სწავლასთან ერთად, დამოუკიდებელი შემოსავლის ქონა საქართველოში არაერთი თინეიჯერის ყოველდღიურობად იქცა. თუმცა, კანონი არასრულწლოვანთა შრომით უფლებებს განსხვავებულად არეგულირებს. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, სად შეუძლია და სად არ შეუძლია არასრულწლოვანს დასაქმება. ამის შესახებ სიუჟეტი გადაცემამ - "იმედის დილა" მოამზადა.
იურისტი, გვანცა ხასია განმარტავს: - კანონმდებლობით განსაზღვრულია სამუშაო სფეროები, სადაც არასრულწლოვნის დასაქმება დაუშვებელია. პირველ რიგში, ეს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს ეხება და ნუსხა საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ამავდროულად, არასრულწლოვნის დასაქმება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ნარკოტიკული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან და, მათ შორის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებში არ შეიძლება. არასრულწლოვნის დასაქმება დაუშვებელია ღამის სამუშაოზე. ღამის სამუშაოდ 22 საათიდან 6 საათამდე პერიოდი ითვლება.
შრომის კანონმდებლობით არასრულწლოვანი შრომისუნარიანად 16 წლიდან ითვლება. თუმცა, მუშაობის დაწყება უფრო ადრეული ასაკიდანაც შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, მშობლის ან შესაბამისი ორგანოს თანხმობაა საჭირო, რომ ბავშვის უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს.
გვანცა ხასია: - არასრულწლოვანს 16 წლის ასაკიდან აქვს შესაძლებლობა, კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობის ან მზრუნველობის ორგანოს თანხმობის გარეშე დასაქმდეს. თუმცა, აქ კანონით გათვალისწინებული წინაპირობები უნდა გაითვალისწინონ.
აღსანიშნავია, რომ, თავის მხრივ, კანონი 14 წლამდე არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს და განსაზღვრავს იმ სამუშაო სფეროებს, რა შემთხვევაშიც შეიძლება, 14 წლამდე არასრულწლოვანი დასაქმდეს. ეს არის სპორტული, კულტურის, ხელოვნების ანდა სარეკლამო სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობები.
იურისტები განმარტავენ, რომ კანონმდებლობა ასევე მკაფიოდ განსაზღვრავს არასრულწლოვნების მუშაობის დროსა და ინტენსივობას:
ადვოკატი თათია მაისურაძე ამბობს: - 14-დან 16 წლამდე დასაქმებულის შემთხვევაში, შრომის კანონმდებლობა ადგენს, რომ კვირის განმავლობაში, მაქსიმუმ, შესაძლებელია, 24 საათის განმავლობაში იყოს დასაქმებული. ხოლო, დღის განმავლობაში დროის ინტერვალი 4 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
16-დან 18 წლამდე ასაკის დასაქმებულები, შესაძლებელია, კვირაში 36 საათის განმავლობაში დასაქმდნენ, რაც ყოველდღიური ინტერვალის ფარგლებში, 6 საათს შეადგენს. ასევე, გასათვალისწინებელია, როდესაც ამ დროის ინტერვალებზე ვსაუბრობთ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაშიც, შრომითი კანონმდებლობა გარკვეულ შეღავათებს, შემამსუბუქებელ პრიორიტეტებს ითვალისწინებს. არასრულწლოვნების შემთხვევაში, შესაძლოა, ზეგანაკვეთური სამუშაო მხოლოდ 2 საათით შესრულდეს. კვირის განმავლობაში, ზეგანაკვეთური სამუშაო ჯამში 4 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
შრომითი კანონმდებლობა არასრულწლოვნებისათვის შვებულებასა და სხვა საკითხებში დამატებით გარანტიებს აწესებს და სპეციალური დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს:
თათია მაისურაძე: - თუკი გამონაკლის შემთხვევაში, სრულწლოვანმა დასაქმებულმა, გარკვეული, განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება, შვებულება არ გამოიყენოს, არასრულწლოვანი დასაქმებულის შემთხვევაში დაუშვებელია, რომ შვებულება მომდევნო წლისთვის გადავიტანოთ. თუნდაც, მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება არსებობდეს. შრომითი კანონმდებლობა არასრულწლოვნის განვითარებისთვის, მისი ასაკობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, დასვენების აუცილებელ კომპონენტს ითვალისწინებს. არასრულწლოვნის ინტერესები ყოველთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა ცალკეული ინტერესი.
საქართველოს კანონმდებლობა არასრულწლოვანთა შრომას მკაფიოდ არეგულირებს და დამატებით გარანტიებსაც აწესებს. თუმცა, პრაქტიკაში მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელმაც და მშობელმაც ეს წესები სრულად გაითვალისწინონ, რათა ბავშვების სწავლა-განვითარება დასაქმებამ არ დააზარალოს.