76 წლის ალა პუგაჩოვამ ლატვიაში ყოფნისას 3,5-საათნახევრიანი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტს და გულახდილად ილაპარაკა საკუთარ ჯანმრთელობაზე, ოჯახზე, ქმრებზე, სიყვარულზე და რუსეთიდან წასვლაზე...
ალას თქმით, ახლა ყველაზე ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს.
- მეათე ახალგაზრდობა მაქვს, ბედნიერი ვარ. მაქვს მიზანი, ამათ გამო ვცხოვრობ - ჩემი ოჯახის გამო.
მომღერლის თქმით, მისი ხუთი ქორწინებიდან, მხოლოდ პირველი და ბოლო იყო სიყვარულით. პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე.
დანარჩენი ქორწინებები გარიგებები იყო. მაგალითად, ფილიპ კირკოროვს დედის თხოვნით გაჰყვა ცოლად.
— დედაჩემი, სანამ ცოცხალი იყო, სულ ჩამძახოდა: „დაეხმარეთ ფილიპჩიკს“. მის ბებიასთან მეგობრობდა. ფილიპის დედა ვიქტორია, მშვენიერი ქალი, კვდებოდა, როცა მასთან მივედი. ძალიან ცუდად იყო და მითხრა: „გთხოვთ, არ მიატოვოთ, დაეხმარეთ ფილიპს, იყავით მასთან“, - იხსენებს პუგაჩოვა. — და მე ყველაფერი მივეცი. "პუგაჩოვასთან რომანი" უკვე ყველაფერს ნიშნავდა და მან ეს ყველაფერი მიიღო. ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, პრიმიტიულია, მაგრამ იმ დროს ძალიან კარგად მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში, ახლაც მუშაობს.
რეჟისორ ალექსანდრე სტეფანოვიჩზე მომღერალი რეგისტრაციის მიზნით დაქორწინდა. ევგენი ბოლდინთან კი, პრიმადონას თქმით, კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ სიყვარულის გარეშე.
მაქსიმთან ქორწინებას ის ყველაზე დიდ გამართლებას და სიყვარულს უწოდებს:
- მას საოცარი ნიჭი აქვს - შემიყვაროს, შეიყვაროს თავისი ოჯახი და იზრუნოს ჩემზე. შემიყვარდა და მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მჭირდებოდა. ჩვენ აბსოლუტური ჰარმონია გვაქვს...ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის. ეს არის მეგობრობა, გაგება, მხარდაჭერა, - ხაზგასმით აღნიშნა პუგაჩოვამ.
როდესაც ჰკითხეს, აქვს თუ არა პირადი ცხოვრება 50 წლის შემდეგ, ალამ თავდაჯერებულად უპასუხა: „დიახ. და არსებობს გართობის სხვადასხვა გზა, რასაც ასაკი ხელს არ უშლის“.
ალას თქმით, დაქორწინების გადაწყვეტილება წყვილმა მოგვიანებით მიიღო, როცა გალკინს საზღვარგარეთ გასტროლებისას პრობლემას უქმნიდნენ, რომ დაუქორწინებელი ურთიერთობით ქვეყნის რეპუტაციას ლახავდა.
ალამ ისაუბრა ასევე რუსეთიდან წასვლაზე. მისი თქმით, გალკინის მკაფიო ანტისაომარი განცხადებების და მისი პოზიციის გამო, შევიწროებას გრძნობდნენ. პუგაჩოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი დაიბარეს და უსაყვედურეს.„როდესაც ბავშვები სკოლაში წავიდნენ, მათი დაჩაგვრაც დაიწყეს: თქვენ ჯაშუშების შვილები ხართ, თქვენი მამა უცხოელი აგენტია, მტრები ხართ... ჩემოდნები ჩავალაგეთ... თან 30 ათასი დოლარი გვქონდა, რომლის წამოღებაც შეგვეძლო და ისრაელში გავემგზავრეთ“, - თქვა პუგაჩოვამ. „მოღალატე ვარ?.. და სინამდვილეში რას ვუღალატე? ვთქვი, რომ შემეძლო სამშობლოს დატოვება, რომელიც ძალიან მიყვარს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ჩემი სამშობლო მიღალატებდა. მან მიღალატა“, - აღნიშნა პუგაჩოვამ და დასძინა, რომ ჯერ კიდევ ჰყავს „მილიონობით გულშემატკივარი“ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.