდნენ. შემდეგ გვთხოვეს, თუ გაგიჩნდებათ რაიმე იდეა, ამის შესახებ დაწერეთ პროექტიო. ასე შევიმუშავე მეგობრებთან ერთად პროექტი "ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული", რომელმაც დაფინანსება მოიპოვა. გურჯაანში სადაც ნატო ვაჩნაძის მუზეუმი ახლადრეაბილიტირებული იყო, კვირეული გაიმართა. პროექტის მიზანი პირველ ქართველ კინოვარსკვლავზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო, რაც ნამდვილად გამოგვივიდა. დასკვნით ღონისძიებას ელდარ შენგელაია, კირა ანდრონიკაშვილი, იმედო კახიანი და სხვა კინემატოგრაფისტები დაესწრნენ. ბატონი ელდარი განსაკუთრებით ბედნიერი იყო, როცა გაიგო, რომ ამ პროექტის ავტორები 14-15 წლის გურჯაანელი ახალგაზრდები ვიყავით. ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, ასე მგონია დედა ცოცხალიაო – თქვა. გავიდა რამდენიმე თვე, მე სკოლას დავუბრუნდი და, თითქოს, მიმავიწყდა ეს თავგადასავალი. სულ ცოტა ხანში მუნიციპალიტეტიდან მიკავშირდებიან, უნივერსტეტში ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილე ეწყობა, თავად რეჟისორმა გურჯაანიდან რამდენიმე ადამიანი მიიპატიჟა, მოსაწვევი შენს სახელზეც ჩამოვიდაო. არ მჯეროდა, რომ ქართული კინოს კლასიკოსმა არ დაივიწყა ჩემი სახელი და მის იუბილეზე აღმოვჩნდი. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, მას შემდეგ სულ სხვანაირად შევხედე ამ სფეროს და კინოზე ფიქრი აღარასდროს შემიწყვეტავს.

თამარ იაკობაშვილი