"დადასტურებული შემთხვევების 71% სწორედ კორონავირუსია...  ომიკრონი არ გამოირჩევა მიმდინარეობის სიმძიმით და მიმართვიანობაც არ გაზრდილა" - როდის ელოდებიან გრიპის ვირუსის გააქტიურებას - მშობლები

"დადასტურებული შემთხვევების 71% სწორედ კორონავირუსია...  ომიკრონი არ გამოირჩევა მიმდინარეობის სიმძიმით და მიმართვიანობაც არ გაზრდილა" - როდის ელოდებიან გრიპის ვირუსის გააქტიურებას

2025-09-11 14:15:42+04:00

სტატისტიკა ადასტურებს, რომ ივლისსა და აგვისტოში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ესაუბრება.

- როდესაც ვირუსული ინფექციის გავრცელების სტრუქტურას განვიხილავთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ და აქცენტს ვაკეთებთ სეზონურობაზე, რაც ნიშნავს ნოემბრით დაწყებული მარტის ბოლომდე რესპირაციულ-ვირუსული ინფექციების უფრო მაღალ აქტიურობას და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს გრიპის ვირუსი. სწორედ ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, ზოგ სეზონზე აპრილის ჩათვლითაც, ვირუსული ინფექცია გამოწვეული გრიპით ხასიათდება მაღალი აქტიურობით.

გრიპი ყოველთვის პირველი სამიზნეა, ვინაიდან დღეს მოცირკულირე რესპირაციულ ვირუსებს შორის მთელ მსოფლიოში გრიპი ყველაზე რთულად მიმდინარე, ლეტალობის, ჰოსპიტალიზაციის გამომწვევია და ა.შ. - ანუ თუ არ ჩავთვლით კორონავირუსის პანდემიას, პირველ 2 წელს, 2020 და 2021 წელი მაქვს მხედველობაში, გრიპის ვირუსი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე დაავადების გამოწვევი ვირუსია. თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ უფრო გააქტიურდა დაკვირვება კორონავირუსზე, მაგრამ 2022 წლის ბოლოდან ის ვარიანტი, რომელიც ცირკულირებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ომიკრონი, არ გამოირჩევა მიმდინარეობის სიმძიმით, გართულებებით, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი რისკით და ის გაციების მსგავს სიმპტომატიკას იწვევს. შედარებაც არ არის კორონავირუსის იმ ვარიანტთან, რომელიც ცირკულირებდა 2022 წლამდე. თუმცა მოსახლეობისთვის კორონავირუსი მაინც მეტად საყურადღებო ვირუსია და ის მონაცემები, რომლებიც დაფიქსირდა აგვისტოს ბოლოს, მიუთითებს, რომ ის სეზონურობა, რომელიც რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებს, კორონავირუსთან შედარებით ნაკლებად სტანდარტულად მოქმედებს.

-რას გულისხმობთ?

- როცა სტანდარტულ სეზონურობაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს მატება ზამთრის განმავლობაში, აი, გრიპის ვირუსი კი ყოველთვის მატულობს ზამთრის განმავლობაში. მისი სეზონურობა მკაფიოდ გამოიხატება შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის დაწყებამდე. კორონავირუსი არ ექვემდებარება სეზონურობას, ზამთარში ყოველთვის არ არის მატება, წლევანდელი წლის აგვისტო ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსის უფრო მეტი გავრცელებით იყო გამორჩეული.

ის მონაცემები, რომელთაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუთითებს, რომ აგვისტოს მეორე ნახევრიდან კორონავირუსი დომინანტია - ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 71% სწორედ კორონავირუსია. დანარჩენი მოდის ადამიანის მეტაპნევმოვირუსზე, რინოვირუსზე, პარაგრიპის ვირუსზე და სხვა... ამ ვირუსებს ერთი რამ ახასიათებს, ყველა მათგანი მსუბუქად მიმდინარეა. ბინაზე გადაიტანება ან შესაძლოა ამბულატორიული მეთვალყურეობის საფუძველი გახდეს, მაგრამ არა ჰოსპიტალიზაციის. ამიტომაა, რომ სტატისტიკურად კორონავირუსის მატების ფონზე, საავადმყოფოებში მიმართვიანობა უცვლელია.

-ხომ არ გაიზარდა კორონავირუსის გამო მიმართვიანობა პირველად ჯანდაცვაში?

- თუ გადახედავთ სტატისტიკას, ნათლად ჩანს, რომ მიმართვიანობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე იყო თუნდაც თებერვლის ან მარტის განმავლობაში და რჩება ზაფხულის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კორონავირუსი დომინანტი ვირუსია, მას არ გამოუწვევია მიმართვიანობის გაზრდა არც სტაციონარებში, არც საავადმყოფოებში. მართალია, კორონავირუსი მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ არის მძიმე და გართულებით მიმდინარე დაავადება, მაგრამ ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაინც სახიფათოა.

განაგრძეთ კითხვა