ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "იმედის დღე" მოწვეულ სპეციალისტთან ერთად, საუზმის მნიშვნელობაზე საუბრობს და მშობლებს საინტერესო ინფორმაციას უზიარებს:
- მრავალრიცხოვანი კვლევა არსებობს, რომ იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია. უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან და აკადემიური მოსწრებითაც ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც დილით საუზმობენ. საუზმე, თითქოს, მარტივი რამ არის. მაგრამ, 15 წუთით ადრე ადგომაც კი მშობელს დისკომფორტს უქმნის. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენც ვცოდავთ და ვამბობთ: "არა უშავს, იყოს, სკოლაში მიირთმევს..."
ამავე გადაცემაში პედიატრი თეა აბჟანდაძე საუზმისთვის იდეალური კომპონენტების შესახებ საუბრობს:
- როდესაც საუზმეში კვერცხია, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცილის წყაროა.
ავოკადო -ჯანსაღი ცხიმის წყაროა.
რუხი პური - ის ნელი ნახშირწყლების წყაროა და დღის განმავლობაში, სისხლში შაქრის რეგულარული დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
ხილი, ბოსტნეული - მათში ვიტამინებია, ასევე ბოჭკო, რომელიც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის გვჭირდება.
წყალი - ჰიდრატაციისთვის აუცილებელია.
საუზმე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებითაა აწყობილი, ბავშვისთვის გემრიელია, მაგრამ რაკი ასეთი პროდუქტები შაქრის მაღალი შემცველობითაა გამორჩეული, სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას და შემდეგ, ასევე სწრაფ კლებას გამოიწვევს. შეიძლება, ბავშვი თავიდან თავს ენერგიულად გრძნობდეს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დაღლილი იქნება და შიმშილის შეგრძნება მეტად გაუჩნდება.